logo_geo
დღეს საღამოს NASA ხომალდ „Voyager 2“-ის შესახებ დიდ სიახლეს გაგვაცნობს
- +

10 დეკემბერი. 2018. 14:22

 

 

მზის სისტემის ზუსტი საზღვრების დადგენა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ასტრონომებს მთელი წელი დასჭირდათ, რათა დაედასტურებინათ, რომ 2012 წელს ხომალდი „Voyager 1“ ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა.

 

თუმცა, მალე შესაძლოა დადასტურდეს, რომ ჰელიოპაუზა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა მისმა ტყუპისცალმა ხომალდმა „Voyager 2“-მაც. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ჯონათან ო’კალაგჰენი ავრცელებს, თუმცა ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

 

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მზის სისტემის საზღვარი რამდენიმენაირად შეიძლება გაიზომოს. დამწყებთათვის ყველაზე მარტივად გასაგები იქნება, თუ ვეტყვით, რომ მზის სისტემა მთავრდება იქ, სადაც სრულდება მზის გავლენა.

 

ეს კი რამდენიმე რამეს ნიშნავს: ადგილი, სადაც ვეღარ აღწევს მზის სინათლე; სადაც სრულდება მზის ქარები და მაგნიტური ველი, ანუ აღარ მოქმედებს მზის გრავიტაცია.

 

ვარსკვლავთშორის სივრცესთან მიღწევა ნამდვილად საგმირო საქმეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე „Voyager“ ბოლოს და ბოლოს იფრენენ ვარსკვლავებს შორის არსებულ სივრცეში, სადაც მათზე უკვე აღარ მოქმედებს მზის ქარები. ხომალდები გალაქტიკის ცენტრის გარშემო მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებენ.

 

დადასტურებით ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე NASA-მ პრესკონფერენცია ჩანიშნა, რომელზეც საზოგადოებას უნდა მიაწოდოს სიახლე Voyager 2-ის შესახებ.

 

არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქმე სულაც არ ეხებოდეს მზის სისტემის დატოვებას, რადგან როგორც ცნობილია, 2012 წელს „Voyager 1“-მა ვარსკვლავთშორის სივრცეში მზისგან 121 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე შეაბიჯა (ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის), „Voyager 2“ კი ამჟამად მზისგან 119 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფება.

 

NASA-ს პრესკონფერენციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში, ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში, თბილისის დროით 20:00 საათიდან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი