logo_geo
ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა – მოგზაურობა „ამიშების“ ქალაქში
- +

20 თებერვალი. 2019. 03:14

 

 

ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტრო ენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით.
ცხოვრობენ ხის, ძალიან უბრალო სახლებში, ავტომობილს და ტრაქტორს ცხენი ურჩევნიათ და საკუთარ თავს „უბრალო ადამიანებად“ მიიჩნევენ.

 


ამ უცნაურ ადამიანებს – ამიშები ჰქვიათ. ისინი 3 საუკუნის წინ გამოჩდნენ ამერიკაში და სხვა პროტესტანტული სექტებისგან განსხვავებით, შეძლეს უცვლელად მოეტანათ დღემდე ცხოვრების უჩვეულო წესი.
ამჟამად, აშშ-ში დაახლოებით 250 000 ამიში ცხოვრობს. ისინი სულაც არ ირჩევენ მიყრუებულ, უკაცრიელ ადგილებს, პირიქით, ხმაურიან შტატებში -პენსილვანიაში, ინდიანაში, კანზასში, მერილენდში – არჩევენ ცხოვრებას.


„მკაცრი წესების დამცველი“ ამიშები – რომელთა სექტა, მეთექვსმეტე საუკუნის ევროპაში შეიქმნა და მოგვიანებით, რელიგიური დევნის გამო ამერიკაში გადასახლდა – თვლიან, რომ ნებისმიერი შეხება ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროსგან მხოლოდ ზიანს მოუტანს მათ მთავარი ღირებულებებს – ოჯახს, გულახდილობას და მიწაზე მუშაობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი განუხრელად იცავენ ბიბლიურ მცნებებს, თავმდაბლობას, უბრალოებას და მორჩილებას.

 



ამიშების დასახლებებში ვერ იპოვით ეკლესიას, რადგან „ბიბლიაში“ წერია: „ხელით შექმნილ ტაძრებში არ ცხოვრობს ღმერთი“. ისინი კვირაში ერთხელ, მორიგეობით იკრიბებიან, საკუთარ სახლებში, წმინდა წიგნის საკითხავად; არ ქორწინდებიან სხვა აღმსარებლობის ადამიანებზე; არ ინათლებიან 18 წლის ასაკამდე; პრინციპულად არ სარგებლობენ ავტომობილებით, მათი გადაადგილების საშუალება მხოლოდ – ცხენი და ეტლია; უაღრესად სადად იმოსებიან..
ქალებს აუცილებლად გრძელი, ერთი ფერის კაბა უნდა ეცვათ. აქსესუარების გაკეთება აკრძალულია. ისინი არ სარგებლობენ კოსმეტიკით და პარფიუმერიით, არ იჭრიან თმას. თავზე თეთრი ნაჭრის ქუდები, “ჩეფჩიკები“ ხურავთ.


მამაკაცები ქამრების ნაცვლად, აჭიმებს ხმარობენ. თავზე შლაპა ახურავთ. მათი ტანსაცმლის ფერი მკაცრია. წვერის ტარების უფლება მხოლოდ ცოლიან მამაკაცებს აქვთ.

 


გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ამიშების დასახლებები ტურისტებით ივსება. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ტურიზმი მაინც შემოსავლის წყაროდ აქციეს . ააშენეს სპეციალური ფერმა, სადაც ჩამოსულებს უყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, ფასეულობებზე, ასეირნებენ მრავალადგილიანი ეტლით.
ამიშები დილიდან- საღამომდე ფერმებში მუშაობენ. მათ პატარა მაღაზიებში ბევრნაირი ხელნაკეთი ნივთია, რომლებსაც თავადვე ქმნიან. მათ შორის ბევრი მჭედელია. ისინი კარგი დურგლები, ხელოსნები არიან. ძველებურ, მაგრამ ხარისხიან ხის ავეჯს ქმნიან.


საკუთარი თემის წევრის დასახმარებლად ყოველთვის ერთიანდებიან. მათ ქალაქში არ არის მოხუცებულთა თავშესაფარი. თუ ოჯახში მოხუცია, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის მოვლა, ამიშები მორიგეობის სიას ადგენენ და ერთმანეთს ეხმარებიან.
დასახლებაში არ არიან ღარიბები. ამიშები არ ყიდულობენ მანქანებს, ძვირფას ტექნიკას, პარფიუმერიას და მოდურ ტანსაცმელს. არ ხარჯავენ ფულს საწვავში და არ აქვთ დაზღვევა. თუ ვინმეს სერიოზული ოპერაცია დასჭირდება, ფულს მთელი სოფელი აგროვებს.


ამიშების ოჯახებში მინიმუმ 6 ბავშვია. მათ ორასი ე.წ. „ერთოთახიანი სკოლა“ აქვთ, სადაც ბავშვები სწავლობენ. სკოლები იმგვარადაა განლაგებული, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეეძლოთ ველოსიპედებით სიარული. ისინი ერთ ოთახში სხედან და სწავლას 8 წლის შემდეგ ამთავრებენ.
მასწავლებლები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს და ჯერ არ გათხოვილან. საგნების სია მოკლეა: ინგლისური და გერმანული ენა, მათემატიკა და ისტორია. ამიშები თვლიან, რომ ტრადიციული ფერმერის ოჯახისთვის ასეთი განათლება სავსებით საკმარისია.
ამიშებს შინაური ცხოველებიც ჰყავთ: ქათმები, ბატები, თხები, ვირები და ღორები. ყველაზე გავრცელებული ცხოველი მათ დასახლებაში, რა თქმა უნდა ცხენია.


ქალაქში 28 ძალიან უცნაურ, დახურულ ხის ხიდს შეხვდებით, რომლებიც 150 წლის წინ ააშენეს. გადმოცემის თანახმად, ხიდები იმიტომ გადახურეს, რომ უფრო მყარი და უამინდობისგან დაცული ყოფილიყო. ამიშები ყველაზე ძველ და გამოუსადეგარ ხიდებსაც კი სათუთად ინახავენ და უვლიან. ისინი მათ „კოცნის ხიდებს“ უწოდებენ.


ამიშების დასახლებებს უცნაური სახელები აქვთ – „სამოთხე“, „ჩიტი ხელში“, „ურთიერთობა“, „მერცხალი ცაში“ და სხვა.
მათ ღრმად სწამთ, რომ დროის შეჩერება შესაძლებელია და დღესაც, მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი