logo_geo
რუსებმა ლენინზე სიმართლე რომ იცოდნენ, მეორე დღესვე მისი არც ერთი ქანდაკება აღარ იქნება...
- +

24 იანვარი. 2017. 14:36




ცნობილი ისტორიკოსი ანატოლი ლატიშევი მთელი ცხოვრება ვლადიმერ ლენინის ბიოგრაფიას იკვლევს. მან მოიპოვა დოკუმენტები ლენინის საიდუმლო ფონდიდან და „კაგებეს" არქივებიდან.


- ანატოლი გრიგორიევიჩ, საიდუმლო ფონდებში როგორ შეაღწიეთ?


- 1991 წლის აგვისტოს ამბების შემდეგ სპეციალური საშვი მომცეს, რათა ლენინზე საიდუმლო მასალებს გავცნობოდი. ხელისუფლება იმედოვნებდა, გადატრიალების მიზეზები წარსულში ეპოვნა. იქ ნანახისა და წაკითხულისგან თმები ყალყზე დამიდგა. უკვე ოცდაათი დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ გაოგნებული ვიყავი.


1905 წელს ლენინი შვეიცარიიდან ახალგაზრდებს მოუწოდებდა, პოლიციელებისთვის მჟავა შეესხათ სახეში, ზედა სართულებიდან მდუღარე გადმოესხათ ჯარისკაცებზე, გამოეყენებინათ ლურსმნები, რათა ცხენები დაესახიჩრებინათ, ხელნაკეთი ყუმბარები აეფეთქებინათ ქუჩებში. საბჭოთა ხელისუფლების მეთაურის რანგში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ბრძანებებს აგზავნიდა. მაგალითად, ნიჟნი ნივგოროდში ასეთი შინაარსის: „გამოიყენეთ მასობრივი ტერორი, დახვრიტეთ ყოფილი ოფიცრები და ასობით მეძავი, რომლებიც ალოთებენ ჯარისკაცებს... დაფიქრების დრო არ არის". სარატოვში კი ასეთი ბრძანება აფრინა: „დახვრიტეთ შეთქმულები და მერყევი ადამიანები, არავის შეეკითხოთ და თავიდან აიცილეთ იდიოტური კანონები".


- ამბობენ, ილიჩს რუსი ხალხი არ უყვარდაო...


- ლენინის რუსოფობია ნაკლებად არის შესწავლილი. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. მის სისხლში წვეთი რუსული სისხლიც კი არ ურევია. გერმანელ დედას შვედური და ებრაული ფესვები ჰქონდა. მამა - ყალმუხი, ნახევრად ჩუვაში. ბავშვობიდან გერმანული დისციპლინით ზრდიდნენ. დედა მუდამ ჩასჩიჩინებდა: „რუსები სულელები და იდიოტები არიან, ისწავლე გერმანელებისგან". სხვათაშორის, თავის გზავნილებში ლენინი რუს ხალხს ყოველთვის დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.


ერთხელ, შვეიცარიაში სრულუფლებიან წარმომადგენელს უბრძანა: „სულელ რუსებს დაავალეთ, რომ ამონაბეჭდები გამოაგზავნონ და არა მთელი გაზეთები (როგორც ამას ადრე აკეთებდნენ ეგ იდიოტები)".


- თუ არსებობს დოკუმენტები, სადაც ლენინი რუსი ხალხის გაჟლეტას მოითხოვს?


- განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა ის დოკუმენტები, სადაც ბელადი თანამემამულეთა განადგურებას მოითხოვს. მაგალითად - „ბაქო ბოლომდე გადაწყვით, აიყვანეთ მძევლები და წითელარმიელთა წინ დააყენეთ. ესროლეთ ზურგში. გაგზავნეთ თავზეხელაღებულთა ჯგუფები იმ რაიონებში, სადაც „მწვანეები" მოქმედებენ, ჩამოახრჩვეთ ხალხი (შემდეგ ამას „მწვანეებს" დავაბრალებთ), ჩინოვნიკები, მდიდრები, სამღვდელოება, კულაკები, მემამულეები. მკვლელებს 100 000 მანეთი გადაუხადეთ..." სხვათა შორის, პირველი „ლენინური პრემიები" გაიცა სწორედ ასეთი მკვლელობებისთვის. კავკასიაში ლენინი პერიოდულად აგზავნიდა ასეთი ხასიათის ტელეგრამებს: „ამოწყვიტეთ ყველა". თუ გახსოვთ იმ დროს ტროცკიმ და სვერდლოვმა რუსეთის კაზაკობა ამოჟლიტეს, მაშინ ლენინზე ეჭვი არავის აუღია. არადა, გამოაშკარავდა დოკუმენტი, სადაც ბელადი ფრუნზეს ოფიციალურად უბრძანებს: „კაზაკები ბოლომდე ამოძირკვეთ". არსებობს ძერჟინსკის ცნობილი წერილი, 1919 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული, რომელსაც ილიჩის რეზოლუცია ადევს „დახვრიტეთ უკლებლივ ყველა". საუბარია მილიონ კაზაკზე. სრულიად უმნიშვნელო შეცდომაზეც კი ბელადი მოითხოვდა, „დამნაშავე" სიკვდილით დაესაჯათ. მაგალითად 1918 წელის 11 აგვისტოს პენზაში ასეთი ბრძანება გააგზავნა: „ჩამოახრჩვეთ (აუცილებლად ჩამოახრჩვეთ) ყველა დოყლაპია, ასევე შეძლებული გლეხები. ჯალათებად შეარჩიეთ ნაღდი ბოლშევიკები". მანამდე, 1917 წელს მოითხოვდა, ყოველი მეათე უმუშევარი დაეხვრიტათ, და ეს მასობრივი უმუშევრობის პერიოდში.


- ანატოლი გრიგორიევიჩ, ლენინს ნამდვილად აღენიშნებოდა ფსიქიკური გადახრები?


-მისი საქციელი უცნაურზე მეტი იყო. მაგალითად, ხშირად ჰქონდა დეპრესია, შეეძლო, მთელი თვე არაფერი ეკეთებინა, მერე ერთბაშად იფეთქებდა და ბრძანებას ბრძანებაზე იძლეოდა.


- დალევა თუ უყვარდა?


- რევოლუციამდე ბევრს სვამდა. ემიგრაციის პერიოდში ლუდის გარეშე მაგიდასთან არ ჯდებოდა. 1921 წლის შემდეგ ავადმყოფობის გამო ვეღარ სვამდა.


- ლენინს კრეპსკაია თუ უყვარდა?


- არა, არ უყვარდა, უბრალოდ, აღიარებდა, როგორც შეუცვლელ თანამებრძოლს. ავად გახდომის შემდეგ მასთან შესვლა საერთოდ აუკრძალა. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ილიჩამდე კრეპსკაია ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. საერთოდაც, ჩემს მიერ მოპოვებული დოკუმენტების სია არასრულია და ჯერაც ბევრი არის დაფარული. ასე რომ, პროლეტარიატის ბელადის ნამდვილი სახე ჯერაც ბუნდოვანია.




 

big_banner
არქივი