logo_geo
რატომ კარგავენ მეხსიერებას სიმთვრალის დროს
- +

3 ოქტომბერი. 2018. 17:13

 

 

დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ხდება ისე, რომ მეორე დღეს ადამიანებს წინა დღეს მომხდარი გარკვეული მოვლენები აღარ ახსოვთ - მათი გონებიდან „რამდენიმე საათის მოვლენები იკარგება“. ამის შესახებ BBC წერს.

 

დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ამნეზია გახდა მსჯელობის საგანი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კანდიდატ ბრეტ კავანოს საქმეშიც. მას სამი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ეს კი 36 წლის წინ მოხდა, როდესაც ისინი სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი ქალის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კავანო ნასვამი იყო. მეორე ქალი კი ამბობს, რომ სტუდენტობის დროს, ნასვამმა კავანომ მისი თანდასწრებით შარვალი ჩაიხადა. თავად კავანო ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ის იმასაც კი ამტკიცებს, რომ ამ წვეულებებზე საერთოდ არ ყოფილა და ეს ისტორიები გამონაგონია.

 

ზოგიერთი კავანოს საქმესთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მას ალკოჰოლის გამო შესაძლოა ამნეზია დამართნოდა. თავად კავანო ამ ვერსიასაც უარყოფს.

 

მეხსიერებაში ასეთი ვარდნები მაშინ ხდება, როდესაც ტვინს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მომხდარი ამბები არ ახსოვს. აშშ-ის ალკოჰოლთან ბრძოლის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ასე იმიტომ ხდება, რომ ტვინის ნაწილი - ჰიპოთალამუსი, რომელიც მეხსიერებასა და მოვლენებს შორის კავშირზეა პასუხისმგებელი, ალკოჰოლური თრობის დროს ითიშება. შედეგად ინფორმაციის „ჩაწერისა და დამახსოვრების“ პროცესში ხარვეზები ჩნდება.

 

არსებობს მეხსიერების დაკარგვის ორი სახე:

 

  1. მეხსიერების ფრაგმენტული დაკარგვა - ეს ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამ დროს ადამიანს ფრაგმენტულად ახსოვს მომხდარი, თუმცა მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება არ შეუძლია ან უჭირს. ამ დროს ასევე არ ახსოვს მნიშვნელოვანი დეტალები.

 

  1. მეხსიერების სრული დაკარგვა - ეს ამნეზიის რთული ფორმაა. ამ დროს ადამიანს მომხდარიდან საერთოდ არაფერი არ ახსოვს. ასეთ შემთხვევაში მეხსიერების აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ისინი ტვინს არც კი დაუმახსოვრებია.

 

კვლევების თანახმად, ახალგაზრდა ადამიანების 30%-50%-ს ერთხელ მაინც ჰქონია ალკოჰოლის გამო მეხსიერებაში პრობლემა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი