logo_geo
გალაპაგოსზე გიგანტური კუ იპოვეს, რომელიც 100 წლის განმავლობაში გადაშენებული ეგონათ
- +

22 თებერვალი. 2019. 18:28

 

კუს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ბოლო 110 წლის განმავლობაში არავის უნახავს, გალაპაგოსის კუნძულ ფერნანდინაზე იპოვეს.

 

სახეობა ფერნანდინას გიგანტური კუს (Chelonoidis phantastic) სახელით არის ცნობილი, მისი მდედრი წარმომადგენელი კვირას გალაპაგოსის ეროვნული ნაკრძალების ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში იპოვეს.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ კუნძულზე კუების ნაკვალევი და ექსკრემენტებიც ნახეს, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ფერნანდინაზე ამ სახეობის კუს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ცხოვრობს.

 

კუ, რომლის ასაკიც, დიდი ალბათობით, 100 წელს აჭარბებს, სანტა-კრუსის კუნძულზე არსებულ გასამრავლებელ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ის სპეციალურ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იცხოვრებს.

 

ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანებას ფერნანდინას გიგანტური კუ კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი და სავარაუდოდ გადაშენებული სახეობების სიაში ჰყავს შეყვანილი.

 

ამ სახეობის ერთადერთი ცოცხალი ინდივიდი ბოლოს 1906 წელს არის ნაპოვნი. მას შემდეგ, სხვადასხვა ექსპედიციები მხოლოდ კუს ექსკრემენტებსა და კაქტუსებზე კბილების კვალს პოულობდნენ. 1906 წლის შემდეგ კუ პირველად იპოვეს, ხოლო თუ კუნძულზე სახეობის სხვა ინდივიდებიც ცხოვრობენ, ჩნდება მათი გამრავლების შანსიც.

 

„გასამრავლებლად მათ რამდენიმე ინდივიდი დასჭირდებათ, თუმცა, მდედრებში შესაძლოა სპერმა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდეს, ეს კი იმედს აჩენს“, - აცხადებს დიუკის უნივერსიტეტის კონსერვაციული ეკოლოგიის პროფესორი სტიუარტ პიმი.

 

ფერნანდინა გალაპაგოსის კუნძულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია, სწორედ მასზე ვხვდებით ვულკან ლა კუმბრეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

 

საკონსერვაციო ჯგუფის ვებგვერდზე ახსნილია, რომ ფერნანდინას გიგანტური კუების რაოდენობის რადიკალური შემცირება შესაძლოა სწორედ ფერნანდინაზე არსებულმა აქტიურმა ვულკანმა გამოიწვია, რომლისგანაც გადმოფრქვეული ლავა ხშირად კუნძულის დიდ ნაწილს სრულად ფარავს.

 

გალაპაგოსის კუნძულთა არქიპელაგზე მრავალი უნიკალური სახეობის ცხოველი ცხოვრობს, სწორედ ამ კუნძულებზე მოგზაურობა დაეხმარა ჩარლზ დარვინს ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში. გალაპაგოსის კუნძულები 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დაასახელა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი