logo_geo
მზიანი გულის კაცი - ნოდარ დუმბაძე
- +

22 იანვარი. 2017. 13:55




ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. მას ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა - ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ-მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9-10 წლისამ დაკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კი კვლავ დაუბრუნდა თბილისს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკარში", იყო სატირული ჟურნალის, „ნიანგის" რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.


ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და ატირა მკითხველი. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: „მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო." ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა.


მწერალი 1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.


„ლეჩხუმიდან ხონში წავედით, თავის მოწონება უნდოდა ნოდარს დედულეთში, იქ დეიდა ეგულებოდა, უფრო სწორად, დედის ბიძაშვილი. მიგვიყვანა ერთ მშვენიერ ოდა-სახლში, ბახტაძეებთან. ჯერ ნოდარი გადავიდა, შევიდა კოინდრით აბიბინებულ ეზოში, ქალი გამოეგება კდემამოსილებითა და იმერული თავაზით, შორიდან ისე გამოჩნდა, რომ კარგად ვერ შეიცვნეს ნოდარი. ერთი შეხედვით ასე ჩანდა, მაგრამ უცბად გადაეხვია ქალბატონი ნოდარს და ახლა ჩვენს გასაგონად შეჰკივლა: ვა ბეჩა, ნოდარი, მეიყვანე სტუმრები, ჩქარა მეიყვანეო. შევედით ეზოში მე და ნოდარის მძღოლი, გაჩაღდა ნარდი, ახლა ხაჭაპური, ახლა არაყი, ახლა ჩაი და ცოტა ხანში, კიდევ სამი მეზობელი გამოჩნდა ეზოში. შემოვუსხედით სუფრას, ერთი კი თქვა ნოდარმა, ეს წიწილები რაცხა ამორალურად მეჩვენებიან, ისე აქვთ აშვერილი ფეხებიო და უკვე თამადად იყო მაგიდის თავში. ქეიფი ეშხში იყო შესული, როცა ღობეს ქოთქოთით მოადგა მჯობნის მჯობნი იმერელი ქალბატონი, ერთი ვაი-ვიშითა და გაკვირვებით, ნოდარია, შვილო, დედა, მომკალით ვიღაცამ, ეს უცხო ოჯახი რომ შეგიწუხებია, შენი სახლი ვეღარ გიცვნია, აპა, საქმეა ეეს?! ეზოში ნოდარის ნამდვილი დეიდა შემოვიდა, ის ქალბატონი, ვისთანაც თურმე უნდა მივსულიყავით. მე სიცილით ვიფხრიწებოდი, ნოდარი დეიდამისს კოცნიდა და ეუბნებოდა: ახლა გვიანია, დეიდა, ამ პურმარილს ვერ მივატოვებ, დეიდა კი არა, დედა რომ ადგესო.

 

ის ღამე იქ გავატარეთ, მეორე დღეს კი ნამდვილ დეიდასთან გადავედით", - იხსენებს ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძეს.



წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ნოდარ დუმბაძის შესახებ...

 

ნოდარ დუმბაძე არა მარტო თავის ნაწარმოებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც მართლა ესაუბრებოდა ზღვას, ხეებს, თავის ძაღლს უყვებოდა ამბებს და შვილებსაც ასწავლიდა, რომ მზეს ამოსვლისას უნდა მიესალმო და ჩასვლისას დაემშვიდობო, რომ ზღვას გამარჯობა უნდა უთხრა.


ნოდარ დუმბაძე განსაკუთრებული გაბედულობით წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე. ის ყოველთვის ამბობდა „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი" და ეს იმ დროს, როცა მწერალი ბევრს კომუნისტი ეგონა.


ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს.


ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 

მწერლის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე მამასთან დაკავშირებით რამდენიმე უცნობ ისტორიას იხსენებს:


სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვების სხვანაირად წაიკითხავენო და ეს მართლა გამოვცადე საკუთარ თავზე. ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ. ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ სულ სხვა ემოცია შემოდის. ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია, რა ვიცი, მამაშენი 37 წლის სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო. „მზიან ღამეში" პირდაპირ არის გაშიფრული, დედა გადასახლებიდან ჩამოდის, ღამე როგორ ეძებს იმ ხალს, რომელიც შვილს ჰქონდა, რომ დარწმუნდეს, საკუთარი შვილია თუ არა. სტალინი რომ კვდება, დედა ეუბნება, რადიომ თქვას შვილო, შენ არ თქვა, არ გაიმეოროო. დედას რომ ეხვეწება, არ მომიკვდე, ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი დედა ხარ და ისევ არ მიმატოვოო. ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი უბედურება თავად გადაიტანა - ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო.


ცენზურის არ ეშინოდა. სულ ამბობდა, ისეთი ცენზორები მყავს სახლში, აღარავისი მეშინიაო. მანანა სულ ეუბნებოდა, გაგიჟდი, მამა, რეებს წერო. ყველა წინადადების ბოლოს ღმერთზე საუბრობს, ვითომ ხუმრობით, ვითომ შემთხვევით, ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა დაგლოცოს, სტუმარი ღვთისაა. ამის დამკვიდრება და ყველაფერში ღმერთის ძიება მართლა გამბედაობაა.


„თეთრი ბაირარები" მთლიანად 10 მცნებაზეა აგებული. მამა რომ საოცრად ბევრს წერდა ღმერთზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, კეთილშობილებაზე და ეს ყველაფერი რომ ღმერთი იყო, ამაზე თვალი ამიხილა პატრიატქმა.


მამა საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მოვიდა მის სანახავად. ბოლოს მამამ დაგვითხოვა სულ ყველა ოთახიდან, გვითხრა, მარტო დამტოვეთო. მაშინ აღსარება უთხრა უწმინდესს, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. პატრიარქი მამასგან რომ გამოვიდა, თქვა, რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს, ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, მზად იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრიაო. ერთხელ შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართილი და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მამამ გვითხრა, თქვენ გადით, პატრიარქთან მარტო უნდა დავრჩეო. მე, დედა და მანანა გამოვედით. ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი