logo_geo
ფსიქოლოგები Instagram-ის უარყოფით გავლენებზე საუბრობენ
- +

17 მარტი. 2019. 22:35

 

სოციალურმა ქსელმა შესაძლოა გაამძაფროს გარეგნობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დარღვევა, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Slate.fr წერს.

 

დისმორფოფობია ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომელიც იწვევს სხეულის ნაწილების ფორმებით განსაკუთრებულ უკმაყოფილებას. დისმოროფობიით შეპყრობილი ადამიანი მიიჩნევს, რომ არასრულყოფილია და ასეთ დამოკიდებულებას ხშირად უკიდურესობამდე მიჰყავს - ჩნდება თვითდამცირების სურვილი, საკუთარი თავის დამანგრეველი სოციალური ქცევა, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ნამდვილი ურჩხულია. ამ განწყობას კი ბოლოს იქამდეც მიჰყავს, რომ საკუთარი თავის სარკეში დანახვაც არ უნდა.

 

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დისმორფოფობია დღეს მოსახლეობის 2%-ს მაინც აწუხებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამას კი Instagram-იც უწყობს ხელს, სადაც ბლოგერები და „ინფლუენსერები“ ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს სხეულის არარეალისტური ფორმებით. ისინი ცდილობენ თავიანთი პოსტებით აჩვენონ, რომ მათი ცხოვრება მშვენიერია, ამგვარი ვიზუალიზაცია კი დისმორფოფობიით შეპყრობილებს ცუდ დღეში აგდებს.

 

Instagram  ვიზუალური სოციალური ქსელია, დაფუძნებული ისეთი ონლაინ პროფილის შექმნაზე, რომელიც საკუთარი თავის „გაყიდვას“ ემსახურება. მომხმარებლები მთელი ძალისხმევით ცდილობენ აჩვენონ, რომ ისინი სასურველნი არიან“, - ამბობს რეიჩელ როჯერსი, ნორთისტერნის უნივერსიტეტის პროფესორი. Instagram-ის ფოტოებზე ჩანს ბევრისთვის მიუღწეველი იდეალი, ეს კლიშეები კი ახალგაზრდა გოგონებს უბიძგებს, ამ ილუზორულ მოდელებს დაემსგავსონ.

 

ნიუკასლის კლინიკის ქირურგის ცნობით კი, ბოლო დროს სნეპჩატისა და ინსტაგრამის მოხმარებამ საკუთარი გარეგნობის შეცვლის მსურველი ქალების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.

 

ფსიქოლოგი ანა ფორტენი, რომელიც კვებით აშლილობებზე მუშაობს, ამბობს, რომ Instagram-ის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მოდელი, განსაკუთრებით დამაზიანებელია დისმორფოფობიით დაავადებულებისთვის, რომლებიც ისედაც სრულყოფილებისკენ მუდმივ სწრაფვაში არიან. ჩნდება რეალურის და ვირტუალურის განსხვავებული აღქმა, რასაც ადამიანი კიდევ უფრო დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემამდე მიჰყავს.

 

„გამხდარი ქალების იდეალიზებას რეკლამები და მედიაც უწყობს ხელს, ჩვენც ვეჩვევით, რომ უნდა მოგვწონდეს მხოლოდ ასეთი სხეული და აღარ „გველამაზებოდეს“ ისეთი გარეგნობა, რომელიც ამ სტანდარტებს არ შეესაბამება“, - წერს გამოცემა.

 

ბოლო დროს გააქტიურებული „ბოდიპოზიტივის“ იდეა აქცენტს აკეთებს სხეულის ნებისმიერი ფორმების პოზიტიურ აღქმაზე, ამავდროულად განწყობის გაუმჯობესებაში ეხმარება დისმორფოფობიით შეპყრობილებს. დღეს ჰეშთეგით #bodypositive Instagram-ზე უკვე 9 მილიონი პოსტი დევს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი