logo_geo
ლონდონელი პაციენტი შეიძლება იყოს მეორე ადამიანი, რომელიც შიდსისგან განიკურნა
- +

5 მარტი. 2019. 16:51

 

 

ინგლისელი პაციენტი შესაძლოა გახდეს მსოფლიოს მეორე ადამიანი, რომელიც ვირუსისადმი რეზისტენტული დონორისგან ძვლის ტვინის ტრანსპლანტის მიღების შემდეგ შიდსისგან განიკურნა.

 

დაახლოებით სამი წლის წინ პაციენტს იშვიათი დონორისგან, რომელსაც გენეტიკური მუტაციის გამო შიდსის ვირუსის მიმართ რეზისტენტობა გააჩნდა, ძვლის ტვინი გადაუნერგეს, ხოლო ანტივირუსული მედიკამენტების მიღება პაციენტმა 18 თვის წინ შეწყვიტა. ექიმების მაღალმგრძნობიარე ტესტების გამოყენების მიუხედავად მის ორგანიზმში ვირუსის კვალი აღარ ჩანს.

 

"ორგანიზმში ვირუსს ვერ ვაფიქსირებთ. ჩვენ ვერაფერს ვპოულობთ", - აცხადებს პროფესორი და შიდსის ბიოლოგი რავინდრა გუპტა, რომელიც პაციენტის ექიმებს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პაციენტის ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ ის სრულად განიკურნა. გუპტა ფიქრობს, რომ ამის თქმა ნაადრევია.

 

ადამიანს ლონდონელ პაციენტს უწოდებენ, რადგან მისი შემთხვევა ძალიან წააგავს ე.წ ბერლინელი პაციენტის შემთხვევას - ეს ამერიკელი ტიმოთი ბრაუნია, რომელმაც გერმანიაში 2007 წელს მკურნალობის მსგავსი კურსი ჩაიტარა. ის შიდსის ვირუსისგან დღესაც თავისუფალია.

 

შიდსის პანდემიამ 1980-იანი წლებიდან დღემდე 35 მილიონი ადამიანი შეიწირა, დაინფიცირებული კი ამჟამად 37 მილიონი ადამიანია. ხანგრძლივი კვლევების შედეგად შეიქმნა მედიკამენტები და მათი კომბინაციები, რომლებიც პაციენტების უმეტესობაში ვირუსის შეკავებას ახერხებს.

 

გუპტა, რომელიც ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ლონდონელ პაციენტს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში მუშაობის დროს მკურნალობდა.

 

პაციენტი შიდსის ვირუსით 2003 წელს დაინფიცირდა, 2012 წელს კი მას ჰოჯკინის ლიმფომაც აღმოაჩნდა.

 

2016 წელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, რის გამოც ექიმებმა მისთვის დონორის ძებნა დაიწყეს. გუპტას თქმით, ეს მისი გადარჩენის უკანასკნელი შანსი იყო. მათ იპოვნეს დონორი, რომელსაც გენეტიკური მუტაცია CCR5-Δ32 გააჩნდა, აღნიშნული მუტაციის მქონე ადამიანები შიდსის ვირუსით არ ინფიცირდებიან.

 

ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, იყო გვერდითი ეფექტებიც. გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტში გადანერგილ ტრანსპლანტატს მასპინძლის წინააღმდეგ ქრონიკული რეაქცია განუვითარდა, ამ დროს გადანერგილ ქსოვილში არსებული უჯრედები მასპინძლის უჯრედებს უტევენ.

 

ექსპერტების უმეტესობა აცხადებს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ყველა პაციენტის შემთხვევაში გამოსადეგი არ იქნება. ეს პროცედურა ძვირი, რთული და სარისკოა. ამ დროს საჭიროა ზუსტი დონორის პოვნა ადამიანთა იმ მცირერიცხოვან პოპულაციაში, რომელსაც CCR5-Δ32 მუტაცია აქვთ.

 

ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული წარმატება მხოლოდ გენეტიკური მუტაციის მქონე დონორიდან გადანერგილი ქსოვილის შედეგია, თუ გადანერგვის შემდეგ განვითარებული რეაქციის, რომლის დროსაც დონორის ქსოვილი მასპინძლისას უტევდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეაქცია განუვითარდა ახლა უკვე განკურნებულ ბერლინელ პაციენტსაც, გუპტას თქმით, ეს რეაქცია შესაძლოა ორგანიზმში შიდსით ინფიცირებული უჯრედების განადგურებაში იღებდეს მონაწილეობას.

 

გუპტა და მისი გუნდი აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას გეგმავს.

 

"ჩვენ უნდა დავადგინოთ, შევძლებთ თუ არა შიდსით დაინფიცირებულ ადამიანებში CCR5-ის გათიშვას, ეს გენური თერაპიით შეიძლება მოხდეს", - აცხადებს ის.

 

ლონდონელმა პაციენტმა, რომლის შემთხვევაც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება, საკუთარი ვინაობის, ასაკისა და სხვა დეტალების გასაჯაროება არ ისურვა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი