logo_geo
მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებში დაბერების უკუქცევა შეძლეს
- +

23 აგვისტო. 2018. 16:43

 

 

წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია დაბერების უკუქცევა. ალბათ ეს ის არის, რაზეც მსოფლიოში მრავალი ადამიანი ოცნებობს. რეალობად ქცევამდე ჯერ კიდევ დიდი გზა რჩება, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებში დაბერების პროცესი უკუაქციეს. მათი აზრით, ამ ექსპერიმენტმა შესაძლოა, საფუძველი დაუდოს დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

 

დაბერება მიჩნეულია ორგანიზმის ფუნქციონირების პროგრესულ ვარდნად და დაკავშირებულია ადამიანების ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან, როგორებიცაა კიბო, დიაბეტი და დემენცია.

 

ჩვენი უჯრედებისა და ქსოვილების ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი მრავალია, მაგრამ სიბერის ბიოლოგიის ახალ ფოკუსს წარმოადგენს ქსოვილებსა და ორგანოებში „დაბერებული“ უჯრედების აკუმულაცია.

 

დაბერებული უჯრედები ძველი, გაუარესებული მდგომარეობის უჯრედებია, რომლებიც სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ და რისკის ქვეშე აყენებენ მათ გარშემო არსებულ უჯრედთა ფუნქციონირებასაც.

 

ამ მოშლილი უჯრედების მოშორებამ ცხოველებში უკვე აჩვენა დაბერების მრავალი მახასიათებლის გაუმჯობესება. მაგალითად, უფრო გვიან დაიწყო განვითარება კატარაქტამ.

 

მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია, რატომ ბერდებიან უჯრედები ასაკის მატებასთან ერთად. სავარაუდო მიზეზებს შორისაა დნმ-ის დაზიანება, ანთებების ზემოქმედება და ქრომოსომების დაბოლოებაში არსებული დამცავი მოლეკულების (ტოლომერების) დაზიანება.

 

ბოლო დროს, გაჩნდა ვარაუდი, რომ დაბერების ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ვკარგავთ გენების შესაბამის დროსა და ადგილზე ჩართვისა და გამორთვის უნარს.

 

დაბერებასთან ერთად, ვკარგავთ გენების რეგულირების კონტროლის უნარს. სხეულის თითოეული უჯედი შეიცავს სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, მაგრამ ყველა ქსოვილსა და ყველა გარემოში ყველა გენი როდი აქტიურდება. ეს სწორედ ის ერთ-ერთი გზაა, რომლითაც გულის უჯრედები განსხვავდება თირკმლის უჯრედებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე გენებს შეიცავენ.

 

როდესაც უჯრედის შიგნიდან ან გარედან მომდინარე სიგნალები გენებს ააქტიურებს, წარმოიქმნება მოლეკულური შეტყობინება (რომელსაც რნმ-ს უწოდებენ), რომელიც შეიცავს ყველა ინფორმაციას, რაც კი გენების „საქმიანობისთვისაა“ საჭირო.

 

ცნობილია, რომ ჩვენი გენების 95 პროცენტზე მეტი რამდენიმე განსხვავებული ტიპის შეტყობინებებს ამზადებს, რაც უჯრედის საჭიროებებზეა დამოკიდებული.

 

უკეთ აღსაქმელად, წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული გენი არის რეცეპტი. უნდა გააკეთოთ ვანილის ან შოკოლადის ნამცხვარი, რაც დამოკიდებულია იმაზე, გაქვთ თუ არა შოკოლადი.

 

სწორედ ასე მუშაობენ ჩვენი გენები. გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის შეტყობინებების უნდა აწარმოონ მოცემულ დროს, იღებს 300 ცილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც „სპლაისინგის ფაქტორებს“ უწოდებენ.

 

დაბერებასთან ერთად, მცირდება ე. წ. სპლაისინგის ფაქტორების ოდენობაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბებერ უჯრედებს უქვეითდებათ გარემოს ცვლილების საპასუხოდ გენების ჩართვა-გამორთვის უნარი.

 

კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ მნიშვნელოვან რეგულატორთა დონე შემცირებულია მოხუცი ადამიანების სისხლში, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის ქსოვილთა იზოლირებულ დაბერებულ უჯრედებში.

 

ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი სპლაისინგის ფაქტორების უკან დაბრუნების გზებს ეძებდა. ახალ კვლევაში მათ დაადგინეს, რომ როდესაც ბებერ უჯრედს მკურნალობდნენ ისეთი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც მცირე ოდენობით წყალბადის სულფიდს გამოყოფდა - შესაძლებელი ხდებოდა გარკვეული სპლაისინგის ფაქტორების გაზრდა და შესაბამისად, ადამიანის ბებერი უჯრედების გაახალგაზრდავება.

 

წყალბადის სულფიდი არის მოლეკულა, რომელიც ადამიანის სხეულში ბუნებრივად გვხვდება. ცხოველებში, მან დაბერებასთან დაკავშირებული რამდენიმე დაავადების მახასიათებლების გაუმჯობესება აჩვენა.

 

დიდი ოდენობით ის ტოქსიკურია და შესაბამისად, საჭიროა მოიძებნოს გზა, რომლითაც მას პირდაპირ უჯრედის საჭირო ნაწილს მივაწვდით.

 

„მოლეკულური საფოსტო ინდექსის“ გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა წყალბადის სულფიდი პირდაპირ მიტოქონდრიებს მიაწოდა - სტრუქტურას, რომელიც უჯრედებში ენერგიას გამოიმუშავებს, ამ გზით, მათ ეს ნივთიერება მცირე დოზით გამოიყენეს, რაც გვერდითი ეფექტების გამოწვევის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

 

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამგვარი მოლეკულური ხელსაწყოების გამოყენებით, თანდათან ისინი შეძლებენ ადამიანებში დაბერებული უჯრედების მოშორებას შეძლებენ, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სიბერესთან დაკავშირებული მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი