logo_geo
NASA გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნას ახალი ძალებით იწყებს
- +

27 სექტემბერი. 2018. 18:59

 

 

მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის ძებნა მთლიანად მიკრობებზე ფოკუსირდება. თუმცა ბოლო წლებში, ისეთმა პროექტებმა, როგორებიცაა კეპლერი და HARPS-ი, რაღაც გასაოცარი ჩაიდინეს და ჩვენს ცოდნაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებთან დაკავშირებით. ამ დროისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიის მიერ აღმოჩენილია 3779 ეგზოპლანეტა, ათასობით სხვა პლანეტა კი დადასტურების მოლოდინშია. ეს ყველაფერი ძირითადად ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხერხდა. ამ კატალოგის განახლებასთან ერთად, სულ უფრო აღტკინებით ისმის კითხვა - არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვაგან, მზის სისტემის მიღმა არსებულ რომელიმე პლანეტაზე?

 

ახალი თაობის ინსტრუმენტების გამოჩენასთან ერთად, გარდაუვალია ახალ აღმოჩენათა ბუმი. მათ შორის უნდა აღინიშნოს NASA-ს მიერ ახლახან გაშვებული კოსმოსური ტელესკოპი TESS, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წელს გაეშვება, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ტელესკოპები - CHEOPS და PLATO. ციებ-ცხელება მატულობს. უკვე გვაქვს არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ გონიერი სიცოცხლის აღმოჩენის ამბიციაც, რომელიც შესაძლოა, უკვე შესული იყოს მოწინავე ცივილიზაციის ეტაპზე.

 

როგორც ირკვევა, სწორედ ეს იქნება NASA-ს ახალი ძალისხმევის მთავარი სამიზნე.

 

კონკრეტულად რომ ვთქვათ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აპირებს მოძებნოს ე. წ. ტექნოხელწერები - სიგნალები, რომლებიც შესაძლოა, მოწინავე ცივილიზაციათა ტექნოლოგიებს ეკუთვნოდეს.

 

დედამიწა ტექნოხელწერებს გამუდმებით ასხივებს, ყველაზე მძაფრად კი რადიოტალღების სახით.

 

ტექნოხელწერები ასევე შეიძლება მოიცავდეს ეგზოპლანეტიდან მომდინარე ლაზერულ გამოსხივებას, ხელოვნურ სინათლესა და სითბოს, ისევე როგორც ატმოსფეროში არსებულ დამაბინძურებელ ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ყოველივე არის ხელწერა იმისა, რომ პლანეტაზე მართლაც ყვავის მოწინავე ცივილიზაცია.

 

„2018 წლის აპრილში, აშშ-ის კონგრესში გაჩნდა ინტერესი, რომ NASA-მ დაიწყოს ტექნოხელწერების ძებნა სიცოცხლის ძიების პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

 

გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს უკვე ეძებენ სხვა ორგანიზაციებიც, მაგალითად კარლ სეიგანისა და ჯილ ტარტერის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი SETI (Search for Extraterrestrial Intelligence) და ფიზიკოს იური მილნერისა და სტივენ ჰოკინგის მიერ დაფუძნებული პროექტი Breakthrough Initiatives.

 

ისტორიულად, NASA-ს ჩართულობა ამ სფეროში მინიმალური იყო. SETI-ს პროგრამას ის 1990-იან წლებში დაფუძნებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა, შემდეგ კი პოლიტიკური ზეწოლის გამო დახურა.

 

მაგრამ ახლა, ძებნა იმდენად იმედისმომცემია, როგორც არასდროს. ბოლო პერიოდის აღმოჩენები ცნობისმოყვარეობის ცეცხლს ახალი საწვავით ამარაგებს.

 

„2015 წელს, კეპლერის ტელესკოპის მიერ ჩვენგან 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ე. წ. ტაბის ვარსკვლავის სინათლეში აღმოჩენილმა არარეგულარულმა ჩაბნელებებმა წარმოშვა სპეკულაციები, რომ თითქოს იქ უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა იყო. მაგრამ შემდეგ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჩაბნელების მიზეზი მტვრის ღრუბლებია“, - წერს NASA.

 

NASA-ს განცხადებით, ტაბის ვარსკვლავმა ნათლად აჩვენა კოსმოსში შეგროვებულ მონაცემებში ანომალიების ძებნის პოტენციური გამოყენებადობა, რადგან არ არის გამორიცხული, რომ მოწინავე ცივილიზაციის ტექნოხელწერები ერთი შეხედვით ნორმიდან უბრალო გადახრას ჰგავდეს.

 

არაფერი ვიცით, არსებობს თუ არა უკიდეგანო სამყაროში დედამიწის გარდა სიცოცხლე სადმე. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ამის შანსი ნამდვილად არსებობს.

 

არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ძლიერ ჰგავს ძალიან პატარა ნემსის ძებნას უზარმაზარ თივის ზვინში. მაგრამ ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენი ხელსაწყოები უფრო დიდ მაგნიტებს ემსგავსება, რომლებითაც რა თქმა უნდა, ამ ნემსის პოვნა გაცილებით მარტივია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი