logo_geo
გრეიპფრუტი – სეზონური მკურნალი
- +

17 დეკემბერი. 2018. 03:19

 

გრეიპფრუტი შეიცავს ისეთ საჭირო მიკროელემენტებს, როგორიცაა: რკინა, ფოსფორი, კალციუმი. ის მდიდარია ვიტამინებითაც – B2, D, E, P, პროვიტამინი A. ვიტამინი C კი გრეიპფრუტში 45-50 მილიგრამამდეა. ორგანული მჟავები ხელს უშლიან თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

 

ანტიოქსიდანტები, რასაც გრეიპფრუტი შეიცავს, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს. ეს ციტრუსი ძალიან სასარგებლოა იშემიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს. ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, დაბლა სწევს წნევას და აღადგენს ძალებს, ასევე, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.

 

მისი წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, სასარგებლოა გონებრივი და ფიზიკური გადაღლისას. გვეხმარება თავი დავაღწიოთ ძილიანობას, თავბრუხვევასა და საერთო სისუსტეს.

 

გრეიპფრუტის არომატი აღვიძებს შემოქმედებით შესაძლებლობებს, მატებს თავდაჯერებულობას, არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას, კარგია დეპრესიის დროს. ფართოდ გამოიყენება მისი ზეთი კოსმეტოლოგიაში კანის მოსავლელად.

 

გრეიპფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდი ნარინგინი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობასა და ელასტიკურობას, აძლიერებს კაპილარებს, სწორედ ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

 

ნარინგინი შედის რეაქციაში მედიკამენტებთან, ახდენს თირკმელებში იმ ფერმენტების ბლოკირებას, რასაც გამოჰყავს წამალი.

 

გრეიპფრუტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაყოფი იყოს მთელი, დაუზიანებელი და ჯანსაღი. აღსანიშნავია ისიც, რომ გრეიპფრუტი მოწყვეტის შემდეგ აღარ აგრძელებს დამწიფებას. რაც უფრო არომატული და მძიმეა ნაყოფი, ის უფრო მწიფე და წვნიანია. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს მწვანე, ყვითელი ან ნარინჯისფერი და ეს მიგვანიშნებს მათ სხვადასხვა ჯიშზე და არა სიმწიფის ხარისხზე. შენახვა შესაძლებელია 1-2 დღე ოთახის ტემპერატურაზე, უფრო დიდხანს მაცივარში 11-15-გრადუსიან ტემპერატურაზე. მათი შეფუთვა კი საჭირო არ არის.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით ფლავანოიდი ქალბატონებში ამცირებს ინსულტის რისკს. კვლევამ ცხადყო, რომ 19 პროცენტით დაბალი იყო ინსულტის რისკი იმ ქალბატონების ჯგუფში, ვინც ამ ციტრუსს დიდი რაოდენობით მიირთმევდა.

 

ისეთი საკვები ნივთიერებების კომბინაცია, როგორიცაა: ბოჭკო, კალიუმი, ლიკოპინი, ქოლინი გულის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გრეიპფრუტი ანტიოქსიდანტების წყაროა, შესაბამისად, ფლობს უნარს, ხელი შეუშალოს თავისუფალი რადიკალების წარმოშობას. ცნობილია, რომ სწორედ თავისუფალი რადიკალი იწვევს კიბოს.

გაითვალისწინეთ – თუ გარკვეულ მედიკამენტს იღებთ სასურველია, გრეიპფრუტის მიღებას მოერიდოთ. რასაკვირველია, ამ დროს ექიმის რეკომენდაციით უნდა იხელმძღვანელოთ. გრეიპფრუტთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თირკმლის ინფექციის მქონე ადამიანებსაც. ასევე, სავსებით შესაძლებელია გრეიპფრუტის გამო გაუარესდეს გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სიმპტომები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი