logo_geo
ჭაბუა ამირეჯიბი: ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა...
- +

15 იანვარი. 2017. 10:57


 

დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია... პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული.


არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.


შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!


ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.


ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.


ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა...


აზრები ჰომეროსიდან ვუდი ალენამდე

შეადგინა ალექსანდრე ქურხულმა, გამომცემლობა "არტანუჯი", 2016წ.


 

big_banner
არქივი