logo_geo
„მირონი გადმოედინებოდა სვეტიცხოველიდან...“ - მირონი მცხეთაში V საუკუნიდან ეკურთხება
- +

31 მარტი. 2019. 16:38

 

 

„საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტომი II -ში ვკითხულობთ: ქართული წყაროების მიხედვით, ქართული ეკლესია V საუკუნეშივე აკურთხებდა მირონს. მოღწეულია კიდეც მირონის კურთხევის ტექსტი, რომელიც შევსებულია შემდგომ საუკუნეებში. მასში ჩამატებულია ახალ საუკუნეთა ატრიბუტები, ამიტომაც ახალი დროის დოკუმენტად მიიჩნევა. ასევე ეფრემ მცირე თავის შრომაში წერს, რომ მირონის კურთხევის უფლება ქართულ ეკლესიას მიენიჭა V საუკუნეში. ეფრემ მცირე ასე აღწერს ამ პროცესს: წმიდა ნინოს დროს ევსტათი ანტიოქიელმა, პატრიარქმა დაამყარა ქართული ეკლესია. გადაწყდა, რომ მირონი ქართულ ეკლესიას მიეღო ანტიოქიის საპატრიარქოდან. იმ დროს, IV საუკუნეში მირონს მხოლოდ ანტიოქიის საპატრიარქო ამზადებდა და აკურთხებდა, მირონის შესასყიდად ქართველებს ანტიოქიისათვის უნდა ეძლიათ ათასი კომლის გადასახადი. მცირე ხნის შემდეგ ანტიოქიამ ათასი კომლის გადასახადის ნაცვლად ითხოვა ათასი დრაჰკანი ყოველწლიურად. მალევე ანტიოქიამ ბერძენთა მეფის შუამავლობით, ქართველთა ათასი დრაჰკანი გადასცა იერუსალიმის საპატრიარქოს. ახლა უკვე მირონის შესასყიდი თანხა ქართველებს იერუსალიმისათვის უნდა ეძლიათ. შემდეგ ეფრემ მცირე წერს: "აქა დაგჳშთა საძიებელი მრავალთაჲ თუ ოდეს მიიღეს ქართველთა კურთხევაჲ მიჰრონისაჲ და ამისდა ცნობად ... ვპოე საზოგადოდ ყოველთათჳს, ვითარმედ ქალკიდონისა კრებასა ესმა, რომელ სიძვირისათჳს ფასით ჰყიდეს მიჰრონსა, ამისთჳს ბრძანეს წმიდათა მამათა, რაჲთა არა ხოლო ანტიოქიას, არამედ სხუათაცა ეკლესიათა შინა წმიდა იქმნებოდეს მიჰრონი. ხოლო თჳსაგან ქართველთაჲ საგონებელ არს, ვითარმედ სიშორისათვის გზისა და რომელ ფრიად საშიშ არს უცხო თესლთა შორის ჴმელით ანტიოქიით ქართლს წარღებაჲ წმიდისა მიჰრონისაჲ, ამისთჳს თჳთ ადგილსა დაწესებულ არს მათდა კურთხევაჲ მიჰრონისაჲ".

 

ეფრემ მცირეს აზრით, V საუკუნეში 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ, ყველა ეკლესიას და, მათ შორის ქართულსაც, ნება დაერთო ადგილზე მირონის კურთხევისა. ასეც რომ არ ყოფილიყო, სიშორისა და გზის სიძნელის გამო მირონის ტრანსპორტირება ძალზე ძნელი იყო. ასე რომ, ეფრემის თანახმად, V საუკუნიდანვე მირონი საქართველოშივე ეკურთხება. თავის ნაშრომში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძველთაგანვე დამკვიდრებული იყო ტრადიციული გადმოცემა, რომლის თანახმადაც მირონი გადმოედინებოდა სვეტიცხოველიდან ანუ ცხოველმყოფელი ხის გადანაჭერიდან მცხეთაში. ამიტომაც, როცა არსენ იყალთოელი იმეორებს ეფრემის ცნობას "...სასყიდლად ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა ეკლესიასა ანტიოქიისასა... დრაჰკანი ათასი", იგი, ჩანს, დარწმუნებულია, რომ ქართველები ყიდულობდნენ არა თვით მირონს, არამედ მისი შემზადებისათვის საჭირო სურნელოვან, არომატულ ნივთიერებას; ხოლო თვით მირონის შეზავება-კურთხევა და დამზადება საქართველოშივე ხდებოდა. „ანტიოქური „ხრონოგრაფის“ ძველ სლავურ თარგმანშიც წერია: "წმიდა მირონის არომატის შესაძენად" და არა წმიდა მირონის შესაძენად.

 

მირონის კურთხევის წესი ასეთი ყოფილა:

 

„ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...“.

 

ამავე დოკუმენტში მოხსენებულია მეფე არჩილი და კათალიკოსი მიქაელი. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია. მირონის კურთხევის საერთო სახალხო-სახელმწიფო მნიშვნელობის ცერემონიალში კი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მეთაური - მეფე, ქვეყნის ყველა პროვინციათა მმართველი ერისთავები, კათალიკოს-ეპისკოპოსები. მუშაობდა მთელი სახელმწიფო და საეკლესიო აპარატი, იმართებოდა საგანგებო დარბაზობა, რომელზეც ერისთავები და ეპისკოპოსები სხდებოდნენ მტკიცედ განსაზღვრული წესით და რიგით. ნუთუ ისინი „ნატყუარ“ დოკუმენტს იჭერდნენ ხელში და იმის მიხედვით აკურთხებდნენ მირონს? „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ სრულებით აშკარად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასეთი სახელმწიფოებრივი ცერემონიის დროს საგანგებო წესების დაცვას. ასეთივე სახის დოკუმენტია „კურთხევა მირონისა“.

 

 

***

„მირონის კურთხევის“ აღნიშნული დოკუმენტი ხელთ ჰქონიათ ერეკლე II-სა და ანტონ კათალიკოსს, რის მიხედვითაც განუსაზღვრავთ მათ ნინოწმინდელის პატივი და ადგილი დარბაზობის დროს. ეს დოკუმენტი ერეკლე II-სა და ანტონ I-ს მიაჩნიათ იმ დროს შედგენილად, როცა სამეფო ანუ სატახტო ქალაქი იყო არა თბილისი, არამედ ნისანი და ქუთათისი. ამის გამო, წერენ ისინი, თბილელი ეპისკოპოსის პატივი და ღირსება შედარებით მცირეა და ის დგას ეპისკოპოსთა რიგის ბოლოშიო.

 

„ტფილელი უკუე განჩინებასა მას შინა სამეფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის, ანუ ჯდებოდის კრებასა შინა, ამისთჳს რომელ სამეფო ქალაქი არა იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ნისანი და ქუთათისი“.

 

***

აფხაზეთის საკათალიკოსო დაარსების შემდეგ, 720-იანი წლებიდან, მირონს იღებდა იერუსალიმის საპატრიარქოდან, ხოლო 840-იან წლებში ის მირონს იღებდა უკვე მცხეთიდან - მსოფლიო მართლმადიდებლობის დასტურით.

 

მართლაც, აფხაზეთის საკათალიკოსო 830 წელს ცნო ქართლის (ტაო-კლარჯეთის) სამეფო კარმა და ალბათ ქართლის (მცხეთის) საპატრიარქომაც, მალევე, ამ ცნობის შემდეგ ის მირონს მცხეთიდან იღებს - ე.ი. აფხაზეთის საკათალიკოსოში მირონი არ ეკურთხებოდა, დასავლეთ საქართველოში მირონი მცხეთიდან მიჰქონდათ, ქართული ეკლესიის ერთიანობის ნიშნად.

 

ხოლო რაც შეეხება მცხეთას - აქ მირონი V საუკუნიდანვე ეკურთხებოდა.

 

ისმის ასეთი კითხვა - რატომ მიჰქონდათ აფხაზეთში მირონი იერუსალიმიდან IX საუკუნის 40-იან წლებამდე? როცა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის აბაზგიის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოს და ფოთის სამიტროპოლიტოს გაერთიანების შემდეგ წარმოქმნილმა ეკლესიამ ხატმებრძოლური ერესის გამო გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ახალმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ჩანს, კავშირი დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან.

 

არსებობს მსგავსი მაგალითიც: როცა გოთეთის ეკლესიამ VIII საუკუნის I ნახევარში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში წარმოქმნილი ხატმებრძოლური ერესის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან, გოთეთის მთავარი ეპისკოპოსი იერუსალიმში ჩავიდა კურთხევისათვის და იქ სამი წელი ელოდა კურთხევას (იხ. „ცხოვრება იოანე გუთელისა").

 

იოანე გუთელი ანტიოქიის საპატრიარქოში არ მივიდა იმ მიზეზის გამო, რომ ანტიოქიელი პატრიარქები არაბთა შემოსევების გამო არა ანტიოქიაში, არამედ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ იმ დროს.

 

ასევე, აბაზგიის საარქიეპისკოპოსოსა და ფაზისის სამიტროპოლიტოს გაერთიანებით შექმნილმა ახალმ ეკლესიამ, რომელსაც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსო ეწოდა, VIII საუკუნის I ნახევარში ხატმებრძოლობის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან და დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან.

 

აღსანიშნავია და ყურადსაღებია, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში გოთეთის ეპისკოპოსი არ აკურთხეს და ის ქართლში (იბერიაში, მცხეთაში) ეკურთხა ქართლის კათალიკოსის ხელით. იოანე გოთელის მცხეთაში კურთხევის შესახებ ბერძნული წყაროებიც მიუთითებენ. ასევე სრულებით მსგავსია და ეთანხმება აღნიშნულ ფაქტს ის, რომ აფხაზეთის ეკლესიის მიმართაც ასევე მოქცეულა იერუსალიმის საპატრიარქო.

 

მსგავსად გოთეთის დამოუკიდებელი ეკლესიისა, აფხაზეთის ეკლესიაც იბერიის - ქართლის ეკლესიისათვის დაუქვემდებარებია იერუსალიმის საპატრიარქოს.

 

ჩანს, იერუსალიმსა და ქართულ ეკლესიას შორის იმ დროს კარგი ურთიერთობა არსებობდა. ცნობა იოანე გუთელისა და აფხაზეთის მცხეთაზე დამოკიდებულების შესახებ ერთმანეთის მსგავსია. იერუსალიმის საპატრიარქოს ნებით, აფხაზეთისათვის საჭირო მირონი მცხეთას (ქართლში) ეკურთხება, ასევე იერუსალიმის საპატრიარქოდან მოსული იოანე გუთელიც მცხეთაში ეკურთხება.

 

უნდა დავასკვნათ, რომ მირონი მცხეთაში V საუკუნიდანვე ეკურთხება. ხოლო დაახლოებით 720-830 წლებში დასავლეთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც უფრო ადრე კონსტანტინოპოლზე იყო დამოკიდებული, მირონს იერუსალიმიდან იღებდა, ხოლო ამის შემდეგ მცხეთიდან...

 

 

 

ავტორი: თეა ცაგურიშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი