logo_geo
„მნახველებს უთქვამთ, დავლათიანი იქნება, სახელიანიო“ - ფაქტები ვაჟა-ფშაველაზე
- +

29 იანვარი. 2017. 15:20



ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი). ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას სიამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს".


ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული. მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი იქნება, სახელიანიო. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლიათ: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო).

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopVazha-Pshavela.jpg

 

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან:


22 წლის იყო ლუკა რაზიკაშვილი, სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში რომ გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, მისთვის ნაყოფიერი გამოდგა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი, იქ ფსევდონიმიც შეიძინა - ვაჟა-ფშაველა, რომელიც თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. მთიელმა მეგობარმა კარგად იცოდა, რომ ფშავ-ხევსურეთში „ვაჟა" „კარგ ბიჭს", „ვაჟკაცს" ნიშნავდა. ლუკა რაზიკაშვილს კი ყრმობიდან უკვე ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.


ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: „ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...


ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ შუაღამისას ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია.


ვაჟა-ფშაველას პირველი ნაწარმოები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მოისმინა იყო „შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და თურმე იძახდა: „კოჭებზევე ეტყობა რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს!"


კობა ჭუმბურიძე: ვაჟა ბრგე კაცი და ჩინებული მოკრივე ყოფილა. ამბობენ, მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. თავისი კუთხის ხალხის ქომაგი და იმედი იყო, რის გამოც მუდმივად დავა ჰქონია მეტყევეებთან, რომლებიც გლეხებს გადასახადს სთხოვდნენ, ვაჟა კი ამბობდა, ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო.


ერთ ზაფხულს ვაჟას ბიძას, მწარიას, ხარი დაუკლავს, რომელიც ციმბირის წყლულით, როგორც მაშინ ეძახდნენ - „ბედნიერით" ყოფილა ავად. ვაჟა წასულა ბიძამისთან და ნახევარი ხარი წამოუღია. სანამ სახლში დაბრუნდებოდა, მწარიას მწვადები შეუწვავს და ზედ ფშაური არაყიც დაუყოლებიათ. სახლში მისულ ვაჟას იმ საღამოსვე აუჭრია რბილობი ხორცისთვის და ხინკალი მოუმზადებია, დანარჩენი კი ბასთურმად ქილაში ჩაუდევს. მეორე თუ მესამე დღეს კი სიცხე მისცა და თვალის ქუთუთოზე ქავილი დააწყებინა, შემდეგ ზედ მუწუკიც გამოსვლია. სხვათა შორის, ვაჟას დედას მაშინვე დაუსკვნია, რომ ეს მუწუკი „ბედნიერი" იყო. ხორცი მაშინვე გამოიტანეს სახლიდან და მიწაში ჩაფლეს, რომ ძაღლებსაც არ ეჭამათ. ვაჟა ამ ამბის შემდეგ თვე-ნახევარი ლოგინიდან არ ამდგარა. პირველ ხანებში მას შინაურულად მკურნალობდა დედამისი, შემდეგ, როცა დაინახეს, რომ დღითიდღე ურთულდებოდა მდგომარეობა, იგი თბილისში წავიდა და მიხეილის საავადმყოფოში გაიკეთა ოპერაცია - მისთვის მკლავის სიღრმიდან ამოუჭრიათ ხორცი და თვალისთვის მიუკერებიათ.

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopp1020671.jpg

 

 

ვაჟა, როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში წერს, ხშირად ყოფილა შეყვარებული.


ვაჟა ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს, სწორედ ამ ოჯახში შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული ქალი კეკე. იმ დროს უკანონო შვილი შვილად არ ითვლებოდა, ამიტომ კეკეს დედის გვარი, ნებიერიძე ჰქონდა. ის იყო ძალინ წყნარი და მშვიდი. ვაჟასთან ოთხი შვილი - თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი შეეძინა, მეხუთე შვილზე კი მშობიარობას გადაჰყვა. კეკეს სიკვდილის დროს ვაჟა მასთან არ ყოფილა. პოეტი ხშირად დადიოდა თავის დასთან ყვარელში, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, სახლში არავინ იყო, ბავშვები ვერც კი მიხვდნენ, რომ დედა გარდაიცვალა, მეზობლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც შიშველი ბავშვები გარეთ გამოცვივდნენ.


კეკეს გარდაცვალების შემდეგ ვაჟას შვილების აღზრდაში მისი ძმის, ბაჩანას ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ ყველამ ურჩია, მეორე ცოლი მოეყვანა. პოეტის რჩეული თამარ დიდებაშვილი გახდა. ვაჟა ძმასთან ერთად ქალის დასანიშნად წავიდა. არსებობს თამარის მამასთან დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ვაჟას ეს ქალი ხასად მოჰყავდა, მაგრამ ხასა საყვარელს არ ნიშნავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაჟა შეხედავდა თამარს თუ როგორ მოუვლიდა მის შვილებს, ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყვეტდა დაეწერა თუ არა მასზე ჯვარი. ხელშეკრულების დადების შემდეგ ვაჟამ ქალი მაღაროსკარში ჩამოიყვანა, სადაც შვილები და ძმა ელოდებოდნენ. არსებობს ვაჟას შვილის, გულქანის ასეთი მოგონება - ბაჩანას ცოლს პატარებისთვის უთქვამს, რომ დედა მოდისო, ბავშვებიც მიცვივდნენ და ცხენზე მჯდომ თამარს შემოეხვივნენ, მან კი პატარებს ცოტათი ფეხი გაჰკრაო. თამარი უცხო ოჯახში შედიოდა და შეიძლება ნერვიულობდა, ბაჩანას ცოლს კი უთქვამს, თამარ ესენი ობლები არიან და ღმერთი არ გაპატიებსო. თამარს შეეძინა შვილი ვახტანგი, მაგრამ კამათობენ, რომ ვახტანგი ვაჟას შვილი არ იყო. ამბობენ, თამარს რკინიგზელი მუშა უყვარდა, რომელიც დაიღუპა და ვახტანგი მისგან ჰყოლია. როცა ბავშვი ეყოლა, ვაჟასთან ცხოვრობდა, მაგრამ პოეტის შვილიშვილები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ვახტანგს გვარი რაზიკაშვილი მერე მისცესო, ეტყობა ვაჟა ყოყმანობდა მიეცა თუ არა მისთვის გვარი.

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopGeorgische_Familie.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoppost-18-1310661982.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktopvaja.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop122.gif

 

 

 

 

big_banner
არქივი