logo_geo
„ადამიანი, რომელმაც ფული მიატოვა“
- +

31 იანვარი. 2017. 22:03




ამერიკელი დანიელ ჯეიმს შელაბარგერი, რომელიც სუელოს სახელითაა ცნობილი, 1961 წელს კოლორადოს შტატის დედაქალაქ დენვერში დაიბადა. სანამ უფულოდ არსებობას ისწავლიდა, დანიელი კოლორადოს უნივერსიტეტში, ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და ერთხანს ექიმობასაც აპირებდა. ნორმალურ სახლში ცხოვრობდა და საუკეთესო საკვებით იკვებებოდა...


როგორც დანიელი ამბობს, დროთა განმავლობაში დეპრესიამ შეიპყრო - კლინიკურმა დეპრესიამ, რომლის მიზეზი გამუდმებული აღებ-მიცემა გახდა.


„ყოველ ჯერზე, როცა სამსახურში მისაღებად რეზიუმეს ვწერდი, დოკუმენტზე ხელს ვაწერდი, ბანკში ანაბარს ვხსნიდი თუ, უბრალოდ, სუპერმარკეტში ბანანს ვყიდულობდი, თავს უბედურად ვგრძნობდი", - იხსენებს დანიელი.


სულიერ კრიზისში მყოფი ანთროპოლოგი ახალი ფასეულობების ძიებაში სამსახურიდან წამოვიდა, ინდოეთში ჩავიდა და ბუდიზმს ეზიარა.


2000 წლის შემოდგომაზე დანიელმა მთელი ფული, რაც ჯიბეში და საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა, ტელეფონის ჯიხურში დატოვა და მას შემდეგ არც ერთი დოლარი არ გამოუმუშავებია და არ დაუხარჯავს.


ის იუტას შტატის ქალაქი მოაბთან  მდებარე მღვიმეში ცხოვრობს. ღამეს მინდვრებში, მიტოვებულ სახლებსა და ფერმებში ათენებს და იმით იკვებება, რისი შოვნაც ფულის გარეშე შეიძლება: რესტორნისა და ნაგვის ნარჩენები, მდინარეში დაჭერილი თევზი, ხოჭოები, ჭიანჭველები, გველები, ხვლიკები, მტრედები...


დანიელს არ აქვს ფული, ვალი, არ იხდის საცხოვრებელი სახლის ქირას, არ ყიდულობს საკვებსა და ტანსაცმელს. ბანაობს მდინარეში საპნის გარეშე, იღებს მხოლოდ იმას, რასაც აძლევენ ან აგდებენ და რაც უფასოა და... ის ბედნიერია!


დანიელს არ ჰყავს ცოლი და შვილები, მაგრამ ჰყავს მშობლები, მეგობრები და ახლობლები. ის ხშირად მოგზაურობს ავტოსტოპით ან ველოსიპედით და მიტოვებულ სახლებს ათვალიერებს. ამბობს, რომ ფრიგანების ფილოსოფიით არის დაინტერესებული და იღებს იმას, რასაც ადამიანები და ბუნება აძლევენ.


არავის მოუწოდებს, რომ მასავით იცხოვროს, მაგრამ პირად ბლოგზე და საიტზე უფულოდ ცხოვრების პროპაგანდას ეწევა (Moneyless World). ამის წყალობით სუელოს უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავს.


2012 წელს გამოვიდა წიგნი დანიელ სუელოს ცხოვრებისა და ფილოსოფიის შესახებ „ადამიანი, რომელმაც ფული მიატოვა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი