logo_geo
კვირაში რამდენ საათს იმუშავებდით? შეიძლება თუ არა სამუშაო დროის ერთ დღემდე შემცირება
- +

10 სექტემბერი. 2018. 00:53

 

 

ზოგიერთი მთავრობა და დამსაქმებლები ექსპერიმენტებს ატარებენ და ცდილობენ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას. ამით მათ იმის დამტკიცება სურთ, რომ სამსახურში გატარებული ნაკლები დრო შრომის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება და სამუშაოს და პირად ცხოვრებას შორის საჭირო ბალანსს ქმნის. BBC ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე და იმის შესახებ წერს, თუ რამდენად შეიძლება ტრადიციული, ხუთდღიანი სამუშაო კვირის შემცირება და ზოგადად, როგორია ჩვენი საქმიანი ყოველდღიურობის ოპტიმალური ხანგრძლივობა.

 

ხუთდღიანი სამუშაო კვირა არაეფექტიანია?

 

თუ ადამიანი სრულ განაკვეთზე მუშაობს, დიდია იმის ალბათობა, რომ ის კვირაში ხუთ დღეს, და დღეში სულ ცოტა 8 საათს მაინც, ოფისში ატარებს. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი გაცილებით მეტსაც მუშაობს. მაგალითად, ახლახან New York Times-სთვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში ილონ მასკმა აღიარა, რომ კვირაში 120 საათს მუშაობს და ერთკვირიანზე ხანგრძლივი შვებულებით 2001 წლის შემდეგ აღარ უსარგებლია.

 

სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილზე გატარებულ ბევრ საათს ცოტა უპირატესობა აქვს - ადამიანი ნაკლებად პროდუქტიულია და უფრო მეტად უკმაყოფილოა ცხოვრებით.

 

დღეს უკვე სამუშაო საათების შემცირებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები მთელ მსოფლიოში ტარდება. ახლახან ახალ ზელანდიაში სამუშაო კვირის ოთხ დღემდე შემცირების შედეგებმა მსოფლიოს ყველა წამყვანი მედია საშუალების ყურადღება მიიპყრო.

 

რომელ ქვეყნებში ატარებენ ექსპერიმენტებს და რა შედეგები აქვთ?

 

ახალი ზელანდია

 

Perpetual Guardian-ი ახალზელანდიური საადვოკატო კომპანიაა. ამ წლის მაისში ფირმის ხელმძღვანელობამ ოფისში მომუშავე 240 თანამშრომელს სთხოვა ორი კვირის განმავლობაში კვირაში ოთხ დღეს (დღეში 8 საათს) ემუშავათ. ამასთან, თანამშრომლებს ძველი ხელფასები შეუნარჩუნეს.

 

ექსპერიმენტის ბოლოს მკვლევრებმა თანამშრომლები გამოკითხეს და მათგან 24%-მა თქვა, რომ მათთვის ბალანსი „სამსახური-სახლი“ გაუმჯობესდა, ხოლო 7%-ს სტრესი შეუმცირდა. ამავდროულად, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, შრომის მწარმოებლურობა არ შემცირებულა - ოთხი დღის განმავლობაში ადამიანები ასწრებდნენ იმავეს გაკეთებას, რასაც აკეთებდნენ ხუთ დღეში. ამასთან, უშუალოდ კლინტების მომსახურების განყოფილების მუშაობა გაუმჯობესდა. ექსპერიმენტის დადებითი შედეგების გამო, კომპანია Perpetual Guardian-ი 4-დღიანი გრაფიკის შენარჩუნებას აპირებს.

 

ისლანდია

 

2016 წელს ისლანდიაში, ქალაქ რეიკიავიკის ადმინისტრაციამ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის პროცესში ზოგიერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში თითოეული სამუშაო კვირა დაახლოებით ნახევარი დღით შეამცირეს. შედეგად, ხარჯებიც და შრომის ეფექტიანობაც არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები ოფისში ნაკლებ დროს ატარებდნენ.

 

შვედეთი

 

მსგავსი რამ გააკეთეს შვედეთშიც: ექსპერიმენტებს სხვადასხვა შრომით კოლექტივებში ატარებდნენ - სტარტაპებით დაწყებული მოხუცთა სახლებით დასრულებული. თანამშრომლებს კვირაში 32 საათიანი მუშაობა შესთავაზეს.

 

იაპონია

 

იაპონიაში, სადაც რეგულარული მუშაობისგან ადამიანები ხშირად იღუპებიან, მთავრობამ ეგრეთ წოდებული „კაშკაშა ორშაბათები“ შემოიღო, როდესაც დამსაქმებლები თანამშრომლებს თვეში ერთ ორშაბათს სამსახურში დაგვიანების საშუალებას აძლევენ.

 

რა ინტერესი აქვს დამსაქმებელს?

 

მუშაობას და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესება კომპანიებს ფულს უზოგავს, რადგან კმაყოფილი თანამშრომლები იშვიათად იცვლიან სამუშაო ადგილს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ამ ბალანსს ცხოვრებით ზოგადი კმაყოფილებისათვის აუცილებელ პირობებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. ამ პირობების სიაში ის საინტერესო სამუშაოზე პრიორიტეტულია.

 

ჯერ კიდევ 1930 წელს ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი წინასწარმეტყველებდა, რომ ადრე თუ გვიან კაცობრიობა მივიდოდა იქამდე, რომ ახალი ტექნოლოგიების და შრომის მზარდი ეფექტიანობის წყალობით ადამიანები კვირაში მხოლოდ 15 საათს იმუშავებდნენ.​​

 

რამდენი სამუშაო დღეა კვირაში საკმარისი?

 

10 წლის წინ მწერალი ტიმ ფერისი ცნობილი გახდა თავისი წიგნით „ოთხსაათიანი სამუშაო კვირა“. ფერისის თეორია გულისხმობდა ზღვარგადასული მუშაობის (workaholic) სტილზე უარის თქმას და დროის საკუთარი ნებით მართვას. საეჭვოა, კომპანიები როდესმე დათანხმდნენ იმას, რომ თანამშრომლები მათ ოფისებში კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათით გამოჩდნენ, მაგრამ ფერისის იდეა უფრო ინდივიდუალური ეფექტიანობის გაზრდას ეხება.

 

ამასთან, სამსახურში გატარებული საათების შემცირება, მართლაც დადებითად შეიძლება აისახოს თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, რაც ახალზელანდიური კომპანიის ექსპერიმენტმაც დაადასტურა, როდესაც Perpetual Guardian-ის კოლექტივი მუშაობდა იმისთვის, რომ იმავე შედეგებისთვის უფრო მოკლე დროში მიეღწია: ისინი ოფისში დროულად მიდიოდნენ და დროზე ადრე არავინ ტოვებდა სამუშაოს, ამასთან შესვენებების დროც არ ჭიანურდებოდა და ეს მაშინ, როდესაც ადამიანები სოცქსელებზე დღეში საშუალოდ ორ საათს ხარჯავენ.

 

სამუშაო კვირის ორ-სამ დღემდე შემცირებაც შესაძლებელია?

 

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არც თუ ისე იოლია. არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც დანახარჯი მოგებას აჭარბებს, იმ შემთხვევაშიც თუ სამუშაო კვირა ოთხდღიანია.

 

მაგალითად, ამერიკული კომპანია Treehouse-ი, რომელიც მომხმარებელს ონლაინ-სასწავლო კურსებს სთავაზობს, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე ექსპერიმენტის შემდეგ, კვლავ „ნორმალურ“ 40-საათიან კვირას დაუბრუნდა. სპეციალისტების თქმით, სტანდარტული ხუთდღიანი სამუშაო კვირა, როდესაც ადამიანები დღეში 8 საათს მუშაობენ, კოლექტივის შიგნით თანამშრომლობისთვის უკეთესს გარემოს ქმნის. ამასთან, კლიენტებს მომსახურების მიღება ფირმისგან ნორმალურ სამუშაო საათებში სურთ, რაც კვირის შემცირების წინააღმდეგ კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტია.

 

იმისთვის რომ თანამშრომლები დღეში 6 საათს ამუშაოს, ზოგიერთ დაწესებულებას დამატებით თანამშრომლების დაქირავება მოუწევს, სხვაგვარად დღის განმავლობაში აუცილებელი საქმე არ გაკეთდება. ეს კი დამატებითი ხარჯია. მსგავსი პროექტები ქალაქის ბიუჯეტს აზიანებს და ზრდის მის დეფიციტს სამედიცინო მომსახურების და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ სამუშაო საათების მკვეთრი შემცირება დღეისთვის რეალისტურია. ამას ემატება ზოგადი ეკონომიკური პრობლემები, კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტი და სხვა ფაქტორები.

 

იმავდროულად, არსებობს განსხვავებული მაგალითებიც. შვედეთში კომპანია Toyota-ს ადგილობრივ ქარხანაში 6-საათიანი სამუშაო დღე 13 წლის წინ შემოიღეს და ეს სქემა დღემდე მუშაობს.

 

ახალზელანდიურ ექსპერიმენტში მონაწილე პროფესორი ჯეროტ ჰაარი ფიქრობს, რომ სამუშაო დროის შემცირება კვირაში 4 დღეზე მეტად არაეფექტიანია და ეს არის ოპტიმალური ზღვარი, რომლის შემდეგაც მწარმოებლურობის ხარისხი გაუარესდება. ამასთან არსებობს სფეროები, სადაც ექსპერიმენტმა შეიძლება გაამართლოს და იმავე მოცულობის საქმე ნაკლებ დროში გაკეთდეს, მაგრამ არის დარგები, სადაც მსგავსი რამ ჯერჯერობით შეუძლებელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი