logo_geo
„უხორცო ორშაბათები“ ნიუ-იორკის სკოლებში
- +

14 მარტი. 2019. 21:45

 

ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეები ხშირად ხუმრობენ სასადილოში "საეჭვო წარმომავლობის ხორცზე". შემოდგომიდან კი მათ ნაკლები ექნებათ სანერვიულო. ყოველ შემთხვევაში, ორშაბათობით.

 

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს ინიციატივით, 2020 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლაში უხორცო ორშაბათები" გამოცხადდება და მოსწავლეები საუზმეზე და ლანჩზე სრულად ვეგეტარიანულ საკვებს მიირთმევენ. პროგრამა დამტკიცებამდე 15 სკოლაში გამოსცადეს.

 

„ხორცის რაოდენობის შემცირება ნიუ-იორკის მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს და მწვანე მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა დე ბლასიომ პრესკონფერენციაზე.

 

დე ბლასიომ ისიც დაამატა, რომ მშობლებს შეუძლიათ ხორციანი საკვები ბავშვებს თან გაატანონ, თუ თავად ასე გადაწყვეტენ.

 

„უხორცო ორშაბათების" მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ხორცის რაოდენობის შემცირებას ჯანმრთელობის კუთხით მრავალი უპირატესობა აქვს: მათ შორის, იკლებს სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, კიბოსა თუ დიაბეტის განვითარების რისკი.

 

ჯანმრთელობის გარდა, არსებობს ეკოლოგიური არგუმენტიც: ჟურნალ Nature-ში ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცხოველური პროდუქტების წარმოება კლიმატური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. ასე რომ, ხორცზე მოთხოვნის შემცირება სათბურის ეფექტს შეამცირებს.

 

„თუ ამ იდეას არ მიესალმებით, უბრალოდ რიცხვებს შეხედეთ", - ამბობს სტეიტენ აილენდის ბიუროს პრეზიდენტი ჯეიმს ოდო.

 

„დააკვირდით ბავშვთა სიმსუქნის მაჩვენებლებს, დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობას, იმ ფაქტს, რომ 12-დან 14 წლამდე ამერიკელი ბავშვების 65%-ს მომატებული ქოლესტერინის ნიშნები აქვს. ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ, მიხვდებით, რომ ძველებურად გაგრძელება არ შეიძლება და "უხორცო ორშაბათების" ინიციატივაც მოგეწონებათ", - აღნიშნა ჯეიმს ოდომ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი