logo_geo
დაბინძურებული ჰაერი ორსული ქალების საშვილოსნოშიც აღწევს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 21:07


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ფილტვებიდან პლაცენტაში შეიძლება მოხვდეს.

ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი ორსულობასა და ჩანასახის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ლონდონში მცხოვრები ორსული დედების პლაცენტებში მურის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომლის წყაროც დაბინძურებული ჰაერია. მეცნიერების თქმით, დიდი შანსია, რომ ნაწილაკები პლაცენტის გარდა, ჩანასახშიც ხვდებოდნენ.

 

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვას ჩანასახის განვითარებაზე უდიდესი გავლენა აქვს. თუ თქვენ ორსული ხართ, ძლიერად დაბინძურებულ ადგილებში არ უნდა გადაადგილდეთ“, - ამბობენ კვლევის ავტორები.

 

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 5 არამწეველი ქალის პლაცენტა შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელი ბავშვები ეყოლათ. მეცნიერებმა პლაცენტიდან იმუნური სისტემის უჯრედები, მაკროფაგები გამოყვეს. მათი ფუნქცია ორგანიზმში არსებული უცხო სხეულებისა და სხვადასხვა პათოგენების შთანთქმაა. მეცნიერები მაკროფაგებს მიკროსკოპით დააკვირდნენ და მასში მურის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ამ ყველაფრის საბოლოო დადასტურებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მეცნიერები მიღებულ შედეგებში თითქმის დარწმუნებულები არიან:

 

„ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, რომ მურის ნაწილაკებმა საშვილოსნოდან ჩანასახშიც შეაღწიონ, ჩვენი გათვლებით, ეს სავსებით შესაძლებელია. ისიც ვიცით, რომ ნაწილაკებს ჩანასახზე უარყოფითი გავლენის მოხდენა მასში შეღწევის გარეშეც შეუძლიათ“, - ამბობენ მეცნიერები. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად, უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო.

 

 


წყარო : wyaro
big_banner
არქივი