logo_geo
რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ბავშვთან ერთად და რომელი ზღაპრები უნდა უამბოთ მას - შალვა ამონაშვილის რჩევები
- +

11 ოქტომბერი. 2018. 12:34

 

ბავშვებს უნდა უკითხოთ ბევრი – პაუზებით, ემოციურად, მშვიდად...

 

მოუყევით ზღაპრები მასზე, მისი გმირობების შესახებ. ზღაპარი დიდი აღმზრდელობითი ძალაა. მოუყევით ჩურჩულით, ინტონაციებით, ემოციებით. გააზღაპრეთ ბავშვის ცხოვრება, აქციეთ ის ზღაპრის გმირად და მოუწოდეთ სიკეთისკენ, გმირობისკენ.

 

უკითხეთ ქართული პოეზია, ქართული მოთხრობები, „ვეფხისტყაოსანი“. ლექსები სასურველი კი არა, აუცილებელია მეხსიერებისთვის, ლექსიკისთვის, კარგი ფიქრებისთვის.

 

სამი წიგნი, რომელიც ბავშვთან ერთად (დაახლოებით 10 წლიდან) უნდა წაიკითხოთ:

 

  1. „პატარა უფლისწული“ – ანტუან სენტ-ეგზიუპერი;
  2. „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ – რიჩარდ ბახი;
  3. „ლურჯი ფრინველი“ – მორის მეტერლინკი;

 

ჩვენთვის ძნელია აღვუვლინოთ ქება-დიდება იმ დიდ მნიშვნელობას, რაც შეიძლება გააკეთოს წიგნმა და კითხვამ ბავშვის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, შემდეგ კი – მთელ მის კულტურულ ცხოვრებაში. წიგნი და კითხვა დახვეწს მის გრძნობებს, აზრებს, ურთიერთობებს, გააფართოებს შემეცნებას, გაამდიდრებს ფანტაზიას, დაეხმარება მსოფლმხედველობითი შეხედულებების განსაზღვრაში.

 

წიგნი და კითხვა გახდება შესანიშნავი ხატებით სულიერი სამყაროს გამდიდრების ამოუწურავი წყარო.

 

წიგნსა და კითხვას შეუძლია სასწაული მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაში, ოღონდ სამი პირობის დაცვით: გიყვარდეს წიგნი, შეგეძლოს წიგნის შერჩევა, შეგეძლოს ფიქრი წაკითხულზე.

 

რა არის ჩვენი, მშობლების საზრუნავი? ის, რომ აღვზარდოთ ბავშვში წიგნისადმი სიყვარული, ვასწავლოთ, როგორ აირჩიოს წასაკითხი წიგნი, რა წაიკითხოს და რა - არა. განუვითაროთ უნარი იფიქროს წიგნზე და გამოიტანოს გაკვეთილები წაკითხულიდან.

 

ბავშვმა რომ შეიყვაროს წიგნი, მოდით, იმით დავიწყოთ, რომ ადრეული ბავშვობიდან აღიქვას ადამიანი წიგნით. დაე, ბავშვმა, სანამ იგი პატარაა, ბევრჯერ დაინახოს: ჩვენ ხელში წიგნი გვიჭირავს, ვფურცლავთ მას, ვკითხულობთ; ვდგავართ წიგნის თაროსთან, ვიღებთ წიგნს, ვშლით, რაღაცას ვპოულობთ, ვაბრუნებთ ადგილზე.

 

თუ ეს ჩვენი ოჯახური ცხოვრების ჩვეულებრივი სურათი იქნება, მაშინ წიგნისა და კითხვისადმი სიყვარულის დიდებული სახე ბავშვის სულში გაიტანს თავის ფესვებს.

 

შემდეგ ასე გავაკეთოთ: ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში, და რაც შეიძლება ხშირად, დავისვათ თოთო ბავშვი მუხლებზე, ვფურცლოთ მის წინ საბავშვო წიგნი მშვენიერი, კეთილი და გონიერი ნახატებითა და ტექსტით, ვუთხრათ და გავუმეოროთ, რომ ესაა წიგნი, ვუკითხოთ ნელა, გამოთქმით, ინტონაციით, რომელიც შინაარსს შეესაბამება.

 

ნუ შევცბუნდებით, რომ ბავშვი ყველაფერს ვერ გაიგებს. მთავარია, რომ მან შეიწოვოს წიგნისა და კითხვის ხატი, წიგნისადმი ფაქიზი დამოკიდებულების ხატი, გრძნობდეს, რომ წიგნში არის რაღაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.

 

ეს მეცადინეობა, ემოციური და შინაარსიანი, სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება. დადგება დრო, როდესაც ბავშვი თავად გიჩვენებთ თითით წიგნს და მოგთხოვთ, მისცეთ იგი მას ან წაუკითხოთ.

 

შემდეგ, როდესაც სამი-ოთხი წლისა გახდება, დაიწყება დიდი ეპოქა ბავშვის ცხოვრებაში: ჩვენ ვუკითხავთ მას წიგნებს. ვუკითხავთ მუდმივად, ვუკითხავთ გამომეტყველებით, ინტონაციებით. მალე დავინახავთ, რომ ბავშვი მოგვთხოვს, ვუკითხოთ და ვუკითხოთ ერთი და იგივე წიგნი, შეიძლება მთელი ტექსტი ზეპირადაც კი ისწავლოს. დავინახავთ კიდევ, რომ ის თავად ფურცლავს წიგნს და „კითხულობს“. ჩვენ გვიხარია, როდესაც ამას ვხედავთ და ვახალისებთ მას.

 

ჩვენ გავამრავალფეროვნებთ წიგნებს, ვუკითხავთ ბავშვს დღეში რამდენჯერმე, ვსაუბრობთ, ვიცინით, ვწუხვართ. შემდეგ, როდესაც ბავშვს რამეზე ვესაუბრებით, ვიხსენებთ წაკითხულს, წიგნის გმირებს, მათს საქციელს, ვუკავშირებთ მათ ჩვენს ცხოვრებას.

 

თუ ბავშვი ისწავლის ასოების გამოცნობას, ასოებისგან სიტყვების შედგენას ანდა კითხულობს წიგნიდან სიტყვებსა და წინადადებებს, ნუ იფიქრებთ, რომ კიდეც უკვე ისწავლა კითხვა და ამიერიდან, დაე, თვითონ იკითხოს წიგნები.

 

რასაკვირველია, იკითხოს, როგორც შეუძლია, ივარჯიშოს, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს კითხვას. არასოდეს ვეუბნებით უარს, როდესაც გვთხოვს, რომ წავუკითხოთ წიგნი. ვნახულობთ დროს, მოვეწყობით მოხერხებულად და ვკითხულობთ, ვკითხულობთ გატაცებით. ის გვაჩერებს, გვეკითხება, რაღაცას აზუსტებს, ჩვენ ვმსჯელობთ მასთან ერთად, განვიცდით, თანავუგრძნობთ წიგნის გმირებს და ცრემლსაც კი ვღვრით. არ შეიძლება ვიკითხოთ უგულოდ, თანაგრძნობის გარეშე, უნდა ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რაც წიგნშია აღწერილი. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენ ცრემლებს, ცრემლები სულს გვიკაჟებენ.

 

თავი დავანებოთ კარგად გავრცელებულ გულუბრყვილო ეშმაკობას, როდესაც უეცრად „ყველაზე საინტერესო ადგილას“ ვწყვეტთ კითხვას და ვეუბნებით ბავშვს: „აქედან შენ თვითონ წაიკითხე!“ ეს არაა წიგნისადმი ინტერესისა და მისი სიყვარულის განვითარების საუკეთესო მეთოდი. ეს წიგნის კითხვის იძულებაა.

 

ბავშვი, რასაკვირველია, ისწავლის კითხვას, მაგრამ, როდესაც უსმენს, დედის ან მამის კითხვას, ესეც კითხვის სწავლაა, ბავშვი შინაარსობრივი კითხვის ხატს იძენს. თავად რომ იკითხოს, ემოციურად ვერ წაიკითხავს, ვერც კონტექსტებსა და ქვეტექსტებს გაიაზრებს. უფროსის გამომეტყველებით კითხვა კი შესანიშნავი პირობაა, რომ ბავშვმა თანაუგრძნოს გმირებს და სრულად აღიქვას ტექსტის შინაარსი.

 

ბავშვს უყვარს, როდესაც მას უკითხავენ, როდესაც ვინმესთან ერთად – ძმასთან, დასთან - უსმენს კითხვას. იქნებ, ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ საოჯახო კითხვის კეთილი ტრადიციები?

 

ბავშვი იზრდება, ის უკვე სკოლის მოსწავლეა, გადავიდა მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასში. ჩვენ ვნახულობთ დროს, იქნებ შაბათ-კვირაობით, არდადეგების დროს, საღამოობით, რომ ვიკითხოთ წიგნები მასთან ერთად. ვკითხულობთ უფრო სერიოზულ ნაწარმოებებს. კვლავ განვიცდით, ვდარდობთ და გვიხარია, ვჩერდებით და ვმსჯელობთ, ხელახლა ვკითხულობთ. ვკითხულობთ გაგრძელებით.

 

- შევისვენოთ, შემდეგ გავაგრძელოთ!

 

- როდის შემდეგ? - იკითხავს ბავშვი.

 

ის ხედავს, როგორ ვარჩევთ წიგნებს. მასაც ვიშველიებთ ამ საქმეში. „რაზეა ეს წიგნი?“, „აი ეს ძალიან საინტერესოა!“ ვიწყებთ დიუმას კითხვას, ვსხედვართ დივანზე საათობით და ვკითხულობთ, თავადაც გატაცებული ვართ.

 

გმირების ცხოვრების ამბები, მათი სახეები, ქცევები, იდეალები, ვნებები და კიდევ მწერლის თხრობის სტილი ავსებს ბავშვის სულიერ სამყაროს და ჩვენ სულიერ სამყაროსაც. ბავშვთან ერთად გვიჩნდება თემები საუბრებისა და ფიქრისათვის. ჩვენს შორის ისახება, მკვიდრდება სულიერი ერთობა, რომელსაც თან ახლავს ურთიერთნდობა, ურთიერთგაგება.

 

ჩვენ ყველანი – ჩვენი ბავშვები და მასთან ერთად მშობლები _ ვიზრდებით, ვზრდით ერთმანეთს, ვზრდით შვილებსაც და საკუთარ თავსაც. ჩვენ შევიმეცნებთ ჩვენს ბავშვს, ის შეიმეცნებს თავის მშობლებს.

 

თანდათანობით ივსება თაროები წიგნებით. ჩვენ სპეციალურად გადავდებთ ფულს წიგნების საყიდლად. ზოგჯერ ვთხოვთ მეზობლებს ერთი-ორი დღით გვათხოვოს ჩვენთვის საინტერესო წიგნი. უნდა მოასწრო, რომ წაიკითხო და უკან დაუბრუნო. სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მიერ მოწონებულ წიგნებს სხვებს: გირჩევთ, წაიკითხოთ!

 

დადგება დრო, როდესაც ბავშვი, უკვე მოზარდი, შემდეგ ჭაბუკი, გატაცებით იწყებს კითხვას დამოუკიდებლად.

 

- რას კითხულობ? - ვეკითხებით ჩვენ.

- ახალ რომანს!

- ხომ მათხოვებ, მერე მეც რომ წავიკითხო?..

ზოგჯერ ის თავად გვთავაზობს:

- წაიკითხე ეს წიგნი. საინტერესოა! - და ჩვენ ვიღებთ რჩევას, ვკითხულობთ.

 

ოჯახში მკვიდრდება ტრადიცია: სხვადასხვა საჩუქრებს შორის, რაიმესთან დაკავშირებით, თუ ისე, ერთმანეთს წიგნებს მივართმევთ სამახსოვრო წარწერებით. უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიღოთ ასეთი საჩუქარი ჩვენი ბავშვისგან: გამოვხატოთ სიხარული, აღტაცება, მადლიერება.

 

და როდესაც დავრწმუნდებით, რომ მას შეუძლია წიგნების შერჩევა, ყიდულობს და კითხულობს კარგ წიგნებს (ვინაიდან არის ცუდებიც), გვიზიარებს ჩვენ და თავის მეგობრებს შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ, და როდესაც დროდადრო გვიხდება მისთვის თქმა: „გეყოფა კითხვა, გაისეირნე ცოტა“, ან - „გეყოფა კითხვა, უკვე გვიანია, ხვალ ადრე უნდა ადგე!“ - ამ დროს გულში შეიძლება გვიხაროდეს კიდეც, რომ შევძელით და ჩავუნერგეთ შვილს ისეთი დიდი პიროვნული ღირსება, როგორიცაა სიყვარული წიგნისა და კითხვისადმი. იგი დაეწაფა უშრეტ სულიერ-ზნეობრივ წყაროს – წიგნს, კულტურას.

 

შალვა ამონაშვილი

 

(მომზადებულია მისი ლექციებიდან და წიგნიდან „აღზრდის სიმფონია“)

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი