logo_geo
წერილები ბიძია თომას ქოხიდან: პირველი მეღვინეები ქართველები ხართ?
- +

6 დეკემბერი. 2018. 13:48

 

ჩემი ამერიკელი facebook-მეგობარი თომას სტოუ ორიოდ დღის წინ გაგაცანით და მისი პირველი წერილიც გამოვაქვეყნე. უნდა ვაღიარო, მოუთმენლად ველოდი მორიგ გზავნილს, რადგან, ჯერ ერთი, უაღრესად არაორდინარული პიროვნება გამოდგა და მეორეც, საქართველოთი მისმა დაინტერესებამ ჩემში ერთგვარი ინტრიგა გააღვიძა.

 

გუშინ ღამით დამხვდა „ფეისბუქში“ მისი საფირმო „Hello Georgian Tom!“ ტრადიციული ზრდილობიანი სალამ-ქალამის შემდეგ მწერს:

 

„მთელი 27 საათი ვერ შეგეხმიანე. წარმოიდგინე, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ესპანელ და ფრანგ სეხნიებთან მქონდა დიდი ბრძოლა. ორივე მიიჩნევს, რომ ვაზის კულტურა მისი ქვეყნიდან გავრცელდა. მე კი მახსოვს, საქართველოში ყოფნისას ერთი დღე კახეთში გავატარე და იქ, სოფელ წინანდალში (სოფელს Cinandly-დ მოიხსენიებს) ერთ ოჯახში დიდი ლექცია წამიკითხეს ვაზის წარმოშობასა და ისტორიაზე. ნუ დაიზარებ, იქნებ მეცნიერულად დასაბუთებული ვერსია მოკლედ მიამბო“.

 

აბა, ამას როგორ დავზარდებოდი. მთელი ღამე ინტერნეტში ვიქექებოდი და დილით მივწერე:

 

„მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი.  ქვემო ქართლში, თბილისიდან სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეულ გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და ანალიზის შედეგად, ისინი ვაზის კულტურულ სახეობა Vitis Vinisfera Sativa-ს მიაკუთვნეს.

 

ჩემს წინაპრებს პირველად 8000 წლის წინ დაუწურავთ ღვინო. ამაზე ერთი ასეთი ლეგენდაც არსებობს:

 

„ღმერთი დედამიწაზე ვაზის გასაშენებლად ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები იქნებოდა დამარხული. ასეთი ადგილი საქართველოში  აღმოუჩენია. როდესაც ღმერთს მოსავალი მოუწევია და დაუწურია, სასმელს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყოლია, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. ამიტომ, როცა ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ბულბულის გალობას ემსგავსება, როდესაც ზომას მცირედ აჭარბებს — ლომის დარად  ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება; აი, ძალიან ზედმეტი რომ მოსდის, ადამიანი ღორს ემსგავსება. თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს“.

 

პასუხის მოლოდინში ჯერ რამდენიმე უაზრო ასო ამომიხტა, მერე მომწერა, სიცილისგან სული ძლივს მოვითქვი, ახლა დამიდგნენ წინ თვითმარქვია ესპანელი და ფრანგი თომები, წინანდალში 135 წლის ვაზი მაქვს ნანახი და მისი ყურძენიც კი დავაგემოვნეო.

 

 

 

 

 

 

საუკუნოვანი ვაზი

 

დავინტერესდი, წინანდალში როგორ მოხვდი-მეთქი და აი, რა მიამბო:

 

— კახელები თბილისელებზე უფრო მუქკანიანები კი არიან, მაგრამ ეს აფრო-ამერიკელი კაცი, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან გამოვირჩეოდი და ხელად მიხვდნენ, ტურისტი რომ ვიყავი. ერთი კაცი  მოვიდა და გამეცნო, უშანგი მქვიაო. რომ გაიგო, ამერიკელი ვიყავი, გაუხარდა, კალიფორნიაში ქართული ვაზის გაშენებაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვისო...

 

მეტი რა გითხრა? შენიანების ამბავი ჩემზე უკეთ მოგეხსენება, დღის დანარჩენი მონაკვეთი წინანდალში, მის მარანში გავატარე. იქ გავიცანი ბევრი უცნაურსახელიანი ადამიანი, რომლებსაც ვერაფრით დავიმახსოვრებდი და ამიტომ ჩავიწერე: მლაშე ვანო, პროქტოლოგა გივია, უკარება თენგო, ფუკა ლევანა, ქრისტე ჯემალა, ხაშლამა ავთო... კიდევ ბევრი სხვაც, მაგრამ მერე წერის თავი აღარ მქონდა.

 

ერთი მახსოვს, რომელიღაცის ოჯახში კედელზე საყვირი დავინახე. აბა, მუსიკოსი კაცი როგორ მოვითმენდი - უკითხავად ჩამოვიღე და ლუი არმსტრონგის კომპოზიცია დავუკარი. ვიფიქრე, გავაკვირვებ და თავს მოვიწონებ-მეთქი...

 

ასე 12 წლის ბიჭი მომიჯდა გვერდში, ხელში ლეპტოპით, ქართული ანიმაცია მანახა, რომელშიც  ჩემი თანამემამულე „საჩმო“ იმავე მელოდიას ასრულებდა...

 

ახლა უნდა დაგემშვიდობო, ესპანელ და ფრანგ სეხნიებთან „საბრძოლველად“ უნდა მოვემზადო. GOODBYE!

 

 

 

 

 

 

 

 

 

მივხვდი, ეს ანიმაციური ფილმი რეზო გაბრიაძის დიდებული ქმნილება „კოჯრის ტყის ზღაპრები“ იყო.

 

ამის მერე დავუკავშირდი ერთ ჩემს კახელ მეგობარს და თომას მასპინძლების მეტსახელების გაშიფვრა ვთხოვე. მითხრა, მლაშე ვანოს იმიტომ ეძახიან, რომ ზღვაში ორჯერ იხრჩობოდა და გადარჩაო, გივია მანქანის „გლუშიწელის“ ხელოსანია და პროქტოლოგა იმიტომ ჰქვია, უკარება თენგოს ორჯერ დაეცა მეხი და არაფერი მოუვიდა, ფუკა ლევანას ცოლი მეზობელმა წაართვა, ქრისტე ჯემალა მკვდარი გვეგონა და მესამე დღეს გაცოცხლდა, ხაშლამა ავთო კიდე ბალღობაში ადუღებულ წყალში ჩავარდა და...

 

ასეთი გახლდათ ამერიკელი ბიძია თომას მეორე წერილი ლუიზიანას შტატის ერთი „ქოხიდან“. თქვენი არ ვიცი, მე კი დიდი ინტერესით ველი მის მორიგ შეხმიანებას.

 

 

თომა ქართველი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი