logo_geo
როგორ არჩევდნენ ძველად საზედაშე ქვევრებს - რატომ იკრძალებოდა მარანში ბილწსიტყვაობა
- +

7 დეკემბერი. 2018. 22:25

 

 

ისტორიულად საქართველოს ბარში თითქმის ყველა მარნის მფლობელ ოჯახს ჰქონდა ზედაშის ქვევრი, რომელშიც მზადდებოდა როგორც ეკლესია-მონასტრებისათვის შესაწირი, ისე საეკლესიო დღესასწაულებზე საშინაო მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო. ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის. ზედაშის ქვევრების ადგილსამყოფელს გულისყურით არჩევდნენ, რათა ტექნოლოგიური პროცესისთვის შესაფერისი გარემო შეერჩიათ და ამავე დროს , დაეცვათ მისი საკრალური მნიშვნელობა. 

 

გიორგი ჩერქეზიშვილის კვლევით, ქართლი და რაჭა, განსხვავებით იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთისაგან, ოჯახების მიერ შეწირული ზედაშეების მოხმარების მხრივ, რიგი თავისებურებით გამოირჩევა. ქართლსა და რაჭაში შეწირული ღვინის ზედაშის თავღვინოს ოჯახები ხატში აგზავნიდნენ, დანარჩენებს შინ მოიხმარდნენ, მისი გასესხება და გაყიდვა აღკვეთილი იყო. იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში და აფხაზეთში ღვინის ზედაშის მოხმარების ასეთივე ფორმებთან ერთად გავრცელებული ყოფილა , აგრეთვე , ღვინის ზედაშის მთლიანად სახლში მოხმარება, მისი ნაწილის ხატში გაუგზავნელად. საზედაშე ქვევრთან ოჯახში სრულდებოდა სათანადო დღეობის რიტუალი. 

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მთელ ამ მისტერიასა და ადათწესებში ზედაშეების მოვლა-პატრონობა უფროს კაცს ევალებოდა. საზედაშე ქვევრებთან და ღვინოსთან ქალის როლი არსად ჩანს. საზედაშე ქვევრთან ჩატარებულ რიტუალებში ქალი მონაწილეობას ვერ მიიღებდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ მხარეში ხალხის რწმენით, თუ ზედაშეს შეეხებოდა ქალი, ეს მის ავადმყოფობას გამოიწვევდა. ქალს არც ვენახისთვის შეწირული სარიტუალო კვერის შეჭმის უფლება ჰქონდა, სანამ რიტუალი არ დამთავრდებოდა. როგორც ზედაშის ქვევრების რაოდენობა და ტევადობა არ იყო მკაცრად განსაზღვრული. დაფიქსირებულია პატარა ქვევრებიც, რომელსაც „ქოცოს“ ეძახიან აღმოსავლეთ საქართველოში და არის დიდი ტევადობის ქვევრიც. ქართლსა და სამეგრელოში, ყურძნის მოუსავლიანობის შემთხვევაში, ვაზის ტოტს მოჭრიდნენ და ქვევრში ჩააყუდებდნენ, რაც ზედაშის მაგივრობას წევდა. იმერეთში საზედაშე ორშიმოდ ცნობილი ღვინის ამოსაღები ჭურჭელი მხოლოდ საზედაშე ღვინის ამოსაღებად იყო განკუთვნილი. მონასტრებსა და ხალხურ დღეობებში საზედაშე ღვინისთვის ცალკე ჭურჭელი იყო გამოყოფილი, რომელიც მონასტერთან ან სალოცავთან იყო ჩაფლული. 

 

სხვადასხვა ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, რომ საზედაშე ღვინის დაყენების პროცესის დროს არა მხოლოდ ჰიგიენური წესების დაცვა იყო აუცილებელი, არამედ ესთეტიკურისაც. კერძოდ, ღვინის დაყენების პროცესში ნასვამი მამაკაცი მონაწილეობას არ იღებდა, ხოლო ვინც ამ დროს მარანში ბილწსიტყვაობდა ან ზედმეტს ხმაურობდა, მას მარნიდან ითხოვდნენ. ყურძნის წურვის დროს მარანში აუცილებლად ინთებოდა წმინდა სანთელი. რაჭაში ძველად უარსებია ერთ წესს: მამაკაცი, რომელიც საწნახელში უნდა ჩამდგარიყო ყურძნის დასაწურად, გარკვეული დროით, რამდენიმე დღე, მეუღლისგან განცალკევებით იძინებდა. 

 

ზედაშის ღვინის დაყენება ხდებოდა როგორც ხატის, ისე კერძო მფლობელობაში მყოფი ვენახებიდან. გვარი ან სოფელში შემავალი სხვადასხვა გვარები საკუთარი ვენახიდან მოწეული ღვინის პირველ და საუკეთესო ნაწილს წაიღებდნენ, საერთო ქვევრში ჩაასხამდნენ, ხატს შესწირავდნენ, დათქმულ დღეს მოხსნიდნენ და ერთად დალევდნენ. ხატის ვენახები წარმოდგენილი იყო საოჯახო, საგვარო და სასოფლო სარგებლობის ფორმით. სახატე-სავენახე მიწით სარგებლობა, მეტნაკლებად, თითქმის ყველა ქართველურ ტომში იყო წარმოდგენილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი