logo_geo
თბილისში ილუზიების მუზეუმი იხსნება!
- +

1 თებერვალი. 2019. 11:55

 

1 მარტს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის #10-ში, თბილისის ილუზიების მუზეუმი გაიხსნება და დამთვალიერებლებს უამრავ საინტერესო ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას შესთავაზებს. აქ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ის, რაც ბევრ მუზეუმში აკრძალულია: გადაიღოთ ფოტოები, იცინოთ, გაერთოთ, ირბინოთ…

 

 

ილუზიების მუზეუმის ისტორია 2015 წლიდან, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იწყება. შემდეგი იყო ზადარის მუზეუმი, ასევე, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა–ლუმპური, ნიუ–იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი, კანზასი და უკვე თბილისიც.

ქართული მუზეუმის გახსნის იდეა, „სარკე-ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მათი ინიციატივის შედეგად, მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს.

 

 

ზოგადად, ჩვენი მიზანი იყო, თბილისში „ალტერნატიული გართობის“ ადგილის შექმნა, რასაც საქართველოში „გასართობი მუზეუმების“ ინდუსტრიის არარსებობა ამყარებდა. ასე დავუკავშირდით იდეის ავტორებს, მოვინახულეთ ზაგრების მუზეუმი, გადავხედეთ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავმხდარიყავით ილუზიების სამყაროს წევრები, –  ნატალი ანანიაშვილი, „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

 

ილუზიების მუზეუმი ადგილია, სადაც ყველანაირი: ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზია ერთადაა წარმოდგენილი. მუზეუმის ილუზიების კოლექციამ დამკვირვებელი ერთდროულად უნდა გაახალისოს, გააოცოს და საკუთარ შეგრძნებებზე დააფიქროს. როგორც ნატალი ანანიაშვილი მარკეტერთან ბრენდის კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნავს: მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებულია „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან.

 

 

ეს არის ახალი ტიპის უნიკალური სივრცე, რომლითაც დამთვალიერებელი ახალ, სახალისო და უნიკალურ გამოცდილებას მიიღებს. მუზეუმი ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება, რადგან „გართობის ენა“- არის ენა, რომელიც ყველას კარგად ესმის, ილუზიების სამყარო ერთნაირად აღელვებს დიდსა თუ პატარას, – ნატალი ანანიაშვილი.

 

M: ნატალი, როგორ აისახა ბრენდის ფილოსოფია მის ვიზუალურ სიმბოლოში?

ილუზიების მუზეუმის ლოგოც, ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას წარმოადგენს. მასში გამოყენებულია შვედი მხატვრის, ოსკარ რეუტერსტვარდის შემუშავებული „შეუძლებელი ფიგურების“ მეთოდი. ეს არის სივრცითი ილუზიის შექმნა სიბრტყეზე ხაზებისა და ფერთა ლაქების სპეციალური განლაგებით. თბილისის მუზეუმი იმეორებს ძირითადი, პირველი მუზეუმის ფერს. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებს, ისინი ვიზუალურად იდენტურია და საერთო ბრენდის ჩარჩოების ქვეშაა მოქცეული. განსხვავდება მხოლოდ მათი ფერები, რაც ასევე, ბრენდის კორპორატიული ფერთა პალიტრიდანაა.

 

 

M: რას მოიცავს მუზეუმის ტექნიკური თუ ინფორმაციული რესურსი? რა ფორმით მიდის ის დამკვირვებლამდე?

მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. ინსტალაციების შესახებ ინფორმაცია (ახსნა) შეგიძლიათ, იხილოთ ექსპონატის გვერდით. თხრობის ენა ქართულთან ერთად ინგლისური და რუსულია. მუზეუმის ტექნიკურ უზრუნველყოფას როგორც თბილისში, ისე დანარჩენ 14 მუზეუმში, სრულად ახდენენ ხორვატი კოლეგები. ექსპონატები უკვე ჩამოსულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან და მათი მონტაჟი მიმდინარეობს.

 

 

M: რას ფიქრიბთ მუზეუმების როლზე ქვეყნის შიდა განვითარებისა თუ ტურიტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით?

მუზეუმების როლი უდიდესია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც გასართობი და კომერციული ფორმატის მუზეუმები არ არსებობს, მნიშვნელოვანია „ილუზიების მუზეუმების“ გაერთიანების წევრობა, რადგან ეს არის უახლესი ფორმატის მუზეუმი, რომელსაც თავისი ინსტალაციებით აღფრთოვანებაში მოჰყავს ყოველი ვიზიტორი. და ფაქტი, რომ თბილისი მსოფლიო ტურისტულ მეგაპოლისებთან ერთად ამ საოცარი სამყაროს წევრი ხდება, ერთნაირად  მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის.

 

 

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი სხვადასხვაა ასაკისა და კატეგორიის შესაბამისად: სტანდარტი, სტუდენტი, ბავშვი, ოჯახი, ჯგუფი. თუმცა, სტანდარტული ბილეთის ფასი, კინოს ბილეთის საშუალო ღირებულებიდან გამომდინარე, 17.5 ლარია.

 

მუზეუმს, ასევე, სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია აქვს. ძირითად პროდუქციას კი სახალისო, მემო და მოტორიკის განსავითარებელი ხის სათამაშოები წარმოადგენს.

 

 

როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, ბეთლების #10-ში, მთლიანი შენობა ინტერაქტიულ სამუზეუმო სივრცედ გადაიქცევა და პირველი მუზეუმის გახსნის შემდეგ, სხვადასხვა სტაციონარული თუ მოძრავი მუზეუმის გახსნას დააანონსებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი