logo_geo
ირმის ნახტომი სინამდვილეში ბრტყელი არაა - ჩვენი გალაქტიკა გამრუდებული აღმოჩნდა
- +

5 თებერვალი. 2019. 17:45

 

როგორც ირკვევა, ირმის ნახტომი სულაც არ არის ლამაზი, იდეალურად ბრტყელი დისკო. სინამდვილეში, კიდეებთან ის სერიოზულად არის გამრუდებული.

 

ჩვენს მშობლიურ გალაქტიკას ხშირად ვადარებთ მეზობელ ანდრომედას, რომელიც ირმის ნახტომზე დიდია, თუმცა ორივე მათგანი ერთნაირი ასაკის, საკმაოდ ვრცელი, სპირალური გალაქტიკებია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ირმის ნახტომში ვცხოვრობთ, მის სრულ ფორმებზე დაკვირვება არ შეგვიძლია. ეს დაახლოებით იგივეა, იჯდე სტაციონარულ წყალქვეშა ნავში და ოკეანის ზომების გაგებას ცდილობდე. თუმცა, იმის წყალობით, რაც ზოგადად გალაქტიკების შესახებ ვიცით, უპრიანი იყო, გვეფიქრა, რომ ირმის ნახტომი ანდრომედას ჰგავს, ლამაზი, მოწესრიგებული სპირალური მკლავებით.

 

თუმცა ახლახან ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო შორს მიდიხარ გალაქტიკის ცენტრიდან, ირმის ნახტომის დისკო უფრო დაგრეხილი და გამრუდებული ხდება. მის გალაქტიკურ სიბრტყეს არა სწორი ხაზი, არამედ წაგრძელებული S-ის ფორმა აქვს.

 

აღმოჩენა გალაქტიკის გარე რეგიონებში მდებარე ვარსკვლავებამდე მანძილის ახალი გაზომვების წყალობით გაკეთდა.

 

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომის, სიაოდიან ჩენის განცხადებით, მზიდან ირმის ნახტომის გაზის დისკოს გარე ნაწილებამდე მანძილების გაზომვა უკიდურესად რთულია, რადგან არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა ამ დისკოს ფორმების შესახებ.

 

ამის ერთ-ერთი გზაა ცეფეიდის ტიპის ვარსკვლავების გამოყენება. ეს გახლავთ ძალიან კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც ზუსტი სიხშირით პულსირებენ. ამის წყალობით კი ასტრონომებს მათი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდის დადგენა შეუძლიათ. ეს კი თავის მხრივ ამ ვარსკვლავებამდე მანძილის გამოთვლის საშუალებას იძლევა.

 

ოპტიკურ სპექტრში, ჩვენსა და ვარსკვლავს შორის არსებული გაზი და მტვერი ზუსტი სიკაშკაშის დადგენას ხელს უშლის, რაც იმას ნიშნავს, რომ არაზუსტი ხდება მანძილის გამოთვლაც.

 

თუმცა, მტვერში გაღწევა შეუძლია ინფრაწითელ რადიაციას, რაც უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს მეცნიერებმა ამჯერად.

 

ასტროფიზიკოს რიჩარდ დე გრიჯსის განცხადებით, მათ კოსმოსური ობსერვატორია WISE-ის მიერ შედგენილი ახალი ინფრაწითელი კატალოგი გამოიყენეს, რათა შემცირებულიყო მტვრის ეფექტები და ცეფეიდ ვარსკვლავებამდე მანძილი 3-5 პროცენტიანი ცდომილებით გამოეთვალათ. მსგავსი სიზუსტე ამ დრომდე უპრეცედენტოა.

 

როგორც გრიჯსი აღნიშნავს, ინფრაწითელი მონაცემებისა და ცაზე მათი ხილული მდებარეობის კომბინირებით, ცეფეიდების საშუალებით შექმნეს ირმის ნახტომის სამგანზომილებიანი რუკა, რომელიც შემდეგ შეადარეს გაზის გადანაწილებას. ბრტყელ დისკოზე არც ერთი მათგანი არ მიუთითებდა.

 

მისი თქმით, სპირალური გალაქტიკისთვის სულაც არაა უჩვეულო, რომ კიდეებზე გამრუდდეს, განსაკუთრებით კი ატომური წყალბადის გაზი, რომელიც ვარსკვლავური დისკოდან საკმაოდ შორს ვრცელდება. თუმცა, ირმის ნახტომის გამრუდება საინტრესოა იმიტომ, რომ იგი მოიცავს ვარსკვლავებსაც, მათ შორის ახალგაზრდებსაც.

 

გრიჯისის განცხადებით, უფრო საინტერესო ის არის, რომ ირმის ნახტომის დისკო ამავე დროს დაგრეხილიც არის, ანუ პრეცესიული. მისი თქმით, დისკოს პრეცესია მიუთითებს, რომ ირმის ნახტომის შიდა მასიური დისკო შეიძლება, დისკოს გარე ნაწილს აიძულებდეს, მიჰყვეს მის ბრუნვას, მაგრამ გარე დისკოს ბრუნვა ჩამორჩება, რაც დაგრეხვას იწვევს.

 

მსგავსი რამ ირმის ნახტომში აქამდე არასოდეს შეუნიშნავთ, მაგრამ ასტრონომმა ფრენკ ბრიგსმა ეს მრავალი წლის წინ შენიშნა ახლომდებარე სხვა მრავალ დიდ სპირალურ გალაქტიკაში. ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ იგივე დინამიკაა ირმის ნახტომის შემთხვევაშიც.

 

აღნიშნული შედეგები დაგვეხმარება, უკეთ გავარკვიოთ ჩვენი გალაქტიკის სამგანზომილებიანი სტრუქტურა და დინამიკა, ასევე გავარკვიოთ გალაქტიკის მატერიის ოდენობის ზედა ზღვარი და გადანაწილება, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ბნელი მატერიის პოვნის თვალსაზრისით.

 

გარდა ამისა, მიღებული შედეგების საფუძველზე უკეთესად შევისწავლით ირმის ნახტომის ურთიერთობას თავის თანამგზავრ გალაქტიკებთან, კერძოდ, მაგელანის ღრუბლებთან და ახლო სამეზობლოსთან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი