logo_geo
ვის მიერ დაწუნებული ნახატი აჩუქა მოდილიანიმა ლადო გუდიაშვილს კაფეში
- +

16 თებერვალი. 2019. 21:48

 

ლადო გუდიაშვილი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში, ერთ-ერთ ღარიბულ უბანში დაიბადა. წარმოშობით მთიულეთიდან იყო.

 

გუდიაშვილების სახლი სავსე იყო მუსიკალური ინსტრუმენტებით. ოჯახი კონცერტებსაც ხშირად მართავდა. მხატვრის დედამ, ელისაბედმა, გადაწყვიტა, შვილისთვის მუსიკალური განათლება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ მას მუსიკა ძალიან უყვარდა, ვიოლინოზე დაკვრისას არასასიამოვნო გრძნობა უჩნდებოდა. მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდან ამჟღავნებდა, წიგნებიდან იხატავდა ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, ხატავდა ქვაფენილზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზეც კი... და იგი ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს. იყიდა ველოსიპედი, რათა მცხეთაში ევლო და ყოველდღე ოცდაერთ კილომეტრს გადიოდა.

 

„ლადო ფრესკებისთვის იყო დაბადებული, ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა, წონასწორობასაც კი ჰკარგავდა“, – იგონებდა მხატვრის მეუღლე, ნინო გუდიაშვილი.

 

ლადო გუდიაშვილს ძალიან უყვარდა მისი სამშობლო, შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან. ყველა აღიარებდა მის შემოქმედებას და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. და აი, ლადო გუდიაშვილი საუკეთესო მხატვრად დასახელდა და სასწავლებლად პარიზში გაიგზავნა. ერთ-ერთ გამოფენაზე ლადოსთან მივიდა ესპანელი მხატვრის მდივანი, რომელმაც ლადოს სთხოვა სურათის ღირებულება ეთქვა. მხატვარმა სიხარულისგან ცრემლების „ბურთი“ ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა: „მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი? ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს“. მეორე დღეს ესპანელი მხატვარი თავად ესტუმრა ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, შემდეგ აარჩია რამდენიმე.

 

– ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა.

 

როდესაც თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: „მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათებიც ხატეთ…“

 

…საინტერესო და უცნაური სიყვარულის ისტორია აქვთ ლადოსა და მის მეუღლეს, ნინოს. ლადოს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის ხშირად მართავდა გამოფენებს, სადაც ყოველთვის დაინახავდით ერთ გოგონას, რომელიც აუცილებლად ესალმებოდა და ემშვიდობებოდა მას. შემდეგ მხატვარმა თავად მოისურვა გოგონას უკეთ გაცნობა. რამდენიმე თვის შემდეგ ლადო გუდიაშვილმა საკუთარ სახლში მეგობრები მიიპატიჟა. მათ შორის იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, ნატო ვაჩნაძე, ტიციანი, პაოლო... იყო ნინოც. პირველი სასმისით ლადოსა და ნინოს სადღეგრძელო შეისვა. გაკვირვებულმა ნინომ იკითხა: „მე რა შუაში ვარ?“ „ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძლისგან“, – უპასუხა თამადამ. ქორწინების შემდეგ ნინო ლადოს პირველი კრიტიკოსი გახდა, სურათს პირველად ის ნახულობდა და შენიშვნებსაც ხშირად აძლევდა. ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები დახვეწილი, დასრულებული კომპოზიციით გამოირჩევა. მისმა შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა…

 

თამაზ ჩიქვანაია: „1975 წელია, ჟურნალ „საუნჯეში“ ვმუშაობ, შესანიშნავი ლიტერატორების გარემოცვაში… შემოდგომის ერთ წვიმიან დილას მთავარმა რედაქტორმა, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მიხმო და ლადო გუდიაშვილთან მიდიხარ ინტერვიუს ასაღებადო, მითხრა. კარგად ვიცოდი, რომ ბატონი ლადო იშვიათად თანხმდებოდა ამგვარ რამეებს, მაგრამ აქ, ეტყობა, ბატონი კონსტანტინეს ავტორიტეტმა გაჭრა და შეხვედრაც შედგა. ეს პატარა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, მცირედით განსხვავდება მისი ცხოვრების იმავე ეპიზოდისგან, რომელიც მოგონებების წიგნშია შესული. ვერ დავიჩემებ, რომ მე უკეთ ვიცი, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ პარიზულ კაფეში მოხდა, უბრალოდ, მოვყვები ისე, როგორც მოვისმინე და დამამახსოვრდა (სამწუხაროდ, ჟურნალ „საუნჯეში“ დაბეჭდილი ეს ინტერვიუ ვერ მოვიძიე)… გუდიაშვილი პარიზში, რონსონის ეგრეთ წოდებულ „თავისუფალ აკადემიაში“ სწავლობდა, დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. პარიზში განთქმული „ლა რუშის“ მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარიც გახლდათ. აქ ის ხვდება იმ დროის გამოჩენილ ხელოვანებს: ამადეო მოდილიანის, პაბლო პიკასოს, ნატალია გონჩაროვასა და მიხაილ ლარიონოვს. სწავლასა და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და მალე წარმატებამაც არ დააყოვნა, მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის „პრადოს“ მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა… სხვა მხატვრებთან ერთად ბატონი ლადოც მონმარტრზე მდებარე კაფე „როტონდის“ ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის მეტწილად ამადეო მოდილიანთან ერთად ჩნდებოდა. ერთ დღესაც კაფეში შემოსულა უმშვენიერესი პოლონელი გრაფინია სამხედრო ფორმაში გამოწყობილ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად. ერთ მათგანს უკითხავს, ვინ არის აქ ყველაზე ცნობილი მხატვარიო. ბარმენს მოდილიანისკენ მიუთითებია. იმავე ოფიცერმა ამადეოს მიაშურა და გრაფინიას პორტრეტის დახატვა შესთავაზა. მოდილიანი უკვე ავად იყო, სასმელს ეძალებოდა და იმ დროსაც გვარიანად ნასვამი გახლდათ, თუმცა, ეს მისი ჩვეული მდგომარეობა იყო და მაშინვე ხატვას შეუდგა. რამდენიმე საათში დასრულებული პორტრეტი შემკვეთებს წარუდგინა. ნახატი მისთვის ჩვეულ სტილში იყო შესრულებული, გედივით წაგრძელებული ყელი, ხოლო თვალების ადგილზე ცისფერი. აღშფოთებულან თურმე ოფიცრები, თავად გრაფინიასაც დაუწუნია ნახატი, ეს მე არ ვარო, – განუცხადებია. მხატვარს ფული არ დაუტოვეს და ისე წავიდნენ. მოდილიანს ჩაუღიმია (ვინ-ვინ და მან კარგად იცოდა თავისი ფასი), ლადოსკენ მოტრიალებულა და უთქვამს: „ჩემო ლადო, ამ ნახატის ფასი მხოლოდ შენ იცი, მინდა, ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს“. ასე მოხვდა ბატონი ლადოს კოლექციაში ამ დიდი მხატვრის ნამუშევარი.

 

ლადო გუდიაშვილს საფრანგეთში ყოფნისას ბევრი საინტერესო ამბავი გადახდენია, რად ღირს თუნდაც პაბლო პიკასოსთან, ანრი მატისთან და იმ ეპოქის სხვა დიდოსტატებთან მისი ურთიერთობა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია. ამას კი თქვენი ნებართვით პაბლო პიკასოს სიტყვებით დავასრულებ: „ყველა ბავშვი მხატვარია, რთული კი სიყმაწვილის ასაკიდან გამოსვლის შემდეგაც მხატვრად დარჩენაა“. ლადო გუდიაშვილმა ეს შეძლო…“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი