logo_geo
კანალიზაციის პირველი სისტემები – ფაქტები უძველესი საპირფარეშოების ისტორიიდან
- +

17 სექტემბერი. 2018. 11:30

ისტორიული წყაროების თანახმად, საკანალიზაციო სისტემები ფუნქციონირებდა ძველ ეგვიპტეში, რომში, ბაბილონში, ჩინეთისა და ინდოეთის ქალაქებში. ძველ რომში კანალიზაციის გრანდიოზული სისტემა, „დიდი კლოაკა“ რომის რიგით მეხუთე მეფის, ტარკვინიუსის დროს მოეწყო. საგულისხმოა, რომ უძველესი საპირფარეშო საკანალიზაციო სისტემით, დაახლოებით, 4 ათასი წლის წინ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე, ქალაქ მეჰენჯო – დაროში ფუნქციონირებდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლით ადრე საპირფარეშოების და წყალმომარაგების გამართული სისტემები ჰქონდათ ძველ ინდურ ქალაქებში. საპირფარეშოების ჩასარეცხ საშუალებებს ანუ კანალიზაციას ძველი კრეტელებიც იყენებდნენ. როგორც უკვე ვთქვით, აბანოების მსგავსად, საზოგადოებრივი საპირფარეშოები რომის ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იყო. თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ძველ რომში 144 საზოგადოებრივი საპირფარეშო ფუნქციონირებდა, რომლებიც საკანალიზაციო სისტემით მდინარე ტიბრს უკავშირდებოდა.

 

რომის დაცემის შემდეგ საკანალიზაციო სისტემების მოწყობა – გამართვა ევროპაში დიდი ხნით დაივიწყეს. შესაბამისად, ფეკალიები და მთელი სიბინძურე ქალაქის ქუჩებში მოედინებოდა.

 

კანალიზაციის შექმნის საკითხს ევროპაში მხოლოდ აღორძინების ხანაში დაუბრუნდნენ. 1596 წელს ინგლისში დედოფალ ელისაბედ პირველისთვის თანამედროვე უნიტაზის პროტოტიპი შეიქმნა. 1777 წელს საპირფარეშოების ჩამრეცხი საშუალება დააპატენტეს. 1884 წელს საპირფარეშოს გაუმჯობესებული ვარიანტი ბრიტანელმა  ტომას კრეპერმა საზოგადოებას ჯანდაცვის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინა. თუმცა საპირფარეშოს და კანალიზაციის შექმნის მცდელობა ევროპაში მე-15 საუკუნეშიც ჰქონდათ. 1482 წელს ცნობილმა იტალიელმა ხელოვანმა და გამომგონებელმა, ლეონარდო და ვინჩიმ საპირფარეშოს და საკანალიზაციო სისტემის კონსტრუქცია დააპროექტა, თუმცა პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

 

სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ევროპული ქალაქების მსგავსი სიტუაცია იყო თბილისშიც. საკანალიზაციო სისტემის გამართვა თბილისში მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. 1900 წლისათვის კანალიზაციის ქსელის სიგრძე თბილისში 24 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა სახლების უდიდესი ნაწილი არ იყო მიერთებული კანალიზაციასთან. მოსახლეობა პრიმიტიულ მშთანთქავ ჭებს იყენებდა. 1935 წლისათვის საკანალიზაციო ქსელის ხაზების სიგრძემ 172 კილომეტრს მიაღწია. ამ დროისათვის თბილისის შენობების 72% უკვე შეერთებული იყო საკანალიზაციო სისტემასთან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი