logo_geo
ამაზონის ჯუნგლების ბინადარ იზოლირებულ ტომს დრონით ვიდეო გადაუღეს
- +

4 სექტემბერი. 2018. 18:49

 

2017 წელს, ამაზონის ჯუნგლების სიღრმეებში ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, ცნობილი გახდა იქ ბინადარი პატარა ტომის შესახებ, რომელიც გარესამყაროს არ ეკონტაქტება.

 

რამდენადაც გამაოგნებელი არ უნდა იყოს, დღესაც არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც იზოლირებულია გლობალური ეკონომიკისგან, ტექნოლოგიებისგან და მთლიანად გარესამყაროსგან. ამ საზოგადოების შესწავლა უკიდურესად რთულია, რადგან მკვლევრებს მათთვის ხელის შეშლა არ სურთ.

 

ბრაზილიის ინდიელთა ეროვნული ფონდის (Funai) მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აეროვიდეოში ასახული ტყეში მოსუფთავებული ადგილი, სადაც რამდენიმე ადამიანი დადის, რომლებსაც როგორც ჩანს, მათ თავზე მოფარფატე დრონი-კამერა შემჩნეული აქვთ.

  

 

ექსპედიციის წევრთა მიერ მიწისპირზე გადაღებული სხვა ფოტოებზე ასახულია ბრაზილიის ამაზონასის შტატის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები ამ იზოლირებული საზოგადოების მიერ შექმნილი კანოეები და ხელის იარაღები.

 

ამ უსახელო ხალხს Funai წლების განმავლობაში ფრთხილად აკვირდებოდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ კონკრეტული ინდივიდები ფირზე ჩუმად აღბეჭდეს.

 

ამ რეგიონში მთელი ბრაზილიის მასშტაბით ყველაზე იზოლირებული ტომები ბინადრობენ. ამაზონის ამ ნაწილში დადასტურებულია სულ მცირე 19 ისეთი საზოგადოების არსებობა, რომლებსაც გლობალურ კულტურასთან ან საერთოდ არ აქვთ კონტაქტი, ან უმნიშვნელოდ ურთიერთობენ. ამის მიზეზი მათთვის წარსულში მიყენებული ტრავმებია.

 

Funai-ს განცხადებით, ამ საზოგადოებათა წევრებმა როგორც ჩანს, კარგად იციან რეგიონის სოფლის მეურნეობისა და ურბანული ცენტრების შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, თუ მათ გარესამყაროსთან კონტაქტი სურდათ, ისინი აუცილებლად იპოვიდნენ ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ ექსპედიციასთან კონტაქტის გზებს.

 

მაგრამ მათ გარესამყაროსთან კონტაქტი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ სურთ - დანარჩენი სამყაროს წარმომადგენლებთან წარსული შეხვედრები არც თუ ისე მშვიდობიანი აღმოჩნდა.

 

შარშან Funai-მ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ერთი ინდივიდი ჩანს, სავარაუდოდ, თავისი ხალხის უკანასკნელი წარმომადგენელი.

 

ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრს აღნიშნულმა მამაკაცმა ისარი ესროლა, რაც კარგად მიანიშნებს მის პოზიციას კომუნიკაციასთან მიმართებაში.

 

ან ვინ უნდა დაადანაშაულოს იგი? სავარაუდოდ, მისი ოჯახი რეგიონის არაკანონიერმა ფერმერებმა და კოლონისტებმა გაწყვიტეს.

 

მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია იქ უცხო არ არის. დასავლეთ ბრაზილიაში ბინადარი კიდევ ერთი უკონტაქტო ტომი შარშან ოქროს მომპოვებლებმა გაჟლიტეს, რომლებიც შემდეგ თავიანთ ამ საქციელით ტრაბახობდნენ.

 

რომ არა თავად მათ მიერვე მოყოლილი ამბავი, ალბათ მათ ამ საქციელს მთელი მსოფლიო ვერც ვერასოდეს გაიგებდა. არ არის გამორიცხული, რომ ყაჩაღების მიერ კიდევ მრავალი ასეთი ტომი იყოს უჩუმრად ამოწყვეტილი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეგიონი გარესამყაროსგან საკმაოდ იზოლირებულია, ამაზონის ხეების ვრცელი ოკეანე უკანონო საქმიანობათა დიდ ქსელებს მალავს. ამ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს კი თითქმის არ აქვთ წარმოდგენა ადგილობრივთა უფლებებზე.

 

ამ მოწყვლად საზოგადოებათა დასაცავად საჭიროა მათი მოძრაობებისა და კულტურის შესწავლა.

 

ეს კი საკმაოდ რთულია იმ პირობებში, როცა მკვლევრებს უსაფრთხო მანძილის შენარჩუნება სურთ. გარდა ამისა არსებობს ჩვენგან მათთვის დაავადებების გადადების შანსიც.

 

უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია, ბრაზილიის ინდიელთა ეროვნულ ფონდს (Funai) იზოლირებულ საზოგადოებათა არც ერთ წევრთან კონტაქტი არ დაუმყარებია.

 

ტექნოლოგიების განვითარება დისტანციური დაკვირვებების კარგ შანსს იძლევა, მათთვის ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი