logo_geo
რატომ არის ადამიანი სიზარმაცისკენ მიდრეკილი - ახალი კვლევა
- +

24 სექტემბერი. 2018. 19:19

 

ყველამ ვიცით, რომ ვარჯიში კარგია. ისიც ვიცით, რომ დიდხანს ჯდომა მავნებელია. გამომდინარე აქედან, საინტერესოა, რაღატომ ცხოვრობს მრავალი ჩვენგანი ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესით?

 

მოკლედ რომ ითქვას, მიზეზი თავის ტვინია. ახალი კვლევის მიხედვით, სიზარმაცე ტვინისთვის თანდაყოლილია და წარმოადგენს ევოლუციური გადარჩენის მექანიზმს და ახასიათებს ცხოველთა სამეფოს ასობით სახეობას.

 

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერ მატიე ბუასონტიეს განცხადებით, ენერგიის შენახვა გადამწყვეტი იყო ადამიანის გადარჩენისთვის, რადგან უფრო კარგად ვეძებდით საკვებსა და თავშესაფარს, ადვილად ვიგდებდით ხელში სექსუალურ პარტნიორს და ვიგერიებდით მტაცებლებს.

 

მისივე თქმით, დღეს ასე მომძლავრებული ფიზიკური არააქტიურობა შეიძლება, გამოწვეული იყოს ტვინში მიმდინარე პროცესებით, რომლებიც ევოლუციის დროს განვითარდა და გაძლიერდა.

 

ახალი კვლევის ფარგლებში, ბუასონტიე და მისი ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, რამდენად ღრმად იყო სიზარმაცე ფესვგადგმული ადამიანის ტვინში. ამისათვის, ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG) ისინი ზომავდნენ ჩვენს კოგნიტურ პასუხებს ფიზიკური აქტივობიდან და უმოძრაობიდან მომდინარე სტიმულებთან მიმართებაში.

 

ექსპერიმენტის ფარგლებში, 29 ახალგაზრდას მისცეს კომპიუტერული სავარჯიშო, რომელშიც მათ ეკრანზე გამოტანილი ავატარი უნდა ეკონტროლებინათ.

 

ეკრანზე გამოდიოდა სხვადასხვა ფოტოები, რომლებიც ასახავდნენ ფიზიკურ აქტიურობასთან (კიბეზე ასვლა, მოტოციკლის ტარება და ა.შ.) ან პასიურობასთან დაკავშირებულ ქცევებს (მაგალითად, ჰამაკში წოლას).

 

კლავიატურის კონტროლის გამოყენებით, მონაწილეებს თავიანთი ავატარები უნდა გადაეადგილებინათ ფიზიკური აქტივობის ამსახველი ფოტოებისკენ და მოეცილებინათ პასიურობის ამსახველი სურათებისთვის. მათ ასევე უნდა გაეკეთებინათ საპირისპირო - ავატარი მოეცილებინათ ფიზიკური აქტივობისთვის და მიეახლოვებინათ პასიურობის მაგალითებისთვის.

 

ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წარსულში ჩატარებულ სხვა კვლევათა შედეგები - ადამიანები სწრაფად არიდებენ თავს პასიურ ქცევებს და მიემართებიან აქტიური ქცევებისკენ.

 

მაგრამ კვლევამ ასევე აჩვენა რაღაც ახალი - ელექტროენცეფალოგრაფის სენსორების ჩანაწერების წყალობით, ნათელი გახდა მონაწილეთა თავის ტვინის ქერქის პასუხები სიმულაციის დროს.

 

მატიე ბუასონტიეს განცხადებით, კვლევის ყველაზე ამაღელვებელი მიგნება ის არის, რომ როგორც გაირკვა, ფიზიკური პასიურობისთვის სწრაფი თავის არიდებისას ტვინი გარკვეულ საფასურს იხდის - იზრდება ამ პროცესში ჩართული მისი რესურსები. პროფესორის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის თავის ტვინი არსებითად მიდრეკილია პასიური ქცევებისკენ.

 

კვლევა პატარა მასშტაბის იყო და რაიმე დასკვნების გაკეთება, ჯერჯერობით ადრეა.

 

თუკი მკვლევართა ჰიპოთეზა მართებულია, გამოდის, რომ ტვინს დიდი კოგნიტური ძალისხმევა სჭირდება სიზარმაცის დასაძლევად.

 

ბუასონტიეს მაგალითად მოჰყავს ლიფტით ან ესკალატორით სარგებლობა სავარჯიშო დარბაზამდე მისასვლელად - თითქმის გაუცნობიერებელი არჩევანი, რომელიც უარყოფს თქვენი იქ ყოფნის მიზანს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი