logo_geo
ამ ბიჭის დედამ 25-ე კვირაზე გაიკეთა აბორტი... მაგრამ ის გადარჩა და 21 ბედნიერი წელი იცხოვრა...
- +

8 თებერვალი. 2019. 19:08

 

 

ორსულობის 25-ე კვირაზე ტიმის ბიოლოგიურმა მშობლებმა გაიგეს, რომ მათი ბიჭი დაუნის სინდრომით დაიბადებოდა. გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, დაუნის სინდრომის აღმოჩენის შემთხვევაში დედას აქვს უფლება, გაიკეთოს აბორტი მე-13 კვირამდე. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ დედას აქვს ფსიქოლოგიური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნებადართულია დაგვიანებული აბორტიც. ეს პირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორსულობა ხელოვნურად შეწყვეტილიყო.

 

არავის ეგონა, რომ ბიჭი გადაიტანდა ხელოვნურ მშობიარობას, თუმცა, მისი გული ფეთქავდა, ის მოძრაობდა და ტიროდა.

 

ტიმის სიმაღლე 32 სმ იყო, წონა - 690გრ. ბავშვი გაახვიეს საფენში და მარტო დატოვეს. 9 საათის შემდეგ, პერსონალის ახალი ცვლა მოვიდა და აღმოაჩინა, რომ ტიმი ისევ სუნთქავდა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს რეანიმაციაში. მისი ფილტვები არ იყო განვითარებული დღენაკლულობის გამო. მას ხომ დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რამაც უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე დაუნის სინდრომის არსებობამ. პატარას დაზიანებული ჰქონდა ტვინი და თვალები, მოგვიანებით განვითარდა აუტიზმი. პირველი 6 თვე საავადმყოფოში გაატარა. ტიმის ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი თქვეს ბავშვზე.

 

1997 წლის მიწურულს, ბერჰარდ და სიმონა გვიდოებმა გააფორმეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც პატარა ტიმი მათ ეკუთვნოდათ. მათ უკვე ჰყავდათ საკუთარი 6 და 3 წლის ბიჭები. უნდოდათ, ჯანმრთელი გოგონა ეშვილათ. მოულოდნელად გაისმა ტელეფონის ხმა და მეურვეობის სამსახურმა წყვილს შესთავაზა ახალშობილი ბიჭი - დაუნის სინდრომით და მთელი რიგი გართულებული დიაგნოზებით. გვიდოს ოჯახმა ერთხმად უპასუხა - „დიახ“.

 

„როდესაც პირველად შევხვდით ტიმს, 1997 წლის შობა დღე იყო, უკვე ვიცოდით, რომ ის განსაკუთრებული იქნებოდა. იმ მომენტში არ ვიცოდით მისი დაბადების ისტორია, რომლის მიზანიც იყო სიკვდილი და არა სიცოცხლე, მაგრამ მაშინვე მივხვდით, რომ ის გაიზრდებოდა ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ქარიზმა და სიცოცხლის დიდი სიყვარული.

 

უკვე მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ტიმის სახლში წამოყვანა, შევიტყვეთ მისი სიცოცხლისათვის დრამატული ბრძოლის შესახებ და გაოგნებული ვიყავით მისი ბრძოლისუნარიანობით. როდესაც პირველად შუშის კედლიდან დავინახეთ ტიმი, მან შემოგვხედა და ჩვენ ერთდროულად გადავწყვიტეთ: ის ჩვენი შვილი გახდება“, - დაწერა მოგვიანებით სიმონამ თავის წიგნში, რომელიც ტიმს მიუძღვნა.

 

სამშობიაროდან გამოწერისას ბავშვი 1,5 კგ-ს იწონიდა. ექიმები თვლიდნენ, რომ ტიმი 1 ან მაქსიმუმ 2 წელს იცოცხლებდა. მას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა. ფილტვების განუვითარებლობის გამო ნებისმიერი ინფექცია შეიძლებოდა სასიკვდილო გამხდარიყო ბავშვისთვის. ტიმი მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა. თავიდან მათი გადაწყვეტილების გამო, ახალგაზრდა წყვილს მეგობრები შეშლილად მოიხსენიებდნენ. მაგრამ შემდეგ მხარს უჭერდნენ და გვერდში ედგნენ მათ.

 

 

ტიმის შემთხვევა მთელი გერმანიისთვის ცნობილი გახდა და ახალი ტალღა წამოვიდა დაგვიანებულ ვადაზე აბორტის ჩატარების თაობაზე. ტიმის ბიოლოგიურმა მშობლებმა კლინიკას უჩივლეს სასამართლოში: ისინი ადანაშაულებდნენ ექიმებს იმაში, რომ მათ არ გააფრთხილეს ისინი, რომ შეიძლებოდა ბავშვი ცოცხალი დაბადებულიყო. თუმცა მალე საქმე შეწყდა და ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან დროულად არ აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ახალშობილს.

 

რა თქმა უნდა, ბიჭის ცხოვრება არ იყო უღრუბლო. ტიმს დაბადებისთანავე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რამაც ძალიან იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. მან ვერ ისწავლა ლაპარაკი. ის ურთიერთობდა ცალკეული ხმოვანი ასოებით და ხმებით. მშობლებს ძალიან დიდი ძლისხმევა დასჭირდათ, რომ მისთვის სიარული ესწავლებინათ. ერთი პერიოდი ატარებდა დამცავ შლემს, რათა აგრესიის დროს არ დაეზიანებინა საკუთარი თავი. ამის მიუხედავად, მშობლებს არ უნანიათ, რომ იშვილეს სწორედ ტიმი.

 

მიუხედავად სირთულეებისა, ტიმს ჰქონდა სრულფასოვანი, ლაღი და ბედნიერი ცხოვრება. თერაპიის დროს უყვარდა ცურვა დელფინებთან და ძაღლთან თამაში.

დადიოდა სპეციალიზირებულ სკოლაში. მისი მშობლები ბედნიერები იყვნენ მის გვერდით.

 

 

2019 წელს მან ოჯახთან ერთად აღნიშნა შობა. მოულოდნელად, 4 იანვარს ცუდად გახდა და ფილტვებში ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. „ძალიან დამწუხრებულები ვართ და ვერ ვეგუებით ჩვენი შვილის გარეშე ცხოვრებას, რომელიც უნიკალური იყო. ის ხომ სიკეთეს და სიხრულს ასხივებდა. ეს იყო 21 ძალიან ბედნიერი და ლამაზი წელი“, - წერენ ტიმის მშობლები.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი