logo_geo
ნენსი და რონი რეიგანების დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია
- +

21 იანვარი. 2017. 00:40


 

„ჩემი ცხოვრება რონისთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო", - წერს თავის მოგონებებში ნენსი რეიგანი, რაც მისი ეპოქის განწყობისთვის სრულიად შეუსაბამო იყო. ის გახლდათ მეუღლე, რომლის მზერა ქმრის მიმართ იმხელა ერთგულებით იყო სავსე, რომ მისთვის აღარ არსებობდა შემოქმედება, მოთხოვნილებები და ოცნებები... მთელ თავის ენერგიას იგი იმ ამერიკულ ლეგენდას ახმარდა, რომელსაც რონალდ რეიგანი ერქვა.


„ნენსი გამომყვა", - თქვა ერთხელ რეიგანმა, - „და ჩემი სული გადაარჩინა." მათ, ვისაც რეიგანი უყვარდათ, ნენსის უნდა უმადლოდნენ, რადგან ისტორიას არ ახსოვს ქალი, რომელიც საჯარო მოხელეს ასე ერთგულად ემსახურებოდა. იგი ქმრის სურვილებს  ხვდებოდა, მის ძლიერ მხარეებს უფრო აძლიერებდა, სუსტს კი მალავდა. ის სკეპტიკურად იყო განწყობილი, როცა რონალდს სჯეროდა, იგი მეწვრილმანე იყო, როცა რონალდი ოცნებობდა. სიჯიუტე ორივეს ახასიათებდა, მაგრამ ნენსი შეუბრალებლად ჯიუტი გახლდათ. 2016 წლის 6 მარტი, ნენსი რეიგანის გარდაცვალების თარიღი,  იმ სიყვარულის ისტორიის დასასრული გახდა, რომლის მსგავსი თეთრ სახლში არასდროს ყოფილა.


პოლიტიკური, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით, ელეონორ რუზველტის შემდგომ, ნენსი რეიგანი ყველაზე გავლენიან ქალთა რიცხვს მიაკუთვნეს.



ნენსი დევის რეიგანის დაბადების სახელი ანა ფრანსის რობინსი იყო. იგი 1921 წელს, ნიუ იორკში, მანქანების გადამყიდველისა და მსახიობის ოჯახში დაიბადა. ნენსი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა, დედამ კი თეატრის კამპანიებთან ერთად მოგზაურობა განაგრძო. რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, მან ნენსი ბიძიასა და ბიცოლასთან, მერილენდში გაგზავნა. ნენსი დედას მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა ედიტს ნიუ-იორკში წარმოდგენა ჰქონდა. პატარა გოგონა მის სანახავად ნიუ იორკამდე მატარებლით მგზავრობდა.


როცა ნენსი 8 წლის გახდა, ყველაფერი შეიცვალა: ედიტი ცნობილ ნეიროქირურგზე, ლოიალ დევისზე დაქორწინდა, რომელმაც ნენსი საკუთარ შვილად მიიღო, თუმცა ნენსი მას ყოველთვის დოქტორ ლოიალს ეძახდა. ოჯახი საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. უეცრად, ნენსის ცხოვრებაში ზაფხულის კემპინგი, ლამაზი ტანსაცმელები და დიდი მოლოდინები გაჩნდა. როდესაც მამინაცვალი ტვინის ოპერაციას ატარებდა ხოლმე, ნენსი საოპერაციო ოთახის დერეფნიდან  თვალს ადევნებდა. იგი იმასაც ხედავდა, როგორი ბრძოლა უწევდა დედამისს, სხვა მოდურ ცოლებს თავიანთ რიგებში რომ მიეღოთ. „ნენსის სოციალური სრულყოფა მუდამ გასაოცარია", - ეს სიტყვები მისი სკოლის წიგნაკში ეწერა. ნენსიმ ინგლისური ენის განხრით, სმიტის კოლეჯი დაამთავრა და დედის კვალის გაყოლამდე, მარშალ ფილდის კომპანიაში გაყიდვების მოხელედ და მედდის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ბროდვეის მიუზიკლში როლის მიღებისა და ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ, 1949 წელს, Metro-Goldwyn-Mayer-თან კონტრაქტი გააფორმა. ნენსი ცოტა ხნით კლარკ გეიბლს ხვდებოდა. „მას ჰქონდა კარგი კურტიზანის თვისება",- იხსენებდა ნენსი, - „როცა შენთან იყო, მართლა იყო." ნენსი ერთგულ ცოლებს განასახიერებდა ხოლმე, მისი ბავშვობის ოცნება კი, როგორც Metro-Goldwyn-Mayer-ის 1949 წლის ბიოგრაფიულ კითხვარში წერდა, მსახიობობა იყო, თუმცა მისი ყველაზე დიდი ამბიცია „წარმატებული, ბედნიერი ქორწინება" გახლდათ. ნენსიმ თავის ფობიებზეც ისაუბრა: „ზედაპირულობა; ვულგარულობა, განსაკუთრებით ქალებში; ადამიანის გონების სიბინძურე და სიგარეტი." ამ წელს იგი კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს შეხვდა, რომელიც ჯერ კიდევ მსახიობ ჯეინ უაიმანთან განშორებას გლოვობდა.


„არ ვიცი, ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო თუ არა," - ამბობდა ნენსი, - „მაგრამ რაღაც მსგავსი ნამდვილად იყო." წყვილი 1952 წლის მარტს, ლოს ანჯელესის პატარა ყავისფერ ეკლესიაში, საიდუმლოდ დაქორწინდა. მათი ქალიშვილი, პატი, იმავე წლის ოქტომბერს დაიბადა, ხოლო ვაჟი, რონი, 1958 წელს. ნენსი რონალდის უაიმანთან ქორწინების დროს გაჩენილ ორ შვილს, მაიკლსა და მაურინს, დედინაცვლობას უწევდა. 1962 წელს ფილმებში თამაში შეწყვიტა და დიასახლისი გახდა. „ჩვენი ოჯახი რაღაცნაირად უცნაურია," - განაცხადა ერთხელ  რონალდმა, - „ყველა განსხვავებული პიროვნებაა, ამიტომაც სახლში სულ კონფლიქტია."





ეს ურთიერთობა მარტივი არ იყო, თუმცა რეიგანთა სიყვარული იმდენად ურყევი და ინტენსიური გახლდათ,  სხვა რამისთვის ადგილი არ რჩებოდა. ნენსიმ თავისი ქმრის ემოციური მიუწვდომლობა გაითავისა. რონალდს ალკოჰოლიკი მამა ჰყავდა და ბავშვობა ხეტიალში ჰქონდა გატარებული. მუდმივი გადაადგილების გამო, შეუძლებელი იყო ვინმესთან ღრმა მეგობრული კავშირი დაემყარებინა. რეიგანს ერთადერთი ადამიანითვის ჰქონდა კარი ღია და ეს ნენსი იყო. „გარშემო კედლები ჰქონდა აგებული,"- ამბობდა ნენსი თავის მოგონებებში, რომელიც 1989 წელს გამოიცა და მიეძღვნა „რონის, რომელსაც ყოველთვის ესმოდა, და შვილებს, რომლებიც იმედი მაქვს, გაიგებენ." დიდი ტვირთია, მარტოსული კაცის რჩეული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი პრეზიდენტობას აღწევს. „იგი მხოლოდ მე მაძლევს მასთან მიახლოების საშუალებას, მაგრამ ხანდახან მეც კი ვგრძნობ ბარიერს."



საკრამენტოსა და ვაშინგტონის მოსახლეობას ცოტა დრო დასჭირდა, ასეთ სენტიმენტალურ წყვილს რომ შეჰგუებოდა. რეიგანები ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ, რონალდი ნენსის მოფერებით სახელებს ეძახდა. განსაკუთრებულ დღეებში თეთრი სახლის ირგვლივ მიმოფანტულ ჩანაწერებს აღმოაჩენდით წარწერით: „რა სიამოვნებასაც არ უნდა ვიღებდე," -  წერდა რონალდი, „ამ სახლით, ზღვის პეიზაჟით, ჩვენი რანჩოთი, - არაფერს ექნებოდა აზრი, შენ რომ არ მყოლოდი. ჩემთვის ყოველი დღე შობაა, იმიტომ რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა." ნენსი ამბობდა, რომ ყოველი ქორწინება რაღაც ბალანსს პოულობს. რონალდი მუდამ მხიარული იყო: ნენსი ორივეს მაგივრად დარდობდა. რონალდი მიმტევებელი იყო, როცა ნენსის გაბრაზება ახასიათებდა. ამის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ ორივე ძალიან მზრუნველი გახლდათ. კონგრესის ბიბლიოთეკარმა, დანიელ ბურსტინმა აღნიშნა, რომ „ამერიკის ისტორიაში არავის ახსოვს ასეთი წყვილი. ეს ისტორიული ფაქტიც კია. ასეთი სიყვარული და ერთგულება დღეს იშვიათი შემთხვევაა."



ყველასთვის, ვინც საზოგადო მოღვაწეზეა დაქორწინებული, რთულია, გაუმკლავდეს თავდასხმებს, რაც მის საყვარელ ადამიანზე ხდება, თუმცა, ნენსი სხვანაირი იყო: იდუმალი, როცა რეიგანი გულახდილი ჩანდა, ცივი და ფრთხილი, როცა რონი იმედიან ოცნებებს აგებდა. ყველაფერი კი 1966 წელს დაიწყო,  როცა რეიგანმა საგუბერნატორო არჩევნები მოიგო და ნენსი კალიფორნიის პირველი ლედი გახდა.


ნენსი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით ისე იყო შეშფოთებული, რომ  მდიდრულ გარეუბანში გადასახლება გადაწყვიტა. კრიტიკოსებმა ამ საქციელს სნობიზმი უწოდეს. მტრობა მხოლოდ იმ წლებში დაწყნარდა, როცა ნენსიმ ვიეტნამის ვეტერანების ხელშეწყობა დაიწყო, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. თავიდან მაიკლ დივერი მას ულმობელ, მომთხოვნ, „ქალ-დრაკონს" უწოდებდა.


ის კრიტიკა და სკეპტიციზმი, რასაც ნენსიმ კალიფორნიაში გაუძლო, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ვაშინგტონში ელოდა. ნენსი ამ პერიოდს თავისი ცხოვრების ურთულეს ეტაპს უწოდებდა. რეიგანის ხელისუფლებაში მოსვლა იყო ნიშანი, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადიოდა. თავდაპირველად, კრიტიკოსები ნენსის ზედაპირულ და ფუქსავატ ადამიანად მოიხსენიებდნენ, თუმცა რეიგანის პრეზიდენტობის ბოლო წელს, უძლიერეს მანუპულატორად შერაცხეს. ნენსი იხსენებდა, როგორ არ უყვარდათ იგი ფემინისტ ქალებს, რადგან მათი აზრით, ნენსიში ყველაფერი ის იყო თავმოყრილი, რასაც გმობდნენ.

 

ქვეყნის ყველაზე ცნობილი შენობა, - თეთრი სახლი, -  გაპარტახებული და მოსაწყენი გამხდარიყო. ნენსი ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის, როგორც ეროვნული საგანძურის რესტავრაციას.


ქვეყნის კრიზისის პირას ყოფნის პერიოდში, თავაზიანი მეუღლისგან განსხვავებით, „დედოფალი ნენსი" მალე ადვილი სამიზნე გახდა. ქვეყნის პირველ ქალთა შორის, ნენსის მიმართ  უკმაყოფილოთა რიცხვი თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე დიდი იყო.


„პირველი წელი საშინელი  იყო," - ამბობდა ნენსი. ეს სიტუაცია მამინაცვლის სიკვდილმა, კიბოს შიშმა და პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობამ კიდევ უფრო დაამძიმა. მძიმედ იყო დაჭრილი პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯეიმს ბრედი. წლების შემდეგ ნენსის საავადმყოფოს სცენებით სავსე კოშმარები ისევ აღვიძებდა. ნენსი მუდამ მფარველობითი ბუნების იყო, მაგრამ სროლის შემდეგ, რონალდის მოქმედებებს სასოწარკვეთილი აუცილებლობით აკვირდებოდა. იგი თავის ასტროლოგს ეუბნებოდა, რომ მანქანიდან ყოველი გადმოსვლის ან სახლის დატოვების დროს, შიშისგან იკუნტებოდა.



ნენსი რონალდს მოახლოებული საფრთხეებისგანაც იცავდა. დივერი თავის წიგნში წერდა, რომ პრეზიდენტს ერთი სუსტი მხარე ჰქონდა: ინტუიცია არ გააჩნდა და ადამიანთა ბნელი მხარეების დანახვა უჭირდა. ნენსის ამ როლის შეთავსებაც უწევდა. დისციპლინის უპატივცემლობა რეიგანმა თავის შვილებსაც მოახვია. ოჯახშიც კი, ნენსის მძიმე პიროვნების თამაში უწევდა, მაშინ, როცა რონი თეთრქუდიან ბიჭად რჩებოდა.


რონალდ რეიგანის პოლიტიკური ნიჭი იმაში მდგომარეობდა, რომ მას მომავლის განჭვრეტა შეეძლო. ნენსის შეფასების სტილი უფრო ანალიტიკური იყო. „მე ვაცნობიერებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ქმრის გამოყენებას ცდილობენ,"- უპასუხა ნენსიმ ჟურნალისტს 1985 წლის ინტერვიუში, - „უფრო მეტად ვაცნობიერებ, ვიდრე თავად რონალდი და ვცდილობ, ისინი შევაჩერო."


„მასში უკვდავი ოპტიმისტი იმალება," - ამბობდა ნენსი, „სჯერა, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება. ეს კი, ყოველთვის ასე არ ხდება."



დროსთან ერთად, ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა და ნენსი ქვეყნის სათაყვანებელ ქალად იქცა. 1985 წელს ნენსიმ, ნარკომანიასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის კონფერენციას უმასპინძლა. მასში მონაწილეობას მსოფლიოს ლიდერთა ცოლები იღებდნენ. ნენსი პირველი ქალი იყო, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეას ნარკოტიკის ტრეფიკინგის კანონებთან დაკავშირებით მიმართა.


1994 წელს რეიგანმა წერილით განაცხადა,  რომ ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ის სურდა, ნენსი ამ მტკივნეული გამოცდილებისგან გაეთავისუფლებინა. ასე დაიწყო პერიოდი, რასაც ნენსი „გრძელვადიან გამომშვიდობებას" ეძახდა. იგი უვლიდა ქმარს, რომელიც მას უკვე ვეღარ სცნობდა.



იმ იმედით, რომ მეცნიერება ალცჰაიმერის დაავადების განსაკურნ საშუალებას მიაგნებდა, ნენსი ემბრიონის გამოკვლევის წამომწყები ფიგურა გახდა. მან აბორტის შესახებ ოპონენტების აზრი  უარყო: „არამგონია, მათ ესმოდეთ, რომ ეს სიცოცხლის წართმევა კი არა," ამბობდა იგი, „უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობაა."


2004 წლის მაისში, ქმრის გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, ნენსიმ უჯრედის კვლევისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყო. „გრძელმა მოგზაურობამ რონი შორეულ ადგილას მიიყვანა, მე მას უკვე ვეღარ ვწვდები. ამიტომ, ყველაფერი მინდა გავაკეთო, რომ სხვა ოჯახებს ეს ტკივილი ავარიდო."


ერთი თვის შემდეგ, დაპატარავებული და გაფერმკრთალებული ნენსი სასახლესთან იყო მოკუნტული. მთელი ამერიკა თავის ერთ-ერთ ყველაზე გიგანტურ პრეზიდენტს გლოვობდა.



1 წლის შემდეგ ნენსიმ აღნიშნა, რომ იგი რონალდს ისევ ელაპარაკებოდა; დადიოდა სახლში, რომელიც მისი სურათებით იყო სავსე. „ის ძალიან ახლოსაა ჩემთან. ყველაფერი ისევ მის ირგვლივ ტრიალებს."


დაკრძალვის დღემ ნენსის საზოგადოებრივ იმიჯზე დიდი გავლენა მოახდინა. ათი წლის მანძილზე ჩრდილში ყოფნის შემდეგ, გამოჩნდა განსხვავებული, უფრო რბილი ნენსი რეიგანი. იგი ამერიკის პირველ ქალებს შორის მეორე იყო, რომელმაც დიდხანს იცოცხლა. საოცარი დამთხვევით, ასევე გახლდათ რონალდ რეიგანიც.



ნენსი რეიგანი 2016 წლის 6 მარტს, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. იგი 11 მარტს, თავისი ქმრის გვერდით დაკრძალეს.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი