logo_geo
წერილები ბიძია თომას ქოხიდან: ქართულ-ბასკური გურია, მჭადი, საცივი და სხვა
- +

16 დეკემბერი. 2018. 20:42

 

ჩემი ამერიკელი მეგობარი თომა სტოუნი, რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ კვლავ შემეხმიანა. როგორც ყოველთვის, ახლაც მოულოდნელი და საინტერესო გამოდგა მასთან გასაუბრება.

 

„ჩემო ქართველო მეგობარო, მოუცლელობის გამო ვერ დაგიკავშირდი. სტუმრები მყავდა ესპანეთიდან. მათ შორის იყო წარმოშობით ბასკი თომა ურიარტე. როდესაც გაიგო, რომ ქართველი სეხნია მოვძებნე, მითხრა ჩვენ, ანუ ბასკები და ქართველები, შორეული ნათესავები ვართ, ორივეს იბერიული ფესვები გვაქვსო. ეგ არის, არ იცოდა, ბასკები ჩამოვიდნენ კავკასიიდან პირინეის ნახევარკუნძულზე, თუ პირიქით, ქართველები გადასახლდნენ ესპანეთიდან დღევანდელ საქართველოში. იმედი მაქვს, შენ უფრო მეტი ინფორმაცია გექნება. თუ მოახერხებ მომწერე და მე ჩვენს ბასკ სეხნიას „გავანათლებ“, რომელსაც ძალიან უნდა შენთან დამეგობრება და ალბათ მალე დაგეკონტაქტება“.

 

გამახსენდა სტუდენტობის წლები, 70-იანების დასაწყისი. მაშინ თბილისის უნივერსიტეტში გავიცანი ბასკი ქართველოლოგი გვარად კინტანა (სახელი არ მახსოვს), რომელთან ერთადაც ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე — ჩემთვის, რა თქმა უნდა.

 

ერთხელ, საუბრისას, გურულების დახასიათება მთხოვა. მეც იმ დროის ანეკდოტი გამახსენდა, გურულები ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ-მეთქი, ვუთხარი (ნუ მიწყენენ ჩემი გურული მეგობრები). გაუკვირდა და მითხრა, ბასკონიაში არის მხარე გიპუსკოა, ენაკვიმატი ხალხია და მათზეც ზედგამოჭრილია ეგ ანეკდოტიო.

 

თურმე ქართველებს ბასკების შესახებ ჯერ კიდევ X საუკუნეში სცოდნიათ და ცნობილ მწიგნობარ იოანე მთაწმინდელს უცდია კიდეც ესპანეთში მოგზაურობის მოწყობა:

 

„...ივლტოდის სპანიად, რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ“, - გიორგი მთაწმინდელი, „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“.

 

სამწუხაროდ, ეს მცდელობა ვერ განხორციელდა.

 

ამ საკითხს სოკრატე სქოლასტიკოსიც შეეხო: ევქსინის პონტოსთან (შავ ზღვასთან) მცხოვრები ეს იბერიელები გამოსული არიან იმ იბერიელთაგან, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიანო, წერდა.

 

ამავე აზრს იზიარებს ზოგი ევროპელი მეცნიერიც. თუმცა, როგორც უმეტესობა — მათ შორის, ქართველი მეცნიერები - თანხმდება, უფრო სავარაუდოა, რომ დღევანდელი ბასკების წინაპრები კავკასიიდან გადასახლდნენ ევროპაში, რადგან ბასკურ ენას არანაირი კავშირი არ აქვს ლათინურზე დაფუძნებულ ევროპულთან და იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

 

ამ მოსაზრებას ამყარებს ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი, გერმანელი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტი:

 

„კავკასიელ და პირინეის იბერებს აქვთ საერთო წარმომავლობა. ბასკები წამოსული არიან კავკასიის იბერიიდან და მოვიდნენ მცირე აზიის გავლით“.

 

დაახლოებით ამავე პოზიციას იზიარებენ ქართველი მეცნიერებიც: ნიკო მარი, ილია ტაბაღუა, შოთა ძიძიგური და სხვები.

 

ახლა იმ ფაქტებს მოგაწვდით, რომლებიც ბასკებისა და ქართველების ნათესაობის ალბათობას ამყარებს.

 

- ბასკებს შორის გვხვდება ქართულის ანალოგი გვარები: ლოლუა, ბოკერია, ინაური, ხუბულური, ნოდია და სხვა;

 

- გარდა ამისა, ბასკეთში გვხვდება ქართული ტოპონიმიკის იდენტური დასახლებები: გალი, გორი, ლენტეხი, მესტია;

 

- ქალაქ ბილბაოსთან კი არის მთა, რომელიც ხშირად ნისლშია გახვეული და ჰქვია „არჩანდა“;

 

- ბასკურ ქალაქებში ხშირად ნახავთ კაფე-რესტორნებს სახელწოდებით: „გურია“, რაც ბასკურად ნიშნავს „ჩვენთან“;

 

- ქართულში სიტყვა „ერი", ხოლო ბასკურში „ჰერრი“ ან „ერრი“, აღნიშნავს სოფელს, ქვეყანას, ხალხს;

 

 

ქართული „კორძი“ და ბასკური „იკორძი“ კი აღნიშნავს ამოზნექილს... და ასეთი ბევრია.

 

 

 

 

 

მთა არჩანდა ქალაქ ბილბაოსთან

 

თვალში საცემი მსგავსება ვლინდება არქიტექტურაშიც, ოდა-სახლების, ბანიანი აივნების, სახლის შიდა მოწყობილობაში, ოდის შუაცეცხლის, კერიის არსებობაში.

 

ბასკეთში დღესაც ნახავთ გურულ ნალიას, ასევე ქვიტკირის ხიდს, როგორებიც გავრცელებულია აჭარაში, საინგილოში, კახეთში. მსგავსება არის ეროვნულ ტანსაცმელშიც, უმეტესად, ხევსურულის ელემენტებში.

 

საოცარი მსგავსება ჩანს სამზარეულოშიც. ბასკეთშიც ამზადებენ მჭადსა და საცივს, უხვად იყენებენ პილპილსა (ბასკურად „პირიპირი) და მწვანილს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირენეული ნაგაზი

 

 

ამ ორი ხალხის ნათესაობის დადგენაში თავისი წვლილი შეიტანეს კინოლოგებმაც. მათი აზრით, იბერიული (კავკასიური) ნაგაზი მსგავსია პირენეული მასტიფისა. ეს უკანასკნელი ჯიში პირინეიზე გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც იქ იბერები დასახლდნენ, რომლებმაც თან მიიყოლეს თავიანთი ძაღლები.

 

ეს ჩემი ცოდნა ქართულ-ბასკური მსგავსების შესახებ ამერიკელ სეხნიას გავუზიარე, რომელიც დამპირდა, რომ აუცილებლად გადასცემს ამ მოსაზრებებს თომა ურიარტეს, რომელთან ურთიერთობა ახლა მეც ძალიან მაინტერესებს.

 

იმედია დავუმეგობრდები და კიდევ მეტს გავიგებ ბასკებისა და ჩვენი ნათესაობის შესახებ.

 

 

 

 

 

პატივისცემით, თომა ქართველი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი