logo_geo
დაფიქსირებულია უცნაური ვარსკვლავი, რომელიც ირმის ნახტომიდან წარმოუდგენელი სისწრაფით გარბის
- +

18 მარტი. 2019. 18:55

 

ირმის ნახტომში გაწოლილი მონსტრი შავი ხვრელი ერთადერთი კოსმოსური „მხეცი“ არ არის, რომელსაც გალაქტიკიდან ვარსკვლავების გაძევება შეუძლია. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

 

ასტრონომებმა ერთ-ერთი ე. წ. ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავის ტრაექტორია შეისწავლეს. გაირკვა, რომ ვარსკვლავმა სახელად LAMOST-HVS1, წარმოუდგენლად დიდი სიჩქარე ირმის ნახტომის დისკოში აკრიფა, ძალიან შორის გალაქტიკის ცენტრიდან, სადაც სუპერმასიური შავი ხვრელი იმალება. წინა კვლევის მიხედვით, ვარსკვლავის აჩქარების მიზეზი სწორედ ცენტრალური შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო.

 

კვლევის თანაავტორის, მონიკა ვალურის განცხადებით, ეს აღმოჩენა ძირფესვიანად ცვლის ჩვენს ხედვას სწრაფად მოძრავ ვარსკვლავებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ მასიური, სწრაფად მოძრავი ვარსკვლავის ტრაექტორია სათავეს იღებს დისკოში და არა გალაქტიკის ცენტრში, მიუთითებს იმაზე, რომ ის ექსტრემალური გარემო, რომელიც სწრაფად მოძრავ ვარსკვლავთა გატყორცნისთვისაა საჭირო, სუპერმასიური შავი ხვრელისგან საკმაოდ შორსაც შეიძლება წარმოიქმნას.

 

ეს ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავი კოსმოსში 1,6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის, ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მისი ნორმალური „ბიძაშვილები“. ასეთი სწრაფი ვარსკვლავები საკმაოდ იშვიათია. პირველი ასეთი ობიექტი ასტრონომებმა 2005 წელს შენიშნეს, მას შემდეგ კი სულ 30 ერთეული აღრიცხეს.

 

 

 

ასეთი წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარის გასავითარებლად, საჭიროა ვარსკვლავმა საკუთარ თავზე გამოსცადოს უმძლავრესი გრავიტაციული დარტყმა. უმეტეს შემთხვევებში მთავარი ეჭვმიტანილია მშვილდოსანი A* — ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელი, რომლის მასაც ჩვენი მზის მასას 4-მილიონჯერ აჭარბებს.

 

თუმცა როგორც ჩანს, LAMOST-HVS1-ის თავს რაღაც სხვა ხდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ვარსკვლავი დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავია; ეგზოტიკური ობიექტი ჩვენგან 42 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. შედარებისათვის — ირმის ნახტომის დისკოს დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია.

 

ვალურიმ და მისმა კოლეგებმა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, LAMOST-HVS1-ის ტრაექტორია ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ და მაგელანის ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით შეისწავლეს.

 

როგორც ისინი განცხადებაში აღნიშნავენ, თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ეს ვარსკვლავი გალაქტიკის ცენტრიდან იყო გატყორცნილი. თუმცა, ტრაექტორიის დეტალურად შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ის არანაირ კავშირში არაა გალაქტიკის ცენტრთან. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ვარსკვლავის წარმომავლობის ახალი შესაძლებლობების განხილვა.

 

მკვლევართა ჯგუფმა დაზუსტებით არ იცის, რანაირად აკრიფა LAMOST-HVS1-მა ასეთი სიჩქარე, მაგრამ მიუთითებენ ორ მთავარ შესაძლებლობაზე — ვარსკვლავმა გზადაგზა საკუთარ თავზე გამოსცადა მრავალი სხვადასხვა მასიური ვარსკვლავის გრავიტაცია, ანდაც დისკოში მოძრაობისას გადააწყდა ვარსკვლავთგროვაში დამალულ საშუალო მასის მქონე შავ ხვრელს.

 

LAMOST-HVS1-ის ტრაექტორია სათავეს იღებს ირმის ნახტომის ერთ-ერთ სპირალურ მკლავში, სახელად ნორმაში არსებული წერტილიდან. ამ ადგილას ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ვარსკვლავთგროვა არ ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა, მას მტვერი ფარავდეს.

 

გამომდინარე აქედან, LAMOST-HVS1-ზე დარტყმის ადგილი შეიძლება ნამდვილად კარგი ადგილი იყოს საშუალომასიანი შავი ხვრელის საძებნელად. ამ იდუმალი ობიექტების მასა მერყეობს ვარსკვლავური წარმოშობის პატარა შავი ხვრელებისა და მონსტრი სუპერმასიური შავი ხვრელების მასებს შორის. ასტრონომთა აზრით, ისინი ირმის ნახტომში მრავლად უნდა იყოს, მაგრამ მათი პოვნა და შესწავლა უკიდურესად რთული აღმოჩნდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი