logo_geo
რა ჩავიცვათ და როგორ გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა ახალი წლის ღამეს - დიზაინერები გვირჩევენ
- +

29 დეკემბერი. 2018. 20:49

 

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საფიქრალი კი ბევრი გვაქვს. როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რა ფერებს მივაქციოთ უპირატესობა? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია. დიზაინერების რჩევები ამ საკითხების მოგვარებას გაგიიოლებთ.

 

თაკო მექვაბიძე: ახალი წლის საღამოსთვის ყველამ უნდა ჩაიცვას ჰოროსკოპის მიხედვით, თუ რისი წელი მოდის და რომელი ფერი მოეწონებოდა, მაგალითად, ღორს. ყველას თავისი შეხედულება, თავისი გემოვნება და სურვილი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ვისაც უნდა, რომ ტენდენციურად გამოიყურებოდეს, ჩემი რჩევა  გამოადგება.  

 

თუ ახალ წელს სახლში აღნიშნავთ, გირჩევთ, უფრო თავისუფალი სტილი აირჩიოთ, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ტულის ქვედაბოლო და რაიმე მარტივი ყვითელი მაისური. კარგი იქნება აქსესუარი, მაგალითად, ოქროსფერი ვარსკვლავები მოუხდება. გირჩევთ, ასევე, კომბინეზონს რამე საახალწლო სახალისო პრინტით.

 

ასტროლოგები ამბობენ, ყვითელი უნდა გეცვათო. ასე რომ, ამ წელს ტენდენციური ფერია ყვითელი მოდაშიც და ასტროლოგიაშიც.

 

თუ თქვენ სადმე საღამოზე გეგმავთ წასვლას, გირჩევთ, რამე ელეგანტური კაბა ჩაიცვათ, რომელიც იბრჭყვიალებს. ეს უფრო შეგიქმნით ამაღლებულ სადღესასწაულო განწყობას. მაინც ყველაფერში მთავარია განწყობა. ასე რომ, იყავით კარგ ხასიათზე და იბრჭყვიალეთ თქვენც და სახლიც ააბრჭყვიალეთ მაქსიმალურად.

 

– როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, რა ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა?

 

– ტენდენციურად თუ მივუდგებით, ამოყირავებული ნაძვის ხეები მორთეს ოქროსფერ ტონებში ცნობილი ბრენდის სახლებმა. მე  ჩემი მანეკენები მოვრთე და წელს ნაძვის ხის როლში გამოვიყვანე. აი, სახლის ნაძვის ხეს რაც შეეხება, ვფიქრობ, ნატურალური უნდა იყოს. სახლში ნაძვის ხის სურნელი რომ ტრიალებს, ეს ძალიან სასიამოვნოა. უნდა იყოს დატვირთული სხვადასხვა ფორმის სათამაშოებითა და თოჯინებით. ნაძვის ხეს რომ შევხედავთ, უნდა წავიკითხოთ ლამაზი ზღაპარი, ყველამ ისე მოვრთოთ, როგორი ზღაპარიც წარმოგვიდგენია. ვფიქრობ, ერთ ფერში უინტერესო და ბანალურია ნაძვის ხის მორთვა.

 

მარიკა მოდებაძე:

 

– წინასაახალწლო სამზადისი, შევეცადოთ, პოზიტიური განწყობით დავიწყოთ, წელს ხომ ყველაზე ბარაქიანი და ხარბი წელი შემობრძანდება – ყვითელი ღორი.

 

მთავარი ყურადღება უნდა დავუთმოთ ნაძვის ხეს. სხვა წლებისგან განსხვავებით, შეგვიძლია, ფერადი ნაძვის ხე შევიძინოთ. შეუდარებელია, ვფიქრობ, პარიზში დიორის ნაძვის ხე, სრულიად ოქროსფერი, რომელსაც სვაროვსკის ვარსკვლავი ამშვენებს. ასევე, ნიუ-იორკის წითელი კრისტალებით დატვირთული ნაძვის ხე. შევეცადოთ, არ ჩამოვრჩეთ მოდის ტენდენციებს და შეძლებისდაგვარად თუნდაც პატარა ზომის, მაგრამ ბრჭყვიალა ნაძვის ხე შევარჩიოთ. არ დაგვავიწყდეს, ჩვენი სამუშაო ოთახიც ანალოგიურ ფერებში გადავწყვიტოთ, ეს ირგვლივ მყოფებს არაჩვეულებრივ განწყობას შეუქმნის.

 

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ასევე, სასურველია, ნათელ ფერებში, ყვითელ ან ოქროსფერ აბრეშუმის ლენტებში, გამჭვირვალე ჭურჭლითა და შუშხუნა სასმელებით. თუმცა, არცერთ ახალ წელს არ დაივიწყოთ ბედნიერების მომტანი წითელი ფერი, მოხატული ჭურჭელი, რასაც მსოფლიო ბრენდები დიორი და ვალენტინო გვირჩევენ.

 

ბოლოს კი ყველაზე მთავარი, არასოდეს დაგვავიწყდეს, თავად როგორ გამოვიყურებით. აქტუალურია ბეწვი, დიზაინერებმა ცხოველებისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთხმად თქვეს უარი ნატურალურ ბეწვზე (რასაც სიამოვნებით ვუერთდები) და, შესაბამისად, ტრენდული გახდა ხელოვნური ბეწვი (ასევე ფერადი). უპირატესობა ენიჭება კომფორტს და კლასიკური სამოსი ჩაანაცვლა ნახევრადკლასიკურმა სამოსმა სპორტული ელემენტებით. ბედნიერ და წარმატებულ წელს ვუსურვებ სრულიად საქართველოს.

 

თინათინ მაღალაშვილი:  2019 წელი, ისევე როგორც წინა წლები, საკმაოდ მრავალფეროვანია მოდის კუთხით. შეზღუდვები არ გვხვდება. არის კლასიკური, სპორტული და ამ ორი სტილის სინთეზიც. თუ წინა წლებში მხოლოდ ფეხსაცმელში იყო გამოყენებული სპორტული სტილი, ახლა უკვე ტანისამოსშიც ვხვდებით სპორტულ შტრიხებს, მათ შორის კლასიკურ სამოსშიც. სპორტულ სტილს ვხვდებით კოქტეილის შიფონის კაბებზე, ძალიან მსუბუქ ფაქტორებზეც კი. ვხვდებით სპორტულ ჩანთებსა და კედებს კლასიკურ სამოსზე. ტრენდულია, აგრეთვე, დიდი ზომის ტანისამოსი. თუ წინა წლებში ასეთ სამოსში აბსოლუტურად იკარგებოდა ქალის სილუეტი, ახლა უკვე ვხვდებით დაფიქსირებულ წელს. ანუ დიდი ზომის კოსტიუმი დაფიქსირებულია წელზე სხვადასხვა სახის ქამრებითა და აქსესუარებით. ასევე, ვხვდებით ასიმეტრიას. მოდაშია ცალ მხარზე მოშიშვლებული კოქტეილის თუ საღამოს კაბები. მოდურია მრავალფეროვანი თარგები და ბევრი ფენა ქსოვილი.

 

– ფერები?

 

– აქტუალურია ყვითელი ფერი პოდიუმზე, იასამნისფერი, შავი, ნაცრისფერი, ყვავილების პრინტი უკვე რამდენიმე წელია, არ კარგავს აქტუალობას, უკვე ზამთრის კოლექციებშიც. ჯინსშიც ვხვდებით ყვავილების პრინტს. ყვითელი ღორის წელიწადი მოდის და ასტროლოგიური ფერთა გამა ყოველთვის გავლენას ახდენს მოდის ტენდენციაზეც. წლევანდელ ზამთრის კოლექციაში დაბრუნდა გაბერილი ქურთუკები, პალტოები (დუტი), ვხვდებით „დუბლიონკებს“, შიგნიდან გამოკრული ბეწვით. მოდურია ტყავის აქსესუარები, მაგრამ წელს იმდენად დატვირთულია ლუქი, ფეხსაცმელი მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა შევარჩიოთ, ქაოსი რომ არ დაარღვიოს.

 

– ქსოვილები?

 

– მოდურია ბრჭყვიალა ქსოვილი, ბრჭყვიალა აქსესუარი. სადღესასწაულო იმიჯშიც გვხვდება სპორტული ხაზი. მოდაშია ბუმბულები, პორტრეტების პრინტი ქსოვილებზე, ცხოველების, ყვავილების პრინტი ქსოვილებზე.  რაც შეეხება შარვლებს, არის გაშვებული, თავისუფალი და ვიწრო სტილის შარვლებიც. თავისუფალი შარვლის სტილი შესაძლებელია ქვემოთ სალტით იყოს დაჭერილი.

 

– როგორ შევხვდეთ 31 დეკემბერს?

 

– როგორც ასტროლოგები ამბობენ, ღორს უყვარს სიმდიდრე, ოქრო, მდიდრული სტილი. ამდენად, კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს შევხვდებით ბრჭყვიალა ქსოვილისგან შეკერილი კაბით. თუ სადა კაბას ჩავიცვამთ, მოვირგოთ დიდი ზომის ბრჭყვიალა აქსესუარი. თუ კაბა დატვირთულია, ფეხსაცმელი ნაკლებად დატვირთული შევუხამოთ.

 

– სუფრა?

 

– აქაც არის კანონები. სასურველია, სუფრა გავაფორმოთ ოქროსფერი, ყვითელი აქსესუარებით. კარგი იქნება სიმწვანეც, ამიტომ სუფრის დეკორში გამოვიყენოთ სალათის ფურცლები და მწვანილი. სასურველია, მაგიდაზე არ გვქონდეს გოჭის ან ღორის ხორცი. ლამაზი იქნება გაფორმების კუთხით, მწვანე ნაძვის ტოტზე მობმული ოქროსფერი ბაფთები, რომ სუფრასაც ჰქონდეს ოქროსფერი იერი. არ დაივიწყოთ შამპანურიც.

 

ეკა ბალანჩივაძე: 2019 წელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც უდიდეს ყურადღებას უთმობს სტილს, უყვარს კარგად ჩაცმა და ექსპერიმენტები.

 

2019 წლის წარმოდგენილი კოლექციების ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ სხვადასხვა სტილის მორგება, პირადად მე ყოველთვის მომწონდა მამაკაცის თარგით კონსტრუირებული პიჯაკები ქალზე, რაც ახლაც ძალიან ტრენდულია ან მონოგამური კოსტიუმი, ყველაფერი ერთ ფერში ძალიან ეფექტურია.

 

ასევე, რა თქმა უნდა, ტრენდულია  მისი უდიდებულესობა ხავერდი, რომელიც ყოველ წელს აქტუალურია. მას წელს დაემატა ნაქარგები, თვლები, მაქმანები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი