logo_geo
წარსული მოგონებაში ცოცხლობს...
- +

25 იანვარი. 2019. 02:14

 

მკვლევარმა მედეა აბაშიძემ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. სამწუხაროდ, უდროოდ გარდაცვალების გამო, მისი ბევრი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა.

 

 

წლების განმავლობაში ქალბატონი მედეა აგროვებდა მასალებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე, ქართულ-ბრიტანულ და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. ჟურნალ "ისტორიანის" რედაქციამ გადაწყვიტა, მის არქივში დაცული მასალების გამოქვეყნება, რომლებიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. წინამდებარე სტატია ეძღვნება დავით ჭავჭავაძეს, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალს, ამერიკელ მწერალს, პუბლიცისტს, მთარგმნელს, CIA-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს) ყოფილ თანამშრომელს. იგი ნიუ-იორკში გარდაიცვალა 2014 წლის 5 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში...

 


წარსული მოგონებაშია, აწმყო - ქმედებაში, ხოლო მომავალი - წარმოსახვაში
ნეტარი ავგუსტინე


დაგვირეკეს ჭავჭავაძეებისგან და შეგვატყობინეს, რომ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის რესტავრირებული სასახლის საზეიმო გახსნაზე ამერიკიდან ჩამოდის ცნობილი ქართველი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალი დავით ჭავჭავაძე მეუღლითურთ და მათ ჩემთან შეხვედრა სურდათ. მეც დიდი სიამოვნებით შევხვდი 

ბატონ დავითს და მის მეუღლეს, რომლებმაც გულთბილად მიმასპინძლეს და თბილი გარემო შემიქმნეს ჩემი ვაშინგტონში ყოფნის დროს.
დავით ჭავჭავაძე ამერიკაში გავიცანი, როცა კონკურსში გამარჯვების შემდეგ გავხდი ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრის კენანის ინსტიტუტის სტიპენდიატი. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო შეხვედრა ბატონ დავით ჭავჭავაძესთან, რომლის სახლში ინსტიტუტმა მიქირავა ბინა.

ბატონი დავითი, მიუხედავად ასაკისა (70-ს გადაცილებული იყო), კვლავაც ინარჩუნებდა პიროვნულ მომხიბვლელობასა და ელეგანტურობას. გაოცებას იწვევდა მისი არისტოკრატიული მანერები და დახვეწილობა, განსწავლულობა და ლოგიკური აზროვნების უნარი. საზოგადოებაშიც პატივისცემითა და აღიარებით სარგებლობდა.


დავითი თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ვაშინგტონში, პრესტიჟულ რაიონში, ორსართულიან სახლში, სადაც მე ერთი სართული გამომიყვეს.

დავითს ჰყავს ოთხი შვილი ორი ქორწინებიდან. პირველ მეუღლესთან, ჰელენ ჰასტედთან - მარიამი (მარუსია) და ალექსანდრა. მეორესთან, ჯუდით კლიპინგერთან - ეკატერინე და მაიკლი (მიკო). ჭავჭავაძეებთან უფრო ხშირად ვხვდებოდი უმცროს ვაჟს მიკოს, რომელიც მაშინ უნივერსიტეტში, სწავლობდა, გამორჩეული სტუდენტიც იყო, როგორც ოდესღაც მამამისი, და გოგონებსაც ძალიან მოსწონდათ.




ბატონ დავითის უფროსი ქალიშვილი მარუსია ხშირად ჩამოდის საქართველოში. იგი არის "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის დამაარსებელია კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი. ფონდი დახმარებას უწევს საქართველოში უმწეო, ობოლ და უსახლკარო ბავშვებს. 

ვაშინგტონში დავითი და მისი მეუღლე ცდილობდნენ, მრავალფეროვანი გაეხადათ ჩემი ყოფნა უცხო ქვეყანაში და თავისუფალი დრო (რომელიც არცთუ ხშირად მქონდა) მათ საზოგადოებაში გამეტარებინა. დავით ჭავჭავაძის რეკომენდაციით მიმიწვიეს გრაფ ივან ობოლენსკის ინიცირებულ საახალწლო მეჯლისზე, სადაც იკრიბებოდნენ რუსეთის, ევროპისა და ქართველი არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენლები და ამერიკის ცნობილი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები.

 

ობოლენსკისთან გავიცანი ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი როალდ საგდეევი და მისი მეუღლე სიუზან ეიზენჰაუერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის შვილიშვილი, გრაფი გრიგორი ტოლსტოი, ლ. ტრუბეცკოი, თავადი დოლგორუკოვი, დავით ჭავჭავაძის მეგობარი ჩერქეზი თავადი ნათიბი და მისი ოჯახი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე გივი ზალდასტანიშვილი, რომელიც ამერიკაში გამოსცემდა გაზეთს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და სხვა ცნობილი ადამიანები.

 

თბილი მოგონებები მაკავშირებს ვაშინგტონის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძართან, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახთან ერთად დავდიოდი ყოველ კვირას. იქ რუსული და ქართული არისტოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საეკლესიო ცხოვრებაში: ზოგი ეხმარებოდა სანთლების გაყიდვაში, ზოგი ასრულებდა სტიქაროსნის მოვალეობას, ზოგიც ამზადებდა ტრაპეზს ქვედა სართულზე, სადაც წირვის შემდეგ ვიკრიბებოდით და იქ იმართებოდა საინტერესო საუბარი, მსჯელობა რელიგიურ და საერო საკითხებზე. ტაძარში სუფევდა თბილი და მეგობრული ატმოსფერო, რომელიც დამეხმარა გადამეტანა მრავალთვიანი განშორება სამშობლოსთან, ახლობლებთან.


სამწუხაროდ, დავით ჭავჭავაძე - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, ცნობილი ქართველი პოეტ-რომანტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალი საქართველოში მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი. თუმცა ეს არაორდინარული, მრავალმხრივ დაჯილდოებული პიროვნება, საინტერესო ბიოგრაფიით, ბრწყინვალე გენეალოგიით და რთული, მძიმე ბედ-იღბლით, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას. 

დავით ჭავჭავაძე დაიბადა ინგლისში, ცხოვრობდა და მსახურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სრულად გამოსცადა ემიგრაციაში ყოფნის ყველა სიძნელე.


დავით ჭავჭავაძე დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც მისი მშობლები რევოლუციის შემდეგ გადავიდნენ. 1927 წელს დავით ჭავჭავაძის ოჯახი საცხოვრებლად ინგლისიდან ამერიკაში გადავიდა და ამ დროიდან დავით ჭავჭავაძის ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იყო აშშ-თან. 

ლოგიკური აზროვნების უნარმა, განსწავლულობამ, უზადო, დახვეწილმა გემოვნებამ და არისტოკრატიულმა წარმოშობამ მას უპირობო ავტორიტეტი და აღიარება მოუტანა. ინტერვიუში რუს კორესპონდენტთან ამერიკაში მცხოვრები თავადის ქალი (კნეინა) ბობრინსკაია აღნიშნავდა: "გასაოცარია, მაგრამ ამერიკა, როცა საქმე ეხება წარმომავლობას, სულაც არ არის დემოკრატიული ქვეყანა, აქ ძალიან უყვართ და აფასებენ არისტოკრატიის წარმომადგენლებს". დავით ჭავჭავაძის გენეალოგია განცვიფრებას იწვევს გამოჩენილ ადამიანთა და სამეფო დინასტიების სიუხვით.

 

ფოტო: ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე


მამის - პავლე ჭავჭავაძის მხრიდან მისი გენეალოგია ადის საქართველოს მეფე გიორგი XII-სთან. დედის - ნინა რომანოვას მხრიდან იგი რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-ის, აგრეთვე ინგლისის მეფე ჯორჯ II-ის, დანიის მეფე კრისტიან IX-ის და საბერძნეთის მეფე გეორგ I-ის შთამომავალი იყო. 
რუსეთის იმპერატორის გვართან ნათესაური კავშირის საფუძველზე, დავითი "რომანოვების გვარის გაერთიანების" ასოცირებულ წევრად მიიღეს.

დავით ჭავჭავაძე ეკუთვნის ჭავჭავაძეების წინანდლის შტოს. ამ ხაზის ისტორია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძით, რომელიც გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი, სახელოვანი გენერალი, მთარგმნელი და გამოჩენილი პოეტ-რომანტიკოსი. მისი ლექსები, დაწერილი ანაკრეონტულ სტილში, პოპულარობით სარგებლობდა ხალხში და კრიტიკოსების მაღალ შეფასებას იმსახურებდა. ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ მას ეკუთვნის ცნობილი ისტორიული ესე "საქართველოს მოკლე ისტორიული წყარო და მისი მდგომარეობა 1801-1831 წლებში", რომელიც ისტორიკოსებისა და წყაროთმცოდნეების დიდ ინტერესს იწვევს. ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) წარმოადგენდა მნიშვნელოვან პიროვნებას XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო ვაჟი თავად გარსევან ჭავჭავაძისა - ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლისა რუსეთის იმპერატორის კარზე და ეკატერინე მეორის ნათლულის.

 

ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის სამამულო ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ, გენერალ-ფელდმარშალ ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტის რანგში და პარიზამდე ჩააღწია. გამოვლენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა ორდენებითა და ოქროს ხმლით. ომის დამთავრებისთანავე ალექსანდრემ გენერლის წოდებით დატოვა სანქტ-პეტერბურგი და საქართველოში გაემგზავრა. მოჯადოებულმა ევროპული, კერძოდ კი ფრანგული კულტურით, ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოს ევროპეიზაციის პროექტი წამოიწყო. სამოდელო ობიექტად წინანდალი აირჩია - მამისეული სამემკვიდრეო მამული, სადაც კარ-მიდამო ააგო ევროპული ინტერიერითა და ევროპული სტანდარტების დაცვით. სასახლის გარშემო გააშენა შესანიშნავი ინგლისური ბაღი, რისთვისაც ინგლისიდან გამოიწერა მცენარეები და მოიწვია მებაღეები, გააფართოვა ვენახები. საფრანგეთიდან მეღვინეები მოიწვია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით პირველი ღვინის ქარხნის ასაშენებლად. აქედან იღებს სათავეს ცნობილი ღვინო "წინანდალი".


ბრწყინვალე პოეტმა და სახელგანთქმულმა გენერალმა გამოავლინა შესანიშნავი ორგანიზატორისა და წარმატებული მენეჯერის ნიჭი. წინანდლის სასახლე გადაიქცა XIX საუკუნის საქართველოს კულტურისა და ინტელექტუალურ კერად. აქ იკრიბებოდნენ მოწინავე ინტელიგენციისა და კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები საქართველოდან, რუსეთიდან და ევროპიდან.

სამწუხაროდ, 1846 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა. ალექსანდრე დაკრძალულია კახეთში, წინანდლის ახლოს, შუამთის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

 

ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა სალომე ორბელიანი. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. სამი ქალიშვილი - ნინო (1812-1857), ეკატერინე (1816-1882), სოფიო (1833-1862) და ვაჟიშვილი დავითი (1818-1884). ნინოს მეუღლე გახლდათ გენიალური რუსი მწერალი ალექსანდრ გრიბოედოვი, ეკატერინე გათხოვდა სამეგრელოს თავად დადიანზე. დავითი დაქორწინდა დიდი თავადის ქალიშვილზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიაზე, საქართველოს მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილზე, რომლის სილამაზით აღფრთოვანებული იყო დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა.

 

ფოტო: დავით ჭავჭავაძე ცსს-ში მუშაობის პერიოდში


XIX საუკუნეში გახშირდა იმამ შამილის მეთაურობით ჩრდილოეთ კავკასიელების თავდასხმები საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, კახეთზე. ამ პერიოდში წინანდლის სასახლის ბინადართა ბედი აღსავსე იყო დრამატული მოვლენებით. შამილის მორიგი თავდასხმისას ჭავჭავაძეების კარ-მიდამო ცეცხლის ალში გაეხვია, დავითის ოჯახი ტყვედ აიყვანეს. დაღესტნის გზაზე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ანასა და დავითის მცირეწლოვანი ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ შამილის რეზიდენციაში მძევლებს პატივისცემით ეპყრობოდნენ და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევდნენ, ცხოვრება ტყვეობაში, მთის სოფელში თრგუნავდა წინანდლის სასახლის მკვიდრთ. განსაკუთრებულ შეშფოთებას მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა იწვევდა. ანასა და მის დას, აქტიურ კულტურულ ცხოვრებას შეჩვეულთ, ტყვეობასთან შეგუება უმძიმდათ, სადაც ურთიერთობები შამილითა და მისი ცოლებით შემოიფარგლებოდა. რამით რომ დაკავებულიყო, ანა ჩანახატებს აკეთებდა და ისტორიას შემოუნახა ლეგენდარული იმამის საინტერესო პორტრეტი. მხოლოდ რვა თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი დავითის ოჯახის გაცვლა რუსეთის არმიის ოფიცერზე - შამილის ვაჟზე.

დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათის მქონე დავითის მეუღლე ანა ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ აქტიურად შეუდგა სასახლისა და უწინდელი შემოქმედებითი გარემოს აღდგენას.

 

ოჯახის უსაფრთხოებისა და გაძლიერების მიზნით თავისი ნორჩი ქალიშვილი მარიამი, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მშობლებმა მიათხოვეს ასაკოვან გენერალ ზაქარია ჭავჭავაძეს, რომელიც ამ გვარის სხვა შტოს წარმომადგენელი იყო. ზაქარიასა და მარიამის უფროსმა ვაჟმა სახელი გაითქვა სამხედრო ასპარეზზე. იგი იყო ჩერქეზული საცხენოსნო პოლკის მეთაური, რომელიც შედიოდა ე.წ. "ველური დივიზიის" შემადგენლობაში. 1917 წელს დროებითი მთავრობის მიერ მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატორის მეუღლის ფრეილინაზე მარიამ როძიანკოზე. მათ სამი შვილი შეეძინათ: პავლე - მწერალი (დავითის მამა), იური - ცნობილი პიანისტი და მარინა - მომავალში მწერალი. 18 წლის ქორწინების შემდეგ ისინი დაშორდნენ, ალექსანდრეს მეუღლე მეორედ გათხოვდა თავად ტრუბეცკოიზე და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ალექსანდრე დარჩა მოქმედ არმიაში და რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, რათა დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს ჯარში ემსახურა. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე უფროსი ვაჟი პავლე ხშირად ჩამოდიოდა მამასთან. 1922 წელს ალექსანდრემ დატოვა სამხედრო სამსახური, დაქორწინდა ოლღა სუხომლინსკაიაზე და გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. მათი ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა, ბოლშევიკები არ ასვენებდნენ ყოფილ გენერალს და რამდენჯერმე დააპატიმრეს. შვილები ცდილობდნენ დახმარებოდნენ მამას და აქტიურობდნენ მისი ემიგრაციაში წასვლის თაობაზე. მისმა ქალიშვილმა მარინამ მეგობრებთან ერთად მოამზადა საბუთები, შეაგროვა და გადაუგზავნა ფული, რათა მამა ბოლშევიკური ტყვეობიდან გამოესყიდა, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. ალექსანდრე მეუღლესთან ერთად 1930 წლის თებერვალში დახვრიტეს.

 

ალექსანდრეს უფროსი ვაჟი პავლე (დავითის მამა) დაქორწინდა ნინა რომანოვაზე, დიდი თავადის, გიორგი მიხაილის ძე რომანოვის ქალიშვილზე, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილზე. ნინას დედა საბერძნეთისა და დანიის პრინცესა და საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის ქალიშვილი იყო, მისი მამა თავადი მიხაილ რომანოვი - იმპერატორის მეფისნაცვალი კავკასიაში. მიხაილ რომანოვი კარგად იცნობდა და მაღალ შეფასებას აძლევდა ქართულ კულტურას, ცდილობდა წვლილი შეეტანა მის განვითარებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული ლიკანის სასახლის კომპლექსი ბორჯომში, თბილისის ოპერის თეატრის პროექტი და ბევრი სხვა სასიკეთო წამოწყება. მოგვიანებით დიდი თავადი გიორგი მიხაილის ძე დანიშნეს პეტერბურგში რუსული მუზეუმის მმართველად, ხოლო 1919 წელს ბოლშევიკებმა ის თავის ძმასთან ნიკოლოზთან, გამოჩენილ მეცნიერ-ისტორიკოსთან ერთად, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში დახვრიტეს, როგორც იმპერატორის ოჯახის წარმომადგენლები.


ნინა რომანოვა დაიბადა ლიკანის სა­სახ­ლეში, ბორჯომში, რომელიც ნინას ბაბუამ მიხაილ რომანოვმა ააშენა არქიტექტორ ლეონტი ბენუას პროექტის მიხედვით. დიდმა თავადმა გიორგი მიხაილის ძემ თავის ქალიშვილს ნინა დაარქვა ნინო ჭავჭავაძის პატივსაცემად.

ნინა და პავლე ევროპაში ემიგრაციაში წავიდნენ. ინგლისში პავლემ დაამთავრა კემბრიჯის წმინდა სამების კოლეჯი. აქ დაუმეგობრდა ემიგრაციაში მყოფ დიდ რუს მწერალს ვლადიმირ ნაბოკოვს, რომლის რჩევით, ჭავჭავაძეების ოჯახი ვაჟის (დავითის) დაბადების შემდეგ ამერიკაში გადავიდა და ნიუ-იორკში დაბინავდა.

 

ფოტო: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი შენობა ლენგლიში (ვირჯინიის შტატში)


ამერიკაში პავლე ლიტერატურულ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა, წერდა წიგნებს, თარგმნიდა რუსულიდან და ქართულიდან ინგლისურ ენაზე. მათ შორის, გადათარგმნა ინგლისურად სვეტლანა ალილუევას მეორე წიგნი "მხოლოდ ერთი წელი". პავლე ხუთი ორიგინალური წიგნის ავტორია.

დავითის აღზრდით ძირითადად რუსი ძიძა იყო დაკავებული. მოგვიანებით ვაჟი დახურულ სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც იყო სტუდენტური კაპელის "ორფეოსისა და ბახუსის" წევრი. დავითს შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე და ყველგან საზოგადოების გული და სული იყო. 1943 წელს დავითი ჯარში გაიწვიეს, სადაც განამწესეს სამხედრო დაზვერვაში უცხო ენების, განსაკუთრებით კი რუსული ენის ცოდნის გამო.

 

მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ დავითი მუშაობდა თარჯიმნად გერმანიაში, მაგრამ 1950 წელს იგი სასწრაფოდ გამოიძახეს ვაშინგტონში ცსს-ში (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - CIA), სადაც 25 წელიწადს იმსახურა. ამის შესახებ მან დაწერა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "გვირგვინები და შინელები". როგორც ჩანს, ეს გარემოება გარკვეულწილად თრგუნავდა, მაგრამ იმის გააზრება, რომ მას შეუძლია შებრძოლება იმ ძალასთან, რომელმაც დაუხვრიტა ბაბუა, ახლობელი ადამიანები, მეფის ოჯახი, გაანადგურა არისტოკრატიული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები, ძალას აძლევდა. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, 1974 წელს დავითი ვაშინგტონში დასახლდა და აქტიური საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო. კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში, კერძო კომპანიების შეკვეთით ატარებდა გამოკვლევებს ტერორიზმის შესახებ, მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში, წერდა სტატიებს, გამოსცა რამდენიმე საინტერესო ისტორიული წიგნი. დავით ჭავჭავაძეს ეკუთვნის ისტორიული და პუბლიცისტური სტატიები და წიგნები ("დიდი მთავრები", "ვლასოვის მოძრაობა", ავტობიოგრაფიული წიგნი "გვირგვინები და შინელი" და სხვა).

 

დავითმა საინტერესო და მშფოთვარე ცხოვრება განვლო და ბევრი საბედისწერო ისტორიული პროცესების მონაწილე ან თვითმხილველი გახლდათ. საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილება მან თავის ნაწარმოებში გაგვიზიარა. დავითის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწარმოებია მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "გვირგვინები და შინელები: რუსი ბატონიშვილი ცსს-ს სამსახურში" (Crowns and Trenchcoats: a Russian prince in the CIA), რომელიც 1996 წელს ნიუ-იორკში დაიბეჭდა ინგლისურ ენაზე და მალე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. წიგნში განხილულია უცნობი ფაქტები საქართველოსა და რუსეთის ისტორიიდან, ავტორისა და მისი ცნობილი წინაპრების გენეალოგია და ბიოგრაფია, სამეფო ნათესაური კავშირები. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული უნიკალური ისტორიული ფოტოებით ოჯახური არქივიდან და კონგრესის ბიბლიოთეკიდან. ჩემი ვაშინგტონში ყოფნის დროს დავით ჭავჭავაძე გამოსაცემად კიდევ ერთ ისტორიულ წიგნს ამზადებდა.

 

საქართველოში, თავის ისტორიულ სამშობლოში დავითი მეორედ ჩამოდიოდა. პირველად მან მოინახულა საგვარეულო მამული წინანდალში 1977 წელს თავის უფროს ქალიშვილთან მარუსიასთან ერთად (ამ სტუმრობის შესახებ მკითხველს მოვუთხრობდით მკვლევარ რუსუდან დაუშვილის სტატიაში "ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი - CIA-ს აგენტი", "ისტორიანი", #50, 2015 წელი. - რედ.). წინანდალმა თითქოს შეიგრძნო ერთგვარი მისტიკური კავშირი თავის წინაპრებთან. დავითისთვის მოულოდნელი იყო ის გულთბილი მიღება, რომელიც თბილისსა და წინანდალში მოუწყეს. მან წინანდალი ზღაპარს შეადარა და განსაკუთრებით აღნიშნა ჭავჭავაძისეული ისტორიული გარემო, რომელიც იქ სუფევდა. საინტერესოა, როგორ მოეწონებოდა მას განახლებული სასახლე და პარკი? წინანდალი - კახეთის ულამაზესი კუთხე, საქართველოს კულტურული ისტორიის ნაწილი, თავადი ჭავჭავაძეების სავანე. ლეგენდებით გარემოცული, სიმწვანეში ჩაფლული ცნობილი მამული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეებით დამშვენებული არაჩვეულებრივი ბაღი. აქვეა ღვინის ქარხანა, რომელიც შესანიშნავ სამარკო ღვინოს აწარმოებს. განსაკუთრებული გარემო და გამაბრუებელი სურნელი აცოცხლებს მოგონებებს სასახლის წარსულ დიდებაზე, მის გამოჩენილ, ცნობილ ბინადრებსა და არცთუ ნაკლებად ცნობილ სტუმრებზე - ქართული და რუსული არისტოკრატიული საზოგადოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებზე - ბარათაშვილი, ორბელიანი, დადიანი, რომანოვები, ვორონცოვ-დაშკოვი, გრიბოედოვი, ლერმონტოვი, გოლიცინი, ტრუბეცკოი და სხვ. წინანდალში ჩამოდიოდნენ ასევე ევროპული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები, მათ შორის გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა. მზერას იზიდავს და ალერსიანად გვიხმობს ვარდების შესანიშნავი ტალავერი, აქვეა ჯადოსნური "სიყვარულის ხეივანი", სადაც ალექსანდრე გრიბოედოვმა სიყვარული აუხსნა თავადის მშვენიერ ასულს ნინო ჭავჭავაძეს.

 

ფოტო: გივი ზალდასტანაშვილი

 

პარკში სეირნობის დროს უჩვეულო გრძნობა გვეუფლება, თითქოს ვიღაც უხილავი მუდმივად თან გახლავს. იქნებ ეს სტუმართმოყვარე ბინადართა ჩრდილები ტრადიციულად მიესალმებიან წინანდლის სტუმრებს. აქ სადღაც დაბორიალებს შამილის სულიც, რომელიც თავს დაესხა ჭავჭავაძეების ოჯახს, გაიტაცა ისინი და წინანდლის სასახლე ცეცხლს მისცა... განვაგრძობთ გზას და მივემართებით თავსატეხ მწვანე ლაბირინთისკენ, რათა ჩავიფიქროთ სურვილი. ძველი თქმულების თანახმად, თუ ადვილად დაძლევ რთულ ლაბირინთს, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგისრულდება. ახლომახლო ბაღში სამთავრობო აგარაკებია, სასტუმრო. შევდივართ სასახლეში: რესტავრაციის შემდეგ აქ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ფართო დარბაზი თანამედროვე დიზაინით, მსუბუქი ტიხრებით, ახალი ავეჯით, ბევრი მინა, ღვინის სარდაფი, სადეგუსტაციო ოთახით, დამთვალიერებელთა ხმადაბალი გუგუნი. მამული დიდი ხანია საჭიროებდა რემონტს, უნიკალური ავეჯი - რესტავრაციას, ხოლო საქართველოში ევროპიდან თავად ალექსანდრეს მიერ ჩამოტანილი პირველი როიალი - საფუძვლიან აწყობას. ოდესღაც ამ დარბაზში იკრიბებოდა ქართული მოწინავე ინტელიგენციის მთელი სპექტრი, აქ ალექსანდრე გრიბოედოვმა პირველად წაიკითხა თავები თავისი გენიალური კომედიიდან "ვაი ჭკუისაგან". ღონისძიების ორგანიზატორები შეეცადნენ შეექმნათ სადღესასწაულო განწყობა, გაეცოცხლებინათ წარსულის სული: მაღალი დონის კონცერტი ღია ცის ქვეშ, ბაღში გადაჭრილ ხეებზე ფერწერულად განლაგებული ნაციონალური ნუგბარი დეკორატიული ორნამენტების საუცხოო იმიტირებით.


იმპროვიზირებული სცენის წინ შევხვდით დავით ჭავჭავაძეს მეუღლითურთ. თბილ, სასიხარულო შეხვედრას ოდნავ სევდის ელფერი დაჰკრავდა. გასული წლების განმავლობაში დავითი საგრძნობლად მოტეხილა, შეექმნა მხედველობის პრობლემა, სჭირდება მუდმივი ბრძოლა დაავადებათა მთელ კომპლექსთან, რომელიც თან სდევს მის ასაკს. თანაც მრავალსაათიანმა გადმოფრენამ საგრძნობლად დაღალა იგი, თუმცა ცდილობდა, არ ეგრძნობინებინა ეს გარშემო მყოფთათვის და მედგრად აიტანა ღონისძიებათა მთელი პროგრამა. დავითი გრძნობდა, რომ ეს მისი ბოლო გამომგზავრება იქნებოდა საქართველოში. მიუხედავად შეუძლოდ ყოფნისა, მაინც გადაწყვიტა ჩამოსვლა. მიწის ძახილმა (თუმცა ის ინგლისში დაიბადა და ამერიკაში ცხოვრობდა), თუ გენეტიკური კოდის თავისებურებამ გააბედვინა ეს მოგზაურობა. მიუხედავად საუცხოო, სადღესასწაულო გარემოსი, მაინც რჩება რაღაც სევდის მომგვრელი: თანამედროვე ინტერიერმა გამოაძევა სასახლის შეუდარებელი, დაუვიწყარი გარემო, რომელიც ამ არაჩვეულებრივ მამულში სუფევდა. ამის შესახებ გულდაწყვეტით საუბრობს მამულის კანონიერი მემკვიდრე დავით ჭავჭავაძე. ნუთუ წარსული უკვალოდ ქრება და დრო დაუნანებლად შლის წარსულის ყველა მონაპოვარს და მისი რესტავრირება შეუძლებელია. შესაძლოა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს არც არის საჭირო. მართლაც "სად მიდის წარსული დრო?" იქნებ ჯობდეს ამ კითხვაზე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით გავცეთ პასუხი: "წარსული მოგონებაშია, აწმყო - ქმედებაში, ხოლო მომავალი - წარმოსახვაში". გააცოცხლეთ წარსული მოგონებაში ფაქიზად, მოწიწებით, პატივისცემით და სათანადო ქმედებით გააღვიძეთ წარმოსახვა. 

ისტორია არ ქრება, მას სჭირდება გაფრთხილება, კულტურული და ზნეობრივი ტრადიციების დაცვა, შემონახვა და გადაცემა მომავალ თაობებისთვის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი