logo_geo
ჰაბლის ტელესკოპმა ათასობით უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინა
- +

14 სექტემბერი. 2018. 22:23

 

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დაკვირვებათა ახალი მისია დაიწყო. ამჯერად, მისი მიზანია სამყაროს ყველაზე შორეული მისადგომების შესწავლა, რისთვისაც სამყაროს ყველაზე მასიურ ობიექტებს — გალაქტიკათგროვებს გამოიყენებს.

 

საინტერესოა, როგორ მოახერხებს ამას ჰაბლი? პასუხი ახლახან გამოქვეყნებული ფოტოშია.

 

სურათის ცენტრში მოცემულია Abell 370 — დედამიწიდან დაახლოებით 4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათგროვა, რომელიც რამდენიმე ასეულ გალაქტიკას შეიცავს. მის გარშემო, კოსმოსის უფრო შორეულ სიღრმეებში, ჩანს ათასობით სხვა გალაქტიკა, რომელთა შესახებ აქამდე არავინ არაფერი იცოდა.

 

მათ სწორედ Abell 370-ის წყალობით ვხედავთ. ერთად თავმოყრილი ასობით ყველა ეს გალაქტიკა და ბნელი მატერია ქმნის უზარმაზარ გრავიტაციულ ველს.

 

როდესაც ამ ველს უკან არსებული სინათლე მასში გაივლის, გრავიტაციული ძალა იმდენად ძლიერია, რომ ამ სინათლეს ამრუდებს. შედეგად წარმოიქმნება გამადიდებელი ეფექტი, რომელსაც გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ. სწორედ ამ ეფექტის საშუალებით ვხედავთ ობიექტებს, რომელთა დანახვაც სხვაგვარად შეუძლებელია.

 

ასეთ გროვებს შორის Abell 370 პირველია.

 

გრავიტაციულ ლინზირებას დიდი მასის მქონე ნებისმიერი ობიექტი წარმოქმნის. რაც უფრო მეტია მასა, მით მეტია ლინზირების ეფექტი.

 

Abell 370-ის შემთხვევაში, ლინზირების ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გამოავლინოს ისეთი გალაქტიკები, რომელთა დანახვა ჰაბლის ზემგრძნობიარე ინსტრუმენტებსაც კი არ ძალუძს.

 

 

მოცემულ ფოტოზე თქვენ ხედავთ Abell 370-ის გალაქტიკებს. ყველაზე კაშკაშა, მოყვითალო-მოთეთრო გალაქტიკები უზარმაზარია და შეიცავს ასობით მილიარდ ვარსკვლავს. მოლურჯოები ირმის ნახტომის მსგავსი პატარა სპირალური გალაქტიკებია, ახალგაზრდა ვარსკვლავებით. უფრო მუქი ყვითელი ობიექტები ხნიერი გალაქტიკებია, ბებერი ვარსკვლავებით.

 

Abell 370-ის უკან მდებარე გალაქტიკები ფოტოზე სინათლის დასვრილი ხაზებივით ჩანს. მათ შორის ყველაზე საუცხოოა ცენტრის დაბლა, ოდნავ მარცხნივ მდებარე გალაქტიკა, რომელსაც „დრაკონს“ ეძახიან. კაშკაშა და გაწელილი ის გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამო ჩანს.

 

ფოტოზე დაკვირვებით, ასტრონომებს ამ გალაქტიკათა შესახებ მრავალი დეტალის შესწავლა შეუძლიათ. სწორედ ეს არის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალი მისიის მიზანი.

 

დანიის ნილს ბორის ინსტიტუტისა და ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ გრავიტაციული ლინზირების გზით კიდევ უფრო მეტს შეიტყობენ, თუ როდის ჩამოყალიბდა სამყაროს ყველაზე მასიური და კაშკაშა გალაქტიკები. ასევე, როგორ არის ეს პროცესი დაკავშირებული ბნელ მატერიასთან.

 

ისინი შეეცდებიან გაარკვიონ, რამდენად სწრაფად წარმოიქმნა გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან პირველი 800 მილიონი წლის განმავლობაში, ასევე შეისწავლონ გალაქტიკათგროვებისა და მათში მოქცეული ბნელი მატერიის ევოლუცია.

 

მომზადებულია dur.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი