logo_geo
ნილოსის დელტაში პირამიდებზე 2500 წლით ძველი ეგვიპტური ნასოფლარი აღმოაჩინეს
- +

3 სექტემბერი. 2018. 19:42

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დელტაში იშვიათი საგანძური აღმოაჩინეს - უძველესი სოფლის ნაშთები, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. ძეგლი ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია ერთ-ერთი უძველესია ამ რეგიონში აღმოჩენილთა შორის.

 

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნეოლითური ძეგლი დაახლოებით 7000 წლის წინანდელია და მდებარეობს კაიროდან 140 კილომეტრით ჩრდილოეთით.

 

ფრანგ და ეგვიპტელ არქეოლოგთა ჯგუფმა მარცვლეულის შესანახი რამდენიმე ორმო იპოვა, რომლებშიც ორგანულ ნარჩენებსაც მიაგნეს, მათ შორის ცხოველთა ძვლებსა და მცენარეთა ნაშთებს. იქვე იპოვეს კერამიკა და ქვის იარაღები, რაც სტაბილურ საზოგადოებაზე მიუთითებს.

 

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა, რათა უკეთესად შეისწავლონ ის პრეისტორიული საზოგადოებები, რომლებიც ნილოსის დელტაში ათასობით წლით უფრო ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ლეგენდარული ფარაონი მენესი ზემო და ქვემო ეგვიპტეს გააერთიანებდა.

 

„აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალების ანალიზები ნათელ სურათს გვთავაზობს როგორც ნილოსის დელტის პირველი საზოგადოებების, ისე ეგვიპტეში სოფლის მეურნეობის ჩასახვის შესახებ“, - ამბობს ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნადია ხედრი.

 

მკვლევართა აზრით, ამ სოფელში სოფლის მეურნეობა დიდად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული წვიმაზე. ამ ფაქტმა შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს ნილოსის დელტაში ათასწლეულების შემდეგ განვითარებულ, საირიგაციო სისტემაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის წარმოშობას.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, ძველი ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულთა მუმიფიცირებას იმაზე გაცილებით ადრეც ახდენდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა დაახლოებით 5600 წლის წინანდელი მუმიები, რომლებიც ასევე წინ უსწრებს ფარაონთა ეპოქას.

 

მართალია, ახლახან აღმოჩენილ უძველეს სოფელში მუმიფიცირების ნაშთები არ უპოვნიათ, მაგრამ ძეგლის მნიშვნელობა შეუფასებელია ძველი ეგვიპტის ადრეული დასახლებების შესწავლის თვალსაზრისით.

 

არქეოლოგთა განცხადებით, ძეგლის გათხრები კვლავ გაგრძელდება, ამ ეტაპზე კი აღმოჩენილ არტეფაქტთა ანალიზები მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი