logo_geo
ახალი წელი და ბავშვები - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა
- +

2 იანვარი. 2019. 13:26

 

 

ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. პატარები მოუთმენლად ელოდებიან ამ დღეს. ერთი შეხედვით, თოვლის ბაბუის არსებობა უწყინარი ტყუილია, მას თითქოს არავითარი ზიანის მიყენება არ შეუძლია ბავშვებისათვის. თუმცა, ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. ისინი ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც საფრთხეს უქმნის პატარების ფსიქიკას. რა გარემოებებზე და სტრესებზეა საუბარი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.

 

- თოვლის ბაბუის ტრადიცია იმდენად დამკვიდრებულია ხალხში და იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ბავშვებისთვის, რომ ადამიანმა რომც მოინდომოს და პატარა 2-3 წლის ბავშვს, საერთოდ არაფერი უთხრას მის შესახებ, ბავშვი ან ტელევიზორში ნახავს მას, ან მეზობელი, ან ნათესავი მოუყვება, რომ თოვლის ბაბუამ რაღაცა საჩუქარი მოუტანა. ამიტომ მისგან იზოლაცია თითქმის შეუძლებელია, ასეთ მიდგომით მოხდება ის, რომ ბავშვს პირიქით ვაზიანებთ. მას გული დაწყდება, რომ სხვას მოუტანა თოვლის ბაბუამ საჩუქარი, ის კი დაავიწყდა. რაც შეეხება ასაკს. თუ როდემდე შეიძლება დავარწმუნოთ იგი თოვლის ბაბუის არსებობაში?

 

ბავშვები გამუდმებით უყურებენ სხვადასხვა ფილმებსა და მულტფილმებს თოვლის ბაბუის შესახებ. ეს ყველაფერი კი, სანამ ბავშვი პატარაა, შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ. სასკოლო ასაკამდე კარგია მსგავსი მიდგომა. ბავშვს თოვლის ბაბუისგან გამოგზავნილი საჩუქარი ხვდება ბალიშის, ნაძვის ხის ქვეშ, მაგიდაზე თუ თავის სათამაშო ოთახში. ეს მისთვის დიდი სიხარულია. მართლა სჯერა, რომ საჩუქარი თოვლის ბაბუამ მოუტანა, მაგრამ ეს ეხება სკოლამდელ ასაკის ბავშვს. სკოლის ასაკიდან კი ბავშვი უკვე ხვდება, რომ თოვლის ბაბუის საჩუქარი, მშობლის მიერაა ნაყიდი. როგორც ფსიქოლოგმა, მინდა გავაფრთხილო მშობლები, მოერიდონ თოვლის ბაბუის ტანსაცმლის ჩაცმას, ულვაშის, წვერის გაკეთებას და ბავშვისათვის საჩუქრის ამ სახით გადაცემა. რადგან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ეშინიათ თოვლის ბაბუის. უმჯობესია, თოვლის ბაბუა მათ წარმოსახვაში არსებობდეს.

 

ცოტა ხნის წინ ასეთ შემთხვევას შევესწარი: სუპერმარკეტში ადამიანის სიმაღლის მომღერალი სანტა კლაუსები იყიდებოდა, ღილაკის დაჭერისას იგი სიმღერასა და მოძრაობას იწყებდა. დიდებისათვის ეს გასართობი იყო და არავითარ შიშს არ იწვევდა, მაგრამ იმ წუთას იქვე აღმოჩნდნენ დედ-მამა და პატარა ბიჭუნა, დაახლოებით 2-3 წლის. ამ სანტა კლაუსის დანახვამ საშინელი შიში გამოიწვია ბავშვში, მამას ჩაეკრა, ვერ შეხედა სათამაშოს და იქიდან წაყვანას ითხოვდა. სამწუხაროდ, მშობლებს დიდად არ მიუქცევიათ ყურადღება ამ ფაქტისთვის. ვერავინ დაინახა, ბავშვს როგორი შიში ჰქონდა აღბეჭდილი თვალებში. იმდენად შევწუხდი ამ ბავშვის მდგომარეობით, რომ იძულებული გავხდი, მივსულიყავი მამასთან და მეთქვა, რომ სასწრაფოდ გაეყვანათ ბავშვი, თორემ შეიძლება შიშზე რაღაც დაემართოს-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. ხშირად ხდება მსგავსი რამ: მშობელი ვერ იჯერებს, რამდენად ძლიერ შეიძლება შეეშინდეს ბავშვს. რადგან მშობელს არ ეშინია, ფიქრობს, რომ ბავშვსაც არ ეშინია. საერთოდ ბავშვები ყოველთვის ამბობენ თავის გასაჭირს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვუსმენთ მათ და ვერ ვუწევთ თანადგომას, თორემ ბავშვები ყოველთვის ამბობენ და იქვე შეიძლება მათი დახმარება. 2 წუთიც კი საკმარისია, რომ ბავშვს შიშზე ენის ბორძიკი დაეწყოს. ამიტომ უმჯობესია, იქ, სადაც სკოლამდელი ასაკის პატარა ჰყავთ, ასეთი გასართობის ყიდვას მოერიდონ.

 

თუმცა განსხვავებული რეაქციებიც არის ხოლმე. ზოგიერთ ბავშვს არავითარი შიში არ აქვს. პირიქით, ერთობიან. სულ უნდათ, რომ ჩართონ, მასთან ერთად იცეკვონ, იმღერონ, ხელი მოკიდონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ზოგს ასეთ რეაქცია აქვს, დანარჩენებსაც არ შეეშინდებათ. ამიტომ მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევ, მოარიდონ ბავშვი მსგავს გასართობებს.

 

რამდენიმე დღეც და ახალი წელიც დადგება. თოვლის პაპაც მობრძანდება და საჩუქრებიც დარიგდება. რაც შეეხება რჩევებს, იმედია, მშობლები დაფიქრდებით.

  

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი