logo_geo
Google-მა 10 წლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა: რა თვისებები უნდა ჰქონდეს საუკეთესო მენეჯერს?
- +

10 აგვისტო. 2018. 23:08

 

 

„ადამიანები არ ტოვებენ ცუდ კომპანიებს, ადამიანები ტოვებენ ცუდ მენეჯერებს!” – ეს ფრაზა ყველას გვსმენია. ბევრს, შეიძლება, გამოგვიცდია კიდეც. თუმცა, გავერკვიოთ, როგორ მენეჯერს აყენებენ წინა პლანზე თანამშრომლები და როგორი მენეჯერი აუმჯობესებს მათ პროდუქტიულობას?

 

10 წლის, წინ Google-მა ამ კითხვებზე საპასუხოდ, პროექტი დაიწყო, კოდური სახელით Project Oxygen, რაც, სახელიდან გამომდინარე სუფთა ჰაერს გულისხმობდა თანამშრომლებისთვისაც და თავად, საქმისთვისაც. პროექტის ფარგლებში, მენეჯერებს უნდა შეესწავლათ გამოემუშავებინათ ის უნარები, რაც ყველაზე წარმატებულ ხელმძღვანელებს აქვთ. გაუმჯობესების შესაფასებლად Google-მა სამი კრიტერიუმი გამოყო: თანამშრომელთა კმაყოფილება, პროდუქტიულობა და ნაკადი. ამასთან, კომპანიების ზრდასთან ერთად, მენეჯერებს სხვა თვისებების განვითარებაც სჭირდებოდათ. 10 წლის შემდეგ, Google-მა ეფექტური მენეჯერის 10 ნიშან-თვისება გამოყო, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი წილი ემოციურ ინტელექტს უკავია.

 

ეფექტური მენეჯერი კარგი ქოუჩია

კარგი ქოუჩი პრობლემებს გაკვეთილებად აღიქვამს და პრობლემების გადაჭრას გუნდთან ერთად ცდილობს. გზადაგზა, დროულად უზიარებს გუნდს სიტუაციას და ამგვარად ეხმარება მათ გამოცდილების მიღებაში.

 

ეხმარება გუნდს და არ არის მიკრომენეჯერი

არავის უყვარს მიკრომენეჯერი. ამისგან განსხვავებით, კარგი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აძლევს თავისუფლებას, გარისკონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, განავითარონ იდეები და მუშაობის საკუთარი სტილი. საერთო ჯამში, დიდებული მენეჯერები ყურადღებას აქცევენ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაო იარაღები საქმის საუკეთესოდ შესასრულებლად.

 

ზრუნავს გუნდურ გარემოზე და თავად არის მაგალითი

საუკეთესო მენეჯერის პრიორიტეტია, გააძლიეროს ნდობა საკუთარ გუნდში, აგრძნობინოს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, წაახალისოს რისკის გაწევა. თანამშრომლებს არ უნდა ეშინოდეთ გარისკვის, რომ მათ დასჯიან ან დასცინებენ დაშვებული შეცდომის ან შემოთავაზებული ახალი იდეის გამო!

 

ეფექტური მენეჯერი პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებულია

საუკეთესო მენეჯერები ზრუნავენ, რომ თანამშრომლებმა თავი იგრძნონ კარგად. იყენებენ ემოციურ ინტელექტს მათი მოტივირებისა და პოტენციალის რეალიზებისთვის.

 

კარგი კომუნიკატორია – იცის მოსმენა და საუბარი

საუკეთესო მენეჯერები კარგი მსმენელები არიან – მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა გუნდისთვის მთლიანობაში. არიან კონსტრუქციულები და კორექტულები.

 

თანამშრომლებს ეხმარებიან კარიერულ ზრდაში

დიდი მენეჯერები ინვესტიციას დებენ თანამშრომლებში. ისინი უკვლევენ მათ კარიერულ გზას. პიროვნული დამოკიდებულების გამო, ისინი არ უშლიან ხელს თანამშრომლებს წინსვლაში. პირიქით, ეხმარებიან მათ თავიანთი მიზნების მიღწევაში.

 

აქვს მკაფიო ხედვა გუნდთან დაკავშირებით

ეფექტურმა მენეჯერებმა იციან, საით მიდიან, მაგრამ ამავდროულად, მათ მთელი გუნდი საქმის კურსში ჰყავთ. ისინი ცდილობენ შექმნან სწორი მოლოდინები და დიდი აკურატულობით გადადგან თითოეული ნაბიჯი.

 

მათ აქვთ გონივრული მიდგომა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით

როდესაც ეფექტური მენეჯერი უკვე არსებულ გუნდს უერთდება, ის ცდილობს “გაშინაურდეს”, უკეთ გაიცნოს ადამიანები და აგრძნობინოს მზაობა ყოველდღიურ საქმესა და გამოწვევებში დახმარებაში. ეს მას პატივისცემის მოპოვებაში ეხმარება.

 

კოლაბორაციის მნიშვნელობა

ის არ განაწყობს გუნდს ვინმეს წინააღმდეგ, არ ეჯიბრება. არამედ, ხედავს უკეთეს მომავალს და ამ გზით მიჰყავს გუნდი.

 

შეუძლია გადაწყვეტილების მიღება

ძლიერი მენეჯერი იღებს ინიციატივას. შეუძლია მიიღოს რთული გადაწყვეტილებები და იზრუნოს, გააგებინოს ამ გადაწყვეტილების საჭიროება თანამშრომლებს.

 

ამ თვისებების საფუძველზე, არ არის რთული ეფექტური მენეჯერის ამოცნობა. დიახ, თქვენ შესაძლოა თვლით, რომ “ისედაც საკმარისზე მეტს” აკეთებთ ან რომ ეს “აქ არ გაჭრის”, რომ “ვიღაცას მათრახი უფრო მოუხდება”, მაგრამ ამ თვისებების გათვალისწინება არამხოლოდ თანამშრომლებზე იქონიებს კარგ გავლენას, არამედ საქმეზეც – ასე მიაღწევთ დიდ მიზნებს. ჩვენ თუ არა, Google-ს მაინც დაუჯერეთ.

 

მომზადებულია inc.com-ზე დაყრდნობით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი