logo_geo
რა ბედი ეწია აღდგომის კუნძულის უძველეს მოსახლეობას - ახალი კვლევა
- +

23 აგვისტო. 2018. 16:41

 

 

აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია ქვის უზარმაზარი ქანდაკებებით. ჩილეს სანაპიროდან 3700 კილომეტრის მოშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ეს კუნძული საუკუნეებია, საიდუმლოებითაა მოცული. მიჩნეულია, რომ ერთ დროს მის ნაპირებს პოლინეზიელი მეზღვაურები მიადგნენ, გააშენეს დასახლება, ააგეს გიგანტური ქანდაკებები, შემდეგ კი საკუთარი საზოგადოება თავადვე გაანადგურეს შიდა ბრძოლებისა და ბუნებრივი რესურსების უყაირათოდ მოხმარების გამო.

 

თუმცა, ცოტა ხნის წინ Journal of Pacific Archaeology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გაცილებით კომპლექსურ ამბავზე მიუთითებს. ქვის დიდი სკულპტურების მშენებლობისას გამოყენებული ხელსაწყოების ქიმიური ანალიზის შემდეგ, არქეოლოგებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოება გაცილებით დახვეწილი და მაღალ საფეხურზე მდგომი უნდა ყოფილიყო, სადაც ხალხი ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდა და თანამშრომლობდა.

 

კვლევის ავტორის, აშშ-ის ფილდის მუზეუმის მეცნიერის, ლორ დისუბოს განცხადებით, აღდგომის კუნძულის საზოგადოების კონკურენციისა და დაცემის იდეა შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს. მისი თქმით, ქვების ამოტვიფვრის ინდუსტრია იმის მყარი მტკიცებულებაა, რომ ამ საზოგადოებაში თანამშრომლობის დონე საკმაოდ მაღალი იყო.

 

პირველი ადამიანები აღდგომის კუნძულზე (ადგილობრივი სახელი რაპა-ნუი) დაახლოებით 900 წლის წინ გამოჩნდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, ისინი კუნძულს ორი კანოეთი მიადგნენ და მათი ხელმძღვანელი იყო კუნძულის პირველი მმართველი — ჰოტუ მატუა. წლების განმავლობაში, მოსახლეობის რაოდენობა ათასებს გადასცდა და ჩამოყალიბდა კომპლექსური საზოგადოება, რომელმაც დღეს ყველასათვის ცნობილი ქვის გიგანტური ქანდაკებების გაკეთება დაიწყო. ეს ქანდაკებები, ანუ მოაი სრული სხეულის მქონე ფიგურებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გარკვეულწილად მიწაში ჩაიმარხა; მათი ოდენობა ათასს აღწევს და განასახიერებს რაპა-ნუის ხალხის გამორჩეულ წინაპრებს. ყველაზე დიდი ქანდაკება სიმაღლეში 21 მეტრამდეა.

 

 

კვინზლენდის უნივერსიტეტის არქეოლოგის, დეილ სიმპსონის განცხადებით, მოაის ქანდაკებების ზომა და რაოდენობა კომპლექსურ საზოგადოებაზე მიუთითებს. მისი თქმით, რაპა-ნუის ხალხს ყავდა ხელმძღვანელები, ქურუმები და მუშათა ჯგუფები, რომლებიც თევზაობდნენ, მოჰყავდათ მოსავალი და ამზადებდნენ ქანდაკებებს. იგი დარწმუნებულია, რომ ათასამდე ქანდაკების გამოკვეთას აუცილებლად სჭირდებოდა დახვეწილი ორგანიზების გარკვეული დონე.

 

მკვლევართა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ქანდაკებების ქვის სამტეხლოში ნაპოვნი ბაზალტის ქვის ხელსაწყოები. შედეგად, ცნობილი გახდა, თუ როგორ იყენებდნენ ისინი ამ იარაღებს.

 

მათი ძირითადი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან ხელსაწყოებისა და ქანდაკებების დამამზადებლები, რაც თავის მხრივ, ბევრ ახალ დეტალს შესძენდა ქანდაკებების ინდუსტრიის ფუნქციონირების ჯაჭვს.

 

„გვაინტერესებდა გაგვერკვია, საიდან მოჰქონდათ ხელსაწყოების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული. გვსურდა გვცოდნოდა, მოიპოვებდნენ თუ არა ისინი ამ ნედლეულს საცხოვრებლის სიახლოვეში“, - აღნიშნავს არქეოლოგი ვან ტიბურგი.

 

აღდგომის კუნძულზე სულ მცირე სამი სხვადასხვა წყაროა, საიდანაც რაპა-ნუის ხალხს ქვის იარაღებისათვის ნედლეული მიჰქონდა. ბაზალტის საბადოები დაახლოებით ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. განსხვავებული საბადოები, მათი ნედლეულით დამზადებული ხელსაწყოები და სხვადასხვა გეოლოგიურ ადგილებს შორის მოძრაობა ნათელს ჰფენს პრეისტორიულ რაპა-ნუის საზოგადოებას.

 

ქვის იარაღების დეტალური ქიმიური ანალიზების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული იყო მაღალი დონის ურთიერთთანამშრომლობა.

 

 

„ხელსაწყოების უმეტესობა ერთი საბადოს კომპლექსიდან მოდის. როდესაც ისინი მათთვის სასურველ საბადოს იპოვიდნენ, მის გამოყენებას იწყებდნენ. იმისათვის, რათა ყველას ერთნაირი ტიპის ქვა გამოეყენებინათ, დარწმუნებული ვარ, ისინი თანამშრომლობდნენ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ასე წარმატებული - ეს საზოგადოება ერთად მუშაობდა“, - ამბობს სიმპსონი.

 

სიმპსონის აზრით, ასეთი ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აღდგომის კუნძულის მოსახლეობის კოლაფსის მიზეზი ბუნებრივი რესურსების უყაირათოდ ხარჯვა გახდა.

 

„იმის გამო, რომ აღდგომის კუნძული დანარჩენი სამყაროსგან ასე იზოლირებულია, მის ირგვლივ მრავალი რამ იდუმალებითაა მოცული, მაგრამ ამ კუნძულზე ხალხი არსებობდა, დღესაც არსებობს და ერთმანეთთან თანამშრომლობს“, - ამბობს სიმპსონი.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის კუნძულის საზოგადოება მოგვიანებით კოლონისტებმა დაიმონეს, რაპა-ნუის კულტურა მაინც გადარჩა.

 

„ეს საზოგადოება დღეს ათასობით ადამიანს ითვლის და არსად არ წასულა“, - მიაჩნია სიმპსონს.

 

არქეოლოგი ვან ტიბურგის აზრით, ეს კვლევა ნათელს ხდის მრავალ ახალ დეტალს, მაგრამ აღდგომის კუნძულის საზოგადოების სხვა არაერთი საიდუმლოს გამოსააშკარავებლად საჭიროა დამატებითი, უფრო კომპლექსური კვლევები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი