logo_geo
ცნობილი ადამიანების ცრურწმენები და რიტუალები
- +

10 სექტემბერი. 2018. 21:28

 

 

 

კოკო შანელის ცრურწმენის ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

კოკო შანელი

 

იღბლიანი რიცხვი 5

 

ფრანგ ტანსაცმლის დიზაინერს, კოკო შანელს (1883-1971) ცრურწმენების ძალიან სჯეროდა. როგორც ამბობენ, მან თავის ცნობილ სუნამოს სახელი მას შემდეგ დაარქვა, რაც მკითხავმა უთხრა, რომ მისი იღბლიანი რიცხვი 5 იყო. გარდა ამისა, მის ბინაში ბროლის სასანთლე იდგა, რომელსაც 5-იანის ფორმა ჰქონდა. ისიც ცნობილია, რომ კოკო შანელს თავისი კოლექციების წარდგენა 5 მაისს  (წელიწადის მეხუთე თვეს) უყვარდა. მას სჯეროდა, რომ ასე მისი პრეზენტაცია უფრო იღბლიანი იქნებოდა.

 

 

 

პიკასოს ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

პაბლო პიკასო

საკუთარ „არსს“ ინახავდა

 

ესპანელი არტისტი პაბლო პიკასო (1881-1973) თავის ძველ ტანსაცმელს, მოჭრილ თმასა და ფრჩხილებს ინახავდა, იმის შიშით, რომ მათი გადაყრით საკუთარი „არსის“ ნაწილს დაკარგავდა. პიკასო პიკასოს აგროვებდა, რის შედეგადაც გარდაცვალებისას  ორმოცდაათი ათას საკუთარ ნამუშევარს ფლობდა – პრინტებითა და ნახატებით დაწყებული, კერამიკითა და თეატრის დეკორაციებით დამთავრებული. პიკასო გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ხელოვანად მიიჩნევა.

 

 

 

ჩარლზ დიკენსის ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

ჩარლზ დიკენსი

 

სახით ჩრდილოეთისკენ იძინებდა

 

ჩარლზ დიკენსს (1812-1870), სადაც არ უნდა წასულიყო, თან ყოველთვის ნავიგაციური კომპასი მიჰქონდა და ჩრდილოეთის მიმართულებით შებრუნებული იძინებდა. ეს რიტუალი, მწერლის აზრით, მის შემოქმედებითობასა და წერის უნარებს აუმჯობესებდა. დიკენსი, გარდა ისეთი კლასიკური ნოველების ავტორობისა, როგორებიცაა „საშობაო სიმღერა“ და „დიდი იმედები“, ასევე საზოგადოებრივი კრიტიკოსი იყო მძლავრი მორალური კომპასით, რაც მის მიერ სოციოეკონომიკური მდგომარეობის მკაფიო აღწერაში ვლინდება.

 

 

იოკო ონოს ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

იოკო ონო

 

ასანთის ღერის ანთება

 

ცნობილი მულტიმედია არტისტი და მშვიდობის აქტივისტი იოკო ონო ახალგაზრდობაში ხმისა და შუქის მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყო. ონომ აღმოაჩინა, რომ ბნელ ოთახში ასანთის ღერის ანთება და ცეცხლის ალის გაუჩინარების ყურება სიმშვიდეს ჰგვრიდა. მან თქვა, რომ ამ რიტუალს ხშირად იმეორებდა ხოლმე, ხანდახან საკუთარი დის თვალწინ, მანამ, სანამ არ დაწყნარდებოდა. მოგვიანებით მისმა პირადმა რიტუალმა პერფორმანსის სახე მიიღო, სახელად „მშვიდობის განათება“, რომელიც მან კოლექტივ Fluxus-თან ერთად ჩაწერა.

 

 

დაიან ფონ ფურშტენბერგის ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

დაიან ფონ ფურშტენბერგი

 

იღბლიანი ოქროს მონეტა

 

მოდის დიზაინერსა და ცნობად სახეს, დაიან ფონ ფურშტენბერგს ოქროს ოცფრანკიანი აქვს, რომელსაც მამამისი მე-2 მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმელში მალავდა და მოგვიანებით თავის გოგოს მისცა. დაიანი კარგი იღბლისთვის ყოველი ჩვენების წინ მონეტას ფეხსაცმლის შიგნით იმაგრებს ხოლმე. ფონ ფურშტენბერგი ხალათის ფორმის კაბების შექმნითაა ცნობილი და მისი დიზაინის სამოსი  მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

 

 

 

ფრიდა კალოს ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

ფრიდა კალო

 

გამოუსწორებელი მებაღე

 

ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოსათვის (1907-1954) მცენარეების მოვლა ხატვასთან ერთად რუტინული პრაქტიკა იყო. მისი ნახატები, რომლებიც ხშირად ავტობიოგრაფიულია, სავსეა მცენარეებითა და ყვავილებით, რომლებიც მან საკუთარი ხელით მოიყვანა კასა ასულის ეზოში. ეს ის სახლია, რომელშიც იგი ხელოვან დიეგო რივერასთან ერთად ცხოვრობდა. კალოს კარგად მოვლილი ბაღი მისთვის კომფორტისა და ინსპირაციის წყარო იყო, სადაც ის მცენარეებს, ხილსა და ყვავილებს – რომლებიც ძირითადად მექსიკური წარმომავლობის გახლდათ – საათობით უვლიდა. ფრიდას სახატავი მაგიდა ფანჯრიდან სწორედ მის ბაღს გადაჰყურებდა და ჰოსპიტლიდან სახლში დაბრუნებისას მისი უკანასკნელი თხოვნა ის იყო, რომ საწოლი ისე დაედგათ, რომ ბაღის დანახვა შესძლებოდა.

 

 

დოქტორ სიუზის ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

დოქტორ სიუზი

 

შემოქმედებითი კრიზისისას თავზე ქუდს იხურავდა

 

ავტორი და ილუსტრატორი თეოდორ სიუზ გაიზელი (1904-1991), ანუ, როგორც უფრო ცნობილია, დოქტორი სიუზი, დაახლოებით 300 ქუდის უზარმაზარ კოლექციას ფლობდა. შემოქმედებითი კრიზისისას იგი ერთ-ერთ მათგანს თავზე იხურავდა და მანამ არ იშორებდა, სანამ შთაგონება  ისევ არ დაუბრუნდებოდა. თავისი უცნაური ჩვევები სიუზს რამდენიმე ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნის შექმნაში დაეხმარა, რომელთა შორისაა კლასიკად ქცეული „კატა ქუდში“.

 

 

სალვადორ დალის ილუსტრაცია, ამონარიდი ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

 

 

სალვადორ დალი

 

ნაპირზე გამორიყული ესპანური ხე

 

ესპანელი სურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი (1904-1989) საკუთარ თავს ძალზედ ცრუმორწმუნედ მიიჩნევდა და თან მუდამ ნაპირზე გამორიყული ესპანური ხის პატარა ნატეხს ატარებდა, რათა ბოროტი სულები დაეფრთხო. დალი ცნობილი და დიდი გავლენის მქონე მხატვარი იყო, რომლის ცხოვრება და ნამუშევრები სურეალიზმით იყო გაჯერებული. იგი ასევე თავისი იდიოსინკრაზიითაა ცნობილი, რისი ერთ-ერთი მაგალითიც ის იყო, რომ ერთხელ მხატვარი მყვინთავის ჰელმეტითა და კოსტიუმით ლექციის ჩატარებისას კინაღამ დაიხრჩო.

 

 

 

ავტორი: ელენ ვაინშტაინი

 

ორიგინალი: https://artsy.net

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი