logo_geo
„ეს ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია“ - რა საიდუმლოს ამჟღავნებს უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში
- +

1 სექტემბერი. 2018. 19:04

 

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში, მკვლევარებმა კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე, ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტები აღმოაჩინეს.

 

გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად, თამარ მეფის მონეტაც აღმოჩნდა წარწერით - „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

 

განძში მონეტების გარდა არის ზოდები და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, სამშვილდის ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

 

 

ამ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ნიკა ანთიძე გვესაუბრა:

 

- თავად ამ ნაქალაქარს - სამშვილდეს, აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის. ჩვენ დავიწყეთ სამშვილდის ნაქალაქარში მართლაც საუკუნის პროექტი, რომელიც გულისხმობს სრულ ინფრასტრუქტურულ მოწყობას მისი ვიზიტორებისთვის. სამშვილდე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი შუა საუკუნეების დასახლებაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს! შესაბამისად, ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად დავიწყეთ არქეოლოგია ციტადელთან ახლოს და არქეოლოგიური კვლევის დროს ე.წ. განძი აღმოვაჩინეთ. ეგრეთწოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად არქეოლოგიაში ეს ტერმინი არ იხმარება. თუმცა შინაარსით მართლაც განძის სახით იყო შემორჩენილი ეს მონეტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 280-მდე მონეტაში ჯერჯერობით მხოლოდ ხუთია გაწმენდილი... ეს მონეტები მეტყველებს იმაზე, რომ იმ დროს საქართველოში ძლიერი ეპოქა იდგა და ფული აქტიურად ტრიალებდა.

 

 

მონეტები არის თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პერიოდის. არ გამოვრიცხავ, რომ სამშვილდე იყო ქვეყნის გარკვეული მართვის ცენტრი და აქ ადგილობრივი ფულიც იყოს მოჭრილი. ეს ჩემი ვარაუდია და ვარაუდის საფუძველს დანარჩენი მონეტები მაძლევს, რომლებიც გასაწმენდია. კონსერვაციაა ჩასატარებელი და შესაძლებელია აღმოჩნდეს ადგილობრივი წარმოების ფულიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ფული სადაც იჭრებოდა, ამ ადგილის სიძლიერეს ნიშნავდა. ასეთი ადგილი იყო დმანისი, ჩვენ ახლა გათხრების შედეგებს ველოდებით. იმ ადგილზე, სადაც ეს განძი იყო აღმოჩენილი, საკმაოდ საინტერესო არქიტექტურა დაფიქსირდა. უფრო თვალნათლივი შედეგები არქიტექტურის თვალსაზრისით მომავალ წელს იქნება, სადაც ფინანსური რესურსით ჩვენი სააგენტოც ჩაერთვება. აქამდე სააგენტოსა და სახელმწიფოს თანხები მიემართებოდა სამშვილდეში ინფრასტრუქტურულ და საკონსერვაციო სამუშაოებზე, არქეოლოგიას უნივერსიტეტი აფინანსებდა. ვინაიდან ერთობლივი პროექტია, ამ აღმოჩენის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ არქეოლოგიურ სამსახურშიც აუცილებლად ჩავერთვებით ფინანსური რესურსით.

 

- ქვეყნის ისტორიისთვის რამდენად სენსაციურია ეს აღმოჩენა?

 

- ყოველთვის თავს ვიკავებ სიტყვა სენსაციური ვახსენო, მაგრამ ყველა აღმოჩენა ჩვენთვის შეიძლება სენსაციური იყოს რაღაც თვალსაზრისით. ეს აღმოჩენა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია! განძეულობაში რომ ამდენი სხვადასხვა დროის ფულის ერთეული ყოფილიყო, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. აქ შეიძლება ისეთი ფულის ერთეული აღმოჩნდეს, რომელიც ჩვენთვის უცნობი იყოს. კვლევის დასრულების შემდეგ კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ველოდებით!

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი