ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნოტების სახელები მე-11 საუკუნეში მოღვაწე მუსიკის თეორეტიკოსის, გვიდო დ'არეცოს შექმნილია. მან სანოტო სისტემის საფუძვლად წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი კათოლიკური საგალობელი „Ut queant laxis" გამოიყენა. მან აკროსტიხის პრინციპის თანახმად ამ საგალობლის სტროფების საწყისი ასოები აიღო და მათი საშუალებით ნოტები - ut, re, mi, fa, sol, la შექმნა. საინტერესოა რომ ამ საგალობელში ყოველი სტროფი წინაზე უფრო მაღალ ტონში იმღერებოდა, შესაბამისად გვიდოს ჩანაფიქრიც ოპტიმალური იყო. როგორც მოგახსენეთ საგალობელს „Ut queant laxis" ერქვა და მისი ტექსტი შემდეგი გახლდათ:
UT queant laxis
RE sonare fibris
MIra gestorum
FAmuli tuorum
SOLve polluti
LAbii reatum
Sancte Ioannes.
პირველი ნოტი UT მოგვიანებით DO -თი ჩაანაცვლეს, მიზეზი მისი მოუხერხებელი ჟღერადობა გახლდათ. ეს ცვლილება ვინმე ჯონ დონს მიეწერება, რომელმაც დაახლოებით 1540 წელს ნოტს სახელი უზენაესის საპატივცემულოდ DO უწოდა (ლათინ.Dominus - ღმერთი, უფალი). მეშვიდე ნოტი შუა საუკუნეებში გაბატონებულ ექვსსაფეხურიან ხმათაწყობაში თავდაპირველად არ შედიოდა და მოგვიანებით, დაახლოებით 1574 წელს თანამედროვე ოქტავურ სისტემაზე გადასვლისას მუსიკის თეორიტიკოსებმა მეშვიდე ნოტს SI უწოდეს. ამ სახელის შერჩევისას გვიდო დ'არეცოს მიბაძეს და ზემოთხსენებული წმინა იოანეს საგალობელში არსებული ბოლო სტროფიდან წმინდანის ინიციალები SI (Sancte Ioannes) გამოიყენეს.