logo_geo
ბევრისთვის უცნობი და საინტერესო ისტორიები აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრებიდან
- +

23 მარტი. 2019. 20:18

 

 

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი” წარმოგიდგენთ საინტერესო მასალებს აკაკი წერეთლის ვაჟის ალექსი წერეთლის ცხოვრებიდან. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

 

პრინცი ალექსი  აკაკი წერეთლისა და ნატალია პიოტროვნა ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც ლიოლიასაც ეძახდნენ. ალექსი წერეთელი 1864 წელს დაიბადა სოფელ სხვიტორში. აკაკის მეუღლე ოქროს მადნის რუსი მაგნატის, პიოტრ ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ და თავის დროზე დიდ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ მათი ქონება ბიძამ მიითვისა. ნატალია პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში იყო აღზრდილი.

 

ცხადია, გაუჭირდა სოფლად ცხოვრება, მიატოვა სხვიტორი და შვილთან ერთად პეტერბურგს მიაშურა. ალექსი რუსეთში აღიზარდა. პეტერბურგში მიიღო საშუალო და უმაღლესი საინჟინრო განათლება, მაგრამ ისე დიდი იყო თეატრალური ხელოვნებით მისი დაინტერესება, რომ მთელი თავისი ცხოვრება ოპერას დაუკავშირა...

 

აკაკი წერეთელი, ალექსი წერეთელი, ნატალია ბაზილევსკაია

 

 

ქართველები ალექსი წერეთელს მეტწილად პეტერბურგში, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ეცნობოდნენ და მაშინვე დიდი სიყვარულით უწყებდნენ საუბარს მამაზე, მის ღვთაებრივ პოეზიაზე. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ აკაკი წერეთლის შვილმა ქართული თითქმის არ იცოდა და, ცხადია, არც ჰქონდა ბედნიერება, მამის პოეზიის ხიბლი და ელვარება წაეკითხა და ეგრძნო. თუმცა, როგორც საქართველოში გამოგზავნილი წერილებიდან ჩანს, ქართული კულტურითა და მამის შემოქმედებითაც დაინტერესებული იყო.

 

„გმადლობთ სასიამოვნო ცნობისათვის ძვირფას და დაუვიწყარ მამაჩემზე და გაზეთის ამონაჭრებზე”, - წერდა იგი ელენე მაჩაბელს. შემდეგ კი სთხოვდა, „ბედნიერი ვიქნები, თუ მექნება მამაჩემის თხზულებები. გამიხარდება, თუ იმასაც გამომიგზავნით“.

 

ალექსი წერეთელი შესანიშნავად ერკვეოდა რუსულ და ევროპულ ხელოვნებაში, ითვლებოდა თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ უნიჭიერეს შემფასებლად, თვითონვე დგამდა ოპერებს და ანტრეპრენიორულ საქმიანობასაც მისდევდა. მისი გატაცება მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზათი მოითხოვდა სხვადასხვა ქვეყნებში გამუდმებულ მოგზაურობას, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დედა-შვილი ხან პეტერბურგში ცხოვრობდა, ხან ხარკოვში, თბილისში, კიევსა და რუსეთის იმპერიის მაშინდელ სხვა ქალაქებში, ხან კი საზღვარგარეთ პარიზში, ბერლინში, მილანში. ალექსი წერეთლის ცხოვრება კარგად არის შესწავლილი და ცნობები მის შესახებ შეტანილია კიდეც ეროვნული ბიბლიოთეკის უცხოეთში მოღვაწე ქართველების ბიოგრაფიულ ცნობარში, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ საინტერესოა ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალები.

 

ალექსი წერეთელმა 1896-1897 წლებში ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, ოდესა, მოსკოვი და წარმატების მწვერვალს პეტერბურგში, 1904-1906 წლების სეზონზე მიაღწია. მის სპექტაკლში მონაწილეობდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის საუკეთესო მომღერლები. ალექსი წერეთელს განსაკუთრებით ხელეწიფებოდა ახალი ტალანტების აღმოჩენა. მან გამოიყვანა დიდ გზაზე რამდენიმე მომავალში ცნობილი საოპერო მომღერალი: ნატალია ერმოლენკო-იუჟინა, მარია კუზნეცოვა, დირიჟორი ემილ კუპირი და მრავალი სხვა.

 

ხარკოველების სამადლობელი მიმართვის ტექსტი ალექსი წერეთელისადმი

 

 

1902 წელს, როცა თბილისის საოპერო თეატრი რემონტის გამო დახურეს, ანტრეპრენიორმა ალექსი წერეთელმა ხარკოვის რუსული საოპერო დასი თბილისში ჩამოიყვანა და ბილეთებსაც ხელმისაწვდომი ფასი დაადო. ალექსიმ ორი სრული სეზონი გაატარა თბილისში და საზოგადოების ყურადღება არ მოჰკლებია. აკაკის შვილის მოღვაწეობის მკვლევარ ნონა თევდორაძის აზრით, - "არ არის გამორიცხული, რომ პიროვნება, რომელმაც მიხეილ ნანობაშვილი, შემდგომში "მიშელ დარიალის" სახელით ცნობილი, პარიზის "გრანდ ოპერის" სოლისტი, პარიზში გაგზავნა სასწავლებლად და თვიურად ოცი თუმანი სტიპენდია დაუნიშნა იყო ალექსი წერეთელი".

 

ცნობილია, რომ თუკი რომელიმე ახალგაზრდას სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, ალექსი წერეთელი მისთვის ენერგიასა და სახსრებს არ იშურებდა. დიდი ამაგი დასდო ალექსი წერეთელმა ვანო სარაჯიშვილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას, ივანე ფალიაშვილს, რომელიც მიიწვია ჯერ პეტერბურგის საოპერო დასში გუნდის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დირიჟორად ვარშავაში, რიგაში, ოდესაში, ყაზანში, თბილისსა და სხვა ქალაქებში...

 

ცხადია, ალექსი წერეთელმა ყველაზე დიდი ამაგი რუსულ საოპერო მუსიკას დასდო. 1902 წლიდან მის საოპერო ორკესტრსა და დასს სახელწოდებით - "ახალი ოპერა" პეტერბურგის სახალხო სახლის სცენა ეკავა. რუსული მუსიკის ისტორიაში ხაზგასმულია, რომ რიმსკი-კორსაკოვის ოპერები "მეფის საცოლე" და "პან ვოევოდა" რუსეთში პირველმა ალექსი წერეთელმა დადგა. 

 

ფიოდორ შალიაპინი, რუსი საოპერო მომღერალი

 

 

1908-1910 წლებში ალექსიმ ამერიკელებს გააცნო ფიოდორ შალიაპინი, რომელთანაც შემოქმედებითი კავშირი არც შემდგომ გაუწყვეტია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი წერეთელი პარიზში გადასახლდა და დააფუძნა "რუსული ოპერა"...

 

...აკაკი მთელი თავისი სიცოცხლე შესტრფოდა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში მოღვაწე შვილის ნიჭს, განათლებას, მიზანსწრაფულობასა და ენერგიას. თანამედროვეთა მოგონებებით, ალექსი ერთობ სიმპათიური მამაკაცი იყო, ზრდილი, კაცთმოყვარე, კარგი გარეგნობისა და კეთილი გულის პატრონი. მამა ძალიან უყვარდა და მართალია, ქართული ნაკლებად იცოდა, მამის თხზულებათა შინაარსი ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული. ერთხელ ალექსის უცდია სხვების დახმარებით მამისთვის წერილის ქართულ ენაზე მიწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: "შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით..."

 

ნატალია ბაზილევსკაია საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ ურთიერთობა მიმოწერის სახით, მუდმივად ჰქონდათ. აკაკი 1905 წლის ზაფხულში და 1909 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში სამკურნალოდ იყო ჩასული საფრანგეთში და ლევან ასათიანის ცნობით, ცოლშვილთან ცხოვრობდა. ალექსი წერეთელს მაშინ საოპერო დასი ჰყავდა პარიზში საგასტროლოდ ჩაყვანილი.

 

ალექსი წერეთელი არ დაქორწინებულა. იგი 1942 წელს გარდაიცვალა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში. მიუხედავად ამისა, ალექსის დაკრძალვას დიდძალი ხალ­ხი დაესწრო. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, თავისი დასის მთელი რეკვიზიტები, პირადი ქონება და ბიბლიოთეკა წერეთელმა "მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს" უანდერძა. საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა მილიონ ნახევრად იყო შეფასებული. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი "არაქმედითად" ცნეს და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა.

 

ალექსი წერეთელი დაკრძალულია პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. გურამ შარაძის ცნობით, სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით, 1971 წლამდე ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ...

 

 

ავტორი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი