logo_geo
თბილისის ზოოპარკში დათვებმა ბუნაგი გათხარეს
- +

4 მარტი. 2019. 18:16

 

„თბილისის ზოოპარკში დათვებმა ბუნაგი გათხარეს“, - ამის შესახებ Facebook-გვერდი, „დათვების რეაბილიტაცია“ წერს.

 

„ცოტა ხნის წინ დათვები დავკარგეთ. აი ასე. მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. უცებ გაგვახსენდა, რომ რაღაც ნამეტანი ბევრს თხრიდნენ ამ ბოლო დროს. გავყევით თხრის კვალს და მივადექით უზარმაზარ ბუნაგს. აი, ასე ცხვირამოყოფილები დაგვხვდნენ (მესამე სადღაც სიღრმეში იმალება). ამდენი ხმაურის შემდეგ, ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს. გემრიელი ხორცის ნაჭრებით მალევე ამოვიტყუეთ და ბუნაგიც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ.

 

დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის და 1,5 მეტრი სიღრმის ბუნაგი აქვთ. რბილი წიწვოვანი ტოტები, თივა და გამხმარი ბალახი მთელს ბუნაგშია მოფენილი. სიმშრალეა და სითბო. ხის ფესვებთან მცირე ღრიჭოებია დარჩენილი, საიდანაც მზე იჭყიტება. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან კეთილმოწყობილი სახლი აქვთ.

 

ბუნებას რომ დაუბრუნდებიან, წარმოიდგინეთ, როგორ გამოადგებათ იმის ცოდნა, რომ სახლის მოწყობა შეუძლიათ“, - წერს „დათვების რეაბილიტაციის“ გვერდი.

 

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობს. 2017 წლის მაისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 1,2 ჰა ფართობის დათვებისა და მგლების ვოლიერი. მცირე ტყე, ბუჩქნარი, მინდორი, აუზი, ბორცვები ქმნიან იმ პირობებს, რომლებშიც ეს ცხოველები ბუნებაში ბინადრობენ.

 

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, რომელშიც მათ ექნებათ თავიანთი ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა. ამის შემდეგ, ტყვეობაში გაზრდილ ცხოველებს ბუნებრივ საარსებო გარემოში დააბრუნებენ.

 

დღესდღეობით, თბილისის ზოოპარკში 8 დათვი და 7 ბელი ბინადრობს.

 

 

 

big_banner
არქივი