logo_geo
ალექსანდრე ვერტინსკი და ლიდა წირღვავა - სიყვარული, რომელიც აკრძალვაზე ძლიერი აღმოჩნდა
- +

26 იანვარი. 2017. 00:39


 

 

ალექსანდრე ვერტინსკი, რუსი მომღერალი და კომპოზიტორი, 1915 წელს, თბილისის ოპერის თეატრში გასტროლებზე ყოფნისას ქართველი ქალებით ისე მოიხიბლა, რომ პირობა დადო: თუ ოდესმე დავქორწინდი, ცოლად მხოლოდ ქართველ ქალს შევირთავო. 27 წლის შემდეგ, 53 წლის არტისტი ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთ კლუბში, 19 წლის ულამაზეს ქართველ გოგონას, ლიდა წირღვავას შეხვდა და თავდავიწყებით შეუყვარდა.


ლიდა წირღვავა მეუღლის გაცნობის დღეს ასე იხსენებს:


ერთ საღამოს ჩვენს პატარა კამპანიაში გაჩნდა იდეა, რომ ვერტინსკისთვის მოგვესმინა და, ყველა ერთად, კაბარერენესანსში" წავედით. სცენაზე პიანისტი გამოვიდა და მასთან ერთად, ელეგანტურ, შავ სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი უკან გადაწეული თმითა და რომის პატრიციის პროფილით. ვერტინსკი... როგორი მაღალია... გავიფიქრე მე. მან თვალი მოავლო დარბაზს და ამღერდა. არასოდეს მსმენია რუსული სიტყვების ასეთი ლამაზი ჟღერადობა. სიტყვები თავისი ინტონაციით მხიბლავდნენ. ვერტინსკიგამოსათხოვარ ვახშამს" მღეროდა, რომელშიც ასეთი სიტყვები იყო: „ვიცი, რომ გემებსაც სჭირდებათ ნავსაყუდელი, მაგრამ ისეთებს არა, როგორებიც ჩვენ - მოხეტიალე არტისტები ვართ."

 

ბოლო ფრაზას ისე გამომწვევად ამბობდა, თითქოს დარბაზში ხელთათმანს ისროდა. ამ დროს მისგან უდიდესი ღირსება და სიამაყე მოდიოდა, მაგრამ იმ წუთში მის მიმართ სიბრალულის გარდა, ვერაფერს ვგრძნობდი. სიმღერის ტექსტმა მთლიანად მომნუსხა და რაღაც მატკინა. მზად ვიყავი, მისთვის ყველაფერი სიხარულით მიმეცა, რაც გამაჩნდა. ეს მაშინაც ზუსტად ვიცოდი, როცა სიგარეტის ბოლით გაჟღენთილ დარბაზში ვუსმენდი და ჩვიდმეტი წლის შემდეგაც, როცა მაისის ერთ დღეს, ესტრადის სახლში, ჩემს გოგოებთან ერთად, მის კუბოსთან ვიდექი...


ბედნიერი შემთხვევის წყალობით, იმ კაფეში ჩემს მაგიდასთან მისი ნაცნობები ისხდნენ. ის ჩვენთან მოვიდა და ერთმანეთი გაგვაცნეს. მე ვუთხარი, - დაბრძანდით, ალექსანდრე ნიკოლაევიჩ. ის დაჯდა და თქვა, - სამუდამოდ მოვედი. აშკარა იყო, რომ ორმხრივი ლტოლვა გაჩნდა. ის მე ლილას მეძახდა, მე კი - სანდროს".

 

 



ლიდა უძველესი ქართული, თავადური გვარის წარმომადგენელი იყო. მისი ბაბუა თავადი დადიანი გახლდათ, თუმცა გოგონა ჩინეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამამისი - ვლადიმერ წირღვავა ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა და, ოჯახთან ერთად, ხარბინში ცხოვრობდა. ლიდას დედა - ლიდა ფომინა ცდილობდა, გოგონა მშობლიურ ენას დაუფლებოდა. პატარა ლიდა კვირაობით, ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში ქართულ მეტყველებას სწავლობდა. 1933 წელს, ვლადიმერ წირღვავას გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდა. 17 წლის ულამაზეს გოგონას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. სანამ ლიდა ფომინა სასურველ სასიძოს არჩევდა, ბედისწერამ მისი შვილი 34 წლით უფროს მომღერალს შეახვედრა. ალექსანდრე ვერტინსკიმ, რომელსაც ამ დროისთვის მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა,  გოგონა სცენიდანვე შენიშნა. განსაკუთრებით ესიამოვნა, როცა ლიდას ქართული წარმომავლობის შესახებ გაიგო.


ქართველები რას გეძახიან? - ჰკითხა მან გოგონას. ლილას, რადგან ქართულში ასო я არ არსებობს", - უპასუხა მან. მაშინ მეც ლილას დაგიძახებთ, ოღონდ თქვენც ქართული სახელით, სანდროთი უნდა მომმართოთ, - უთხრა მომღერალმა ლიდას.


ასაკში უზარმაზარი სხვაობის გამო, ლიდას დედა შვილისა და ცნობილი ხელოვანის დაახლოების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.  მომავალი სასიდედრო ასაკით სასიძოზე უმცროსი გახლდათ. ეს მეტისმეტად შეუფერებელი ურთიერთობაა, ამიტომ ქორწინება არ შედგება", - ამბობდა ქალი, თუმცა შვილისა და მომღერლის შეხვედრებს ხელი ვერ შეუშალა.



ალექსანდრე ნიკოლაევიჩი თავის კონცერტებზე მპატიჟებდა. ის მღეროდა და მე მონუსხული ვუსმენდი. მან საბოლოოდ მომაჯადოვა. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მამა ქართველი მყავს, რადგან ქართველებსა და საქართველოს ყოველთვის აღმერთებდა. საკუთარ თავს კი კავკასიელ ტყვეს ეძახდა". 

 

 

 

 

მთელი კვირა სამსახურით ვიყავი დაკავებული. მხოლოდ შაბათი და კვირა მქონდა თავისუფალი, ამიტომ დანარჩენ დღეებში ვერტინსკი ძალიან მოწყენილი იყო. სიცარიელე რომ შეგვევსო, წერილებით დავიწყეთ ურთიერთობა. ამ წერილებში ვერტინსი, როგორსაც მე ვიცნობდი, მთლიანად ჩანს - მგზნებარე, უხვი, შეყვარებული, ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ნამდვილი გრძნობა და განცდა. ახლა ასე აღარავინ წერს. მისი ყველა წერილი და ლექსი შენახული მაქვს. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე გამოვაქვეყნებდი", - წერს ლიდა ვერტინსკაია მეუღლისთვის მიძღვნილ მოგონებების წიგნში სიყვარულის ლურჯი ფრინველი".


ძნელია, მკითხველი გულგრილი დარჩეს წერილების მიმართ, რომელსაც შეყვარებული მომღერალი ქართველ გოგონას სწერდა:


ჩემი გუშინდელი პესიმიზმისთვის ნუ გამიბრაზდებითჩემო პატარა მბრძანებელო! გახსოვთ, რა მითხრა ქართულ მეჯლისზე ერთმა ადამიანმა? ვერტინსკი, თქვენ კავკასიელი ტყვე ხართო. ტყვეებს კი კარგად უნდა მოექცეთ. თქვენი დუმილის გამო, ამ დღეებში ძალიან ვნერვიულობდი და ცუდად ვიქცეოდი. ბევრს ვსვამდი. ახლა დავმშვიდდი. კვირას 6 საათზე გეპატიჟებითკონსტანტინეპოლში", სადაც თქვენს ეროვნულ კერძებს ამზადებენ, შემდეგ კი გადავწყვიტოთ, კინოში წავალთ თუ პარკში სასეირნოდ. მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო". თქვენი სანდრო. 1940 წელი. შანხაი.

 

 



შენი მომწვანო ფერის თვალები, რომელიც სპარსულ ზურმუხტს ჰგავს, ჩემი განძია. ყველაფერი საოცრად მნიშვნელოვანია. ისიც, რომ ახლა გაზაფხულია, ისიც, რომ აღდგომაა, ისიც, რომ მწვანე თვალები გაქვს და ჩემი საცოლე გქვია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან გამხდარი და ძალიან პრეტენზიული ხარ. გილოცავ! შენს დედიკოს ჩემი მილოცვა გადაეცი, თუნდაც უსიამოვნო მოგონების გარდა, ჩემი სახელი არაფერს აგონებდეს. ქრისტე აღდგა!" 1940 წ. შანხაი.


საოცარია, ადრე ლექსებს ვწერდი. ახლა კი მხოლოდ თქვენთვის წერილების წერა მინდა. ალბათ, იმიტომ, რომ სიყვარული ხელოვნებაზე ძლიერია. სანდრო".




თქვენ ყველაზე ძვირფასი ხართ, რაც გამაჩნია. თქვენი როგორც ღმერთის, ისე მჯერა. მხოლოდ თქვენი მთელ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ყოველი თქვენი სიტყვა ჩემთვის ძვირფასი, მნიშვნელოვანი და წმინდაა და როცა ჩემ მიმართ ცხოვრებაში ან წერილებში უხეში ხართ, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ და ვცოფდები. თქვენ ჩემი სიყვარული და ჩემი ანგელოზი ხართ. რასაც თქვენ იტყვით, კანონია. რასაც აკეთებთ, წმიდათწმიდა. თქვენი კრიტიკა არ შეიძლება. თქვენ ყველა კანონზე მაღლა დგახართ. ყველაზე ლამაზი, ნაზი, სუფთა ხართ და მხოლოდ სიხარულის მომტანი უნდა იყოთ. ყველაფერი თქვენ გეკუთვნით. ჩემი ხელოვნება და მთელი ჩემი ცხოვრება. მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო ქალბატონო! გაღმერთებთ, მიუხედავად ქართველი საზოგადოებისა და თქვენი ახლობლების აკრძალვებისა! თქვენი, მარად თქვენი და სამუდამოდ თქვენი სანდრო".



შეყვარებულთა იდილია 1942 წლის ბოლოს დაირღვა, როცა წყნარი ოკეანეს ომი დაიწყო და შანხაიში იაპონელთა საოკუპაციო ჯარები შევიდნენ.


შეშინებულმა და თავგზაარეულმა ლიდა ფომინამ მისი შვილისა და ვერტინსკის ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა.


ჯვრისწერა 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებლურ ტაძარში შედგა, ქორწინება კი ტოკიოში საბჭოთა საელჩოში დაარეგისტრირეს. მომღერალმა საბჭოთა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიეცათ და პირობა დადო, რომ ცხოვრების ბოლომდე თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ორი თვის შემდეგ, მოსკოვიდან თანხმობა და ვიზები მოვიდა. 1943 წლის 4 ნოემბერს ალექსანდრე და ლიდა, სამი თვის მარიანასთან და ლიდა ფომინასთან ერთად, შანხაიდან რუსეთისკენ გამოემგზავრნენ.


1944 წელს, უკვე მოსკოვში, ლიდამ მეორე ქალიშვილი ანასტასია გააჩინა. ვერტინსკიმ, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მეუღლეს ცხოვრების ბოლომდე ვერ გაჰყვებოდა, მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება დაიწყო. დაარწმუნა, შვილების შენახვა რომ შეძლო, პროფესია გჭირდებაო და სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია.


ლიდიამ სასწავლებელი 1955 წელს დაამთავრა. თუმცა, მისი გამორჩეული გარეგნობა რეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ჯერ კიდევ სტუდენტს, კინოში გადაღება შესთავაზეს. პუშკინის ზღაპრის მოტივებზე გადაღებულმა ფილმმა ლიდია ვარსკვლავად აქცია.

 

 

 


ვერტინსკიმ მოასწრო თავისი საყვარელი ლილიჩკა ულამაზეს როლებში ეხილა და ოჯახთან ერთად, ლიდას მშობლიურ საქართველოში ემოგზაურა, თუმცა გარდაუვალის თავიდან აცილება ვერ მოახერხა. ალექსანდრე ვერტინსი 1957 წელს გარდაიცვალა.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდა იყო, ლიდა აღარასოდეს გათხოვილა - სანდროს სხვა მამაკაცთან შედარება უზრო იყო, ამიტომ მთელი ცხოვრება გოგონების აღზრდასა და გარდაცვლილი ქმრის სახელის უკვდავყოფას შეალია. მისი მცდელობით გამოვიდა ალექსანდრე ვერტინსკის მოგონებათა კრებული გრძელი გზა", რომელშიც მისი ლექსები, წერილები და დღიურებია შესული.


ალექსანდრესა და ლიდას ქალიშვილები მარიანა და ანასტასია ვერტინსკები რუსული კინოსა და თეატრის კაშკაშა ვარსკვლავები არიან და მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი რუსი მსახიობების რეიტინგში შედიან.


 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი