logo_geo
ცნობილია ევროპის ქვეყნების სია, სადაც ტერაქტის ყველაზე მაღალი რისკია
- +

18 მარტი. 2019. 21:04

 

ესტონეთის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, გერმანიაში 11 ათასამდე რადიკალი ისლამისტი და 980 პირია, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ანგარიშის თანახმად, ეს პირები პოტენციური ტერორისტები არიან. ექსპერტები ასევე ევროპარლამენტის არჩევნებში რუსული მანიპულაციის საფრთხეს ვარაუდობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

 

სტატიის თანახმად, ესტონეთის დაზვერვის სამსახური პროფესიულ პოლიტიკურ წრეებში რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ, ერთ-ერთ ყველაზე ინფორმირებულ წყაროდ განიხილება. როგორც ავტორი წერს, ესტონეთის სპეცსამსახურმა დაადგინა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების დროს რუსული ჩარევა და მანიპულაცია ყველაზე ხშირად სწორედ გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთშია მოსალოდნელი.

 

სპეცსამსახურის ექსპერტები ანგარიშში წერენ, რომ:  „2019 წელს გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია ის ქვეყნებია ევროპაში, სადაც ტერორისტული აქტების რისკი ყველაზე მაღალია. "საფრთხის დონე კვლავ უმაღლესი რჩება", - ამბობენ ექსპერტები.

 

რატომ არის რუსეთისთვის ყველაზე საინტერესო გერმანია, საფრანგეთი და იტალია? - ამასთან დაკავშირებით ანგარიშში წერია, რომ სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის ევრო დეპუტატების მანდატთა ყველაზე მეტი რაოდენობა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში, რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა: 15 მარტს ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად  50 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის გამო ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის ბრუნვაზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

 

დღეს კი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კი ამ დროის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

big_banner
არქივი