logo_geo
მერაბ კოსტავა: ვარშავის პაქტის ერები ახლოსაც ვერ მოვლენ NATO-ს ქვეყნებთან
- +

3 თებერვალი. 2017. 12:26


 

„ნაციონალური არმია ერთა უმთავრესი ნიშანსვეტია და ამ თვალსაზრისით ვარშავის პაქტის ერები ახლოსაც ვერ მოვლენ NATO-ს ქვეყნებთან", - ამის შესახებ მერაბ კოსტავა 1988 წელს საუბრობდა.

 

NATO-ს ხალხებისა და არმიების უფლებები აშკარად თანაბარია. ნებისმიერი მათგანისთვის გარანტირებულია სამხედრო და ეკონომიკური კავშირიდან გასვლის თავისუფლება და მათთვის რომელიმე იდეოლოგიის ან ენის გარედან თავსმოხვევას არა აქვს ადგილი. ვარშავის პაქტის ქვეყნებს თუმცა გააჩნიათ ეროვნული არმიები, მაგრამ ყოველი მცდელობა რომელიმე მათგანის კავშირიდან გასვლისა მუდამ სისხლიანი ტრაგედიით გვირგვინდებოდა. რუსის ჩექმა თავსმოხვეული მარქსისტული იდეოლოგიიდან გამოთავისუფლების საშუალებასაც არ აძლევს მათ. სსრკ-ში შემავალ ხალხებს კი არათუ არმია, საკუთარი სამხედრო ნაწილებიც არ მოეძებნება. ზემოაღნიშნულის შედეგად თვალსაჩინო ხდება კარდინალური განსხვავება აშშ-ს და სსრკს-ს შორის.

 

პარტნიორი ქვეყნებისადმი დამოკიდებულებაში პოტენციური უპირატესობის მიუხედავად, აშშ უდავოდ თანასწორუფლებიანი პარტნიორია NATO-ს  დანარჩენი ქვეყნებისა. იგი ცდილობს, თითოეულმა მისმა მოკავშირემ რაც შეიძლება მეტი თანხა გაიღოს საკუთარი ეროვნული არმიის გასაძლიერებლად.

 

შეერთებული შტატები პარტნიორთა სამხედრო პოტენციალის გაზრდით განაძლიერებს და განამტკიცებს ამ ერების სახელმწიფოებრიობას, ხოლო საბჭოთა კავშირმა პირიქით, იმიტომ მოსპო ჯარის უკანასკნელი ეროვნული შენაერთები, რომ ამ ხალხებში საბოლოოდ მოესპო სახელმწიფოებრიობის ნებისმიერი ელემენტები, გადაშენების გზაზე დაეყენებინა სსრკ-ში შემავალი ერები.

 

ამგვარია რუსეთის ნდობა საქართვლოსა და ეგერთ წოდებული რესპუბლიკების მიმართ. აშკარად ვხვდებით, თუ რატომ უგულებელყოფს იგი ერთა სუვერენულობის აუცილებელ ატრიბუტს - ნაციონალურ არმიას. იმპერიის მესვეურებმა უწყიან, რომ საქართველოში ქართული ჯარის ნაწილების ჩამოყალიბება და მათი ქართული ენის ფუნქციონირება დაანახებს ქართველობას, თუ რა ურყევი და ორგანულია კავშირი სამშობლოს ჭეშმარიტ გაგებასა და ეროვნულ არმიას შორის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ კავშირს ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. მხოლოდ ასე თუ ამოიძირკვება ქართველების შეგნებიდან ღირსების შემლახველი აზრი: რომ თითქოს საქარველოს ურუსეთოდ, ანუ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.. თუკი საკუთარი ძალებისადმი რწმენა დამკვიდრდება ქართველთა გულებში. ამგვარი რწმენის დამკვიდრება კი სხვა ყველაფერთან ერთად ეროვნული არმიისთვის ზრუნვით უნდა დაიწყოს. ქართველებმა სამხედრო სამსახური საქართველოში უნდა გაიარონ. ამით და აქედანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი ეროვნული არმიის შექმნას, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის სამომავლო გარანტიას", - აცხადებდა მერაბ კოსტავა.



 

big_banner
არქივი