logo_geo
პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდში მიიწვიეს
- +

24 იანვარი. 2017. 03:28


 

 

„ფილმის საერთო წარმატება მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული დინა ძაძუს სახის სწორ იდეურ-მხატვრულ გადაწყვეტაზე. ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე, აფიშები იუწყებოდნენ, - ახალ კინოფილმში მომხიბვლელი თოიძე თამაშობსო. ფილმს წარმატება ხვდა წილად. ის სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენეს და ამის შემდეგ ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს..." - ეკრანის მშვენებად აღიარებული ალექსანდრა თოიძის შესახებ მისი ოჯახის წევრები ჟურნალ „გზას" ესაუბრნენ.


 

დავით ამირეჯიბი, ფსიქოლოგი (ალექსანდრა თოიძის შვილიშვილი):


- როდესაც თენგიზ აბულაძე ფილმს - "მონანიებას" იღებდა, ბოლო კადრში ბებია მიიწვია. ვერიკო ანჯაფარიძის გმირის სიტყვები - "ეს გზა ტაძართან მიმიყვანს?..." - ბებიას უნდა ეთქვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ უკვე ავად იყო და ვეღარ შეძლო. სამწუხაროდ, მაშინ უკვე სიმსივნე ჰქონდა... მახსოვს, ბატონი თენგიზ აბულაძის სასოწარკვეთილი სახე, რადგან ბებიას გადაღება ძალიან უნდოდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უკვე ამის საშუალებას აღარ იძლეოდა...


საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა, მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია... 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას და ეკრანის მშვენება უწოდეს... 22 წლის მანძილზე, მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განსახიერებული: დეზდემონა, კორდელია, გაიანე, ირინა, ეკატერინე ჭავჭავაძე და ოთხ ათეულზე მეტი სასცენო როლი.


თავიდან ალექსანდრა თოიძე მოულოდნელად მოხვდა ეკრანზე: რეჟისორმა ჟელიაბუჟსკიმ დიდხანს ეძება და ვერ იპოვა დინა ძაძუს როლის შემსრულებელი. მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ შენგელაიამ დაათვალიერებინა მიხეილ ჭიაურელის ინდივიდუალურ ატელიეში მოწყობილი გამოფენა, უჩვენა მხატვარ ირაკლი თოიძის ერთ-ერთი ნამუშევარი - 17 წლის ალექსანდრა თოიძის პორტრეტი და ურჩია, მთავარი როლის შემსრულებლად ის მიეწვია...

 

ქეთი ბენდელიანი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე (დავით ამირეჯიბის მეუღლე):


- ფილმის - "დინა ძაძუს" შესახებ, ალექსანდრა თოიძეს ასეთი რამ აქვს დაწერილი: "1925 წელს, მიხეილ ჭიაურელის ატელიეში ირაკლი თოიძის პირველი ინდივიდუალური გამოფენა გაიმართა. ჭიაურელების დიდი, გრძელი ოთახი ფარდით იყო გაყოფილი. ოთახის დიდ ნაწილში მიხეილს ატელიე ჰქონდა, მომცრო ნაწილში, ფარდის უკან კი ვერიკოსა და მიხეილის "ოთახი" იყო. ასე ვიწროდ ცხოვრობდნენ ეს ორი ახალგაზრდა შემოქმედი. გამოფენას მრავალი მნახველი ჰყავდა. რა თქმა უნდა, მიშას და ვერიკოს პოპულარობაც ბევრს ნიშნავდა. მამა და ირაკლი ყოველთვის დიდი აღტაცებით იხსენებდნენ ამ ორი დიდი მოღვაწის უმაგალითო კეთილშობილურ მხარდაჭერას. გამოფენაზე იკრიბებოდნენ მხატვრები, პოეტები... ერთ დღეს, ახალგაზრდა პოეტსა და კინოასისტენტ ნიკოლოზ შენგელაიას გამოფენაზე მიუყვანია რუსეთიდან ჩამოსული კინორეჟისორი, იური ჟელიაბუჟსკი, რომელიც სვანური ლეგენდის, "დინა ძაძუს" მიხედვით იწყებდა ამავე სახელწოდების კინოსურათის გადაღებას. რეჟისორს დინა ძაძუს შემსრულებელი ვერ მოენახა და კოლია შენგელაიას, ირაკლის დახატული ჩემი პორტრეტი უჩვენებია. ჟელიაბუჟსკის მოვწონებივარ და ჩემი მიწვევა გადაუწყვეტია. მეორე დილას, ირაკლისთან ერთად "ორიანტში" (ახლანდელ "ინტურისტში") მივედი. კარი რომ შევაღე, მზით განათებულ დიდ სალონში თვალი მოვკარი ჩვენი საუკეთესო მსახიობების ჯგუფს და შემკრთალმა, უმალ გამოვიხურე კარი. კოლია შენგელაიამ შემამჩნია. გამომედევნა და დარბაზში შემიყვანა. ჟელიაბუჟსკიმ ალერსიანად მომხვია ხელი, დამამშვიდა და მითხრა, - ხვალ სვანეთში მივემგზავრებით. ახლავე, კოსტიუმის ზომა უნდა აიღოო. ზომას მიღებდნენ, მეტისმეტი ღელვისგან გული წამსვლია და იატაკზე დავცემულვარ. გონს რომ მოვედი, ჩუტა ერისთავის გაღიმებული სახე დავინახე. სახლში მამას ვუამბე ყველაფერი. მისმა დამაჯერებელმა საუბარმა მხნეობა შემმატა, შემაგულიანა და წასასვლელად მზადება დავიწყე".


ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა, უაღრესად საინტერესო თემას აშუქებდა. რეალისტურად ასახავდა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას სვანეთის ცხოვრებიდან. მისი სიუჟეტი ასეთია: ზვიადსა და სასტიკ მთავარს, მურზაყან დადეშქელიანს უკანონო ქალიშვილი შეეძინა და თვალითაც არ უნახავს ბავშვი. გოგონა, სახელად დინა ძაძუ სასახლიდან მოშორებით გაიზარდა. ავხორცი მურზაყანი ერთხელ შემთხვევით შეხვდა მას, მოეწონა და მოიტაცა კიდეც. მურზაყანი ჩვეული დაუნდობლობით აპირებს მორიგი მსხვერპლის პატიოსნების გაქელვას, მაგრამ ქალიშვილი თავგანწირულად იცავს თავს და უთანასწორო ბრძოლაში, უკანასკნელ საშუალებას მიმართავს: თავადს მისივე ხანჯლით გაუპობს გულს. ამ დროს სასახლეს გარს შემოერტყმის მტარვალის თვითნებობით აღშფოთებული ხალხი. დინა ძაძუ ქონგურზე გადმოდგება და მათ გადმოსძახებს: "ხალხო, მურზაყან დადეშქელიანი მოვკალი!" მტარვალი მოკლა მისმა ქალიშვილმა, რომელიც ხალხმა აღზარდა და რომელსაც ხალხმა გამოუწრთო ადამიანური ღირსებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სული... ფილმის საერთო წარმატება მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული დინა ძაძუს სახის სწორ იდეურ-მხატვრულ გადაწყვეტაზე. ჯერ კიდევ ეკრანზე ფილმის გამოსვლამდე, აფიშები იუწყებოდნენ, ახალ კინოფილმში მომხიბვლელი თოიძე თამაშობსო.


ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად... სხვადასხვა ქვეყანაში უჩვენეს და ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს... ალექსანდრამ ჰოლივუდში წასვლა ფეხმძიმობის გამო ვერ შეძლო...

 

ჟანა თოიძე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ალექსანდრა თოიძის ახლობელი):


- ყველამ იცის ალექსანდრა თოიძე რომ ულამაზესი იყო. როდესაც მოსე თოიძემ თამარ მეფე დახატა, მოდელად ალექსანდრა გამოიყენა... იგი შთაგონება იყო ყველა გამოჩენილი მხატვრის, პოეტის... ალექსანდრა ასევე, ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. მახსოვს, ახალგაზრდა მედეა ჩახავა რომ ურეკავდა და ეკითხებოდა, ამა და ამ ღონისძიებაზე რა უნდა ჩავიცვაო? კარგი რჩევების მიცემა იცოდა... ღრმად განათლებული იყო და ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ხშირად მიკითხავდა გოეთეს რუსულად და ქართულად.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი