logo_geo
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომლებსაც დირბის ღვთისმშობლის სახელს უკავშირებენ
- +

21 მარტი. 2019. 17:05

 

„3 წლის წინ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, ბავშვმა მხოლოდ 5 დღე იცოცხლა და დაიღუპა. მას შემდეგ სულ ვმკურნალობდი, თუმცა ყოველი მკურნალობა უშედეგო იყო... დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მოვილოცე და მომდევნო თვეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. დღეს 7 თვის სანდროს დედა ვარ...“ - მსგავს ისტორიებს დირბის მონასტრის მომლოცველთა შორის ხშირად მოისმენთ. აქ დატოვებულ სამადლობელ წერილში „მიდგომილ ღვთისმშობელს“ თითქმის ყველა, ნანატრი პატარის ამქვეყნად მოვლენის გამო მადლობას სწირავს და ახალი სიცოცხლის დაბადებას მონასტრის სასწაულს უკავშირებს...

 

 

დირბის მონასტერი ქარელში, მდინარე ფრონეს ხეობაში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და არსებული ნალესი მთლიანად მოიხსნა. გამოჩნდა ფრესკა, სახელად „მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი“, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში უიშვიათეს ხატს წარმოადგენს. როგორც ამბობენ, ეს ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე ტაძარი ყოფილა და ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა, ხოლო მის რეზიდენციას დირბის მონასტერი წარმოადგენდა...

 

„დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას. ის ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღსდგა და აღორძინდა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით“ - ამბობს დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია.

 

-  მონასტერს ძველად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა და აქვე მისი რეზიდენცია ყოფილა...

- ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს დვანის წყლის „დასავლით კიდესა არს დირბის მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალემის ჯვრის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველთა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალემს“ - ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე ანუ მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით იყო და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება მე-16 საუკუნეს მიეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისთვის სვიმონ პირველს შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესტან-დარეჯანის მიერ გაცემული საბუთი.

 

 

- აქ არის უიშვიათესი ფრესკა „მიდგომილი“ ანუ ორსული ღვთისმშობელი, გვიამბეთ მის შესახებ...

 

- 2003 წელს დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა თავისი ღირებულებით ბიზანტიის იმპერიასა და ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში გავრცელებული მხატვრული სტილის ორგანული ნაწილია. ტაძრის მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური „დირბის ღვთისმშობლის“ სახელით ცნობილი ფრესკაა, სადაც გამოსახულია განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე მიდგომილი (ორსული) ღმრთისმშობელი, „მიდგომილი“ სწორედ „ორსულს“ ნიშნავს.

 

ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, რესტავრაციისას, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხსნისას, პირველად სწორედ, თითქმის უვნებელი, დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელს და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღმრთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით.

 

- მონასტერი ცნობილია როგორც უშვილოთა შემწე ტაძარი...

 

- „დირბის ღვთისმშობელი“ არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისულ რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია: დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო... მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედროვეობის ახალ, თვალსაჩინო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.

 

დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით. „დირბის ღვთისმშობლის“ განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი. მიუხედავად მონასტრის დატვირთული ტიპიკონისა, საათობრივ ლოცვებს ამ პარაკლისისა და დაუჯდომელის ყოველდღიურად აღსრულებაც შეემატა და ისინი ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება. ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად.

 

დირბის ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ ის ადამიანები გვიყვებიან, რომლებმაც პირადად ან მათი ახლობლების მაგალითზე გამოსცადეს მისი შემწეობის ძალა:

 

 

თამუნა ჯავახიშვილი: „ჯერ კიდევ ჩემი შვილის ანას გათხოვებამდე სახლში დირბის ღვთისმშობლის ფრესკის რეპროდუქცია გვქონდა. ჩვენ სანათესაოში თუ ვინმე ორსულად იყო, დედაჩემი ყველას უგზავნიდა ამ ხატს. ჩემი ანა როდესაც დაოჯახდა და ფეხმძიმედ დარჩა, რამდენიმე დღით ადრე მუცელზე ხატს ოვალური ფორმის ლაქა გაუჩნდა, გეგონებოდათ, დასველდაო და ანას მუცელიც მოეშალა. ანა მას შემდეგ მკურნალობდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო იყო. აღდგომის მარხვის პერიოდში წავიდა დირბის დედათა მონასტერში მორჩილად და იქ 5 დღე დაჰყო. როდესაც დაბრუნდა სახლში, ჩვენდა გასაკვირად და ექიმების გასაოცრად ანას ანალიზების პასუხმა აჩვენა, რომ ყველანაირი ვირუსისგან განკურნებული იყო და უფლება ჰქონდა, ფეხმძიმე დარჩენილიყო... მალევე გავიგეთ სასიხარულო ამბავი - ანა დაორსულდა. ახლა გვყავს 4 წლის დათა პავლიაშვილი,  რომელიც თებერვალში, დავითობას დაიბადა და დირბის მონასტერში მოვნათლეთ“.

 

ნინი: „ჩემი მეგობარი 4 წელი უშედეგოდ ელოდა პატარას. დადიოდნენ, მკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. ერთხელაც მის მეუღლის დაბადების დღეზე მივდიოდი და გადავწყვიტე, მათთვის ოჯახის მფარველი ხატი მეყიდა. ეს ხატი რომ ვიყიდე, თვალი მოვკარი ღვთისმშობლის ხატს, ვიკითხე და მიპასუხეს, უშვილოთა შემწე ხატიაო. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვუყიდე მათ. 5-6 თვის მერე მეგობარმა გახარებულმა დამირეკა - ფეხმძიმედ ვარო. დაიბადა გაბრიელი, დირბის ღვთისმშობლის კიდევ ერთი სასწაული...“

 

ნინო ჩიქოვანი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი