logo_geo
ინდონეზიაში, მთის ქვეშ სავარაუდოდ მსოფლიოს უძველესი პირამიდა იმალება
- +

20 დეკემბერი. 2018. 21:03

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ჰოლანდიელი კოლონისტები ინდონეზიაში გუნუნგ-პადანგის მთას მიადგნენ, მათ უდავოდ შიშის ზარს დასცემდა მიმდებარე უძველეს ქვის ნაგებობათა მასშტაბი.

 

კუნძული იავაზე, დასავლეთ იავის პროვინციაში, ვრცელი გორაკის წვერზე მიმოფანტულია კლდოვან სტრუქტურათა და მონუმენტთა მასიური კომპლექსის ნაშთები. ეს გახლავთ არქეოლოგიური სასწაული, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს მეგალითურ ძეგლად მიიჩნევა.

 

თუმცა, ადრეული ახალმოსახლეები ვერც იფიქრებდნენ, რომ უფრო უდიდესი საოცრება მიწისქვეშ იქნებოდა ჩამარხული.

 

 

 

 

 

ინდონეზიელ მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ გუნუნგ-პადანგი სინამდვილეში მსოფლიოს უძველესი პირამიდის მსგავსი სტრუქტურაა.

 

კვლევა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავტორები ვარაუდობენ, რომ გუნუნგ-პადანგი სულაც არ არის უბრალოდ ბორცვი და სინამდვილეში წარმოადგენს უძველესი სტრუქტურის შრეების სერიას, რომლის ასაკიც დაახლოებით 10 000 წელი უნდა იყოს.

 

როგორც მეცნიერები აცხადებენ, მათმა კვლევამ დაამტკიცა, რომ სტრუქტურა მოიცავს არა მხოლოდ გორაკის წვერს, არამედ ივრცობა კალთებზეც და სულ მცირე 15 ჰექტარს მოიცავს.

 

კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების შემდეგ, ჯგუფი აცხადებს, რომ გუნუნგ-პადანგი არა მხოლოდ ხელოვნური სტრუქტურაა, არამედ წარმოადგენს შემდგომ პრეისტორიულ პერიოდებში ნაგებ ფენათა სერიასაც.

 

 

 

 

 

ყველაზე ზედა, მეგალითური ფენა შედგება კლდოვანი სვეტების, კედლების, ბილიკებისა და სივრცეებისგან. განთავსებულია მეორე ფენის თავზე, რომელიც ზედაპირქვეშ 1-3 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს.

 

მკვლევართა ვარაუდით, ეს მეორე ფენა წარსულში შეცდომით მიაჩნდათ ბუნებრივ წარმონაქმნად. სინამდვილეში ის ცილინდრული სვეტების მეორე წყებაა.

 

მის ქვეშ განთავსებულია წესრიგში მოყვანილი კლდეების მესამე ფენა, რომელიც მოიცავს მიწისქვეშა ღრმულებსა და კამერებს. ივრცობა 15 მეტრ სიღრმეზე და მდებარეობს ყველაზე ქვედა ფენის თავზე, რომელიც თავის მხრივ შედგება ადამიანის ხელით დამუშავებული ბაზალტური ქანებისგან.

 

 

 

 

 

 

მკვლევართა განცხადებით, როგორც რადიონახშირბადული დათარიღება მეტყველებს, პირველი ფენის ასაკი 3500 წელი უნდა იყოს, მეორესი 8 000 წელი, მესამე ფენის კი 9 500-28000 წელი.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ უძველეს პირამიდას რელიგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა და მცდარია მოსაზრება, რომ პრეისტორიულ ხანაში ადამიანი პრიმიტიული იყო.

 

კვლევამ ინდონეზიასა და მთელ მსოფლიოში დიდი უთანხმოება გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილი ჯგუფის მიერ გამოყენებულ მეთოდებს აკრიტიკებს და მათ კვლევას ეჭვის თვალით უყურებს. თუმცა, რას წარმოადგენს რეალურად ეს იდუმალი სტრუქტურა, ალბათ დრო გვეტყვის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი