logo_geo
აბორტის გაკეთების შემთხვევაში ქალებს 10-დან 99 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- +

8 აპრილი. 2019. 01:05

 

ალაბამას შტატში ახალი კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, აბორტის გაკეთების შემთხვევაში 10-დან 99 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს.

 

აბორტის შესახებ გამკაცრებულ კანონს უფლებადამცველებმა „ქალებისთვის სასიკვდილო განაჩენი“ უწოდეს.

 

 

ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა კრიმინალიზებული იქნება გაუპატიურებითა და ინცესტით ჩასახული ნაყოფების შემთხვევაშიც.

 

კანონპროექტი ალაბამას შტატის პოლიტიკოსებმა სამშაბათს წარადგინეს. დოკუმენტის თანახმად, აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ქალის ჯანმრთელობას. დოკუმენტში ნათქვამია: აშშ-ში 1973 წლის შემდეგ 50 მილიონზე მეტი აბორტი გაკეთდა, ეს რაოდენობა კი სამზე მეტჯერ აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის ბანაკებსა და სტალინის მმართველობის პერიოდში თუ რუანდას გენოციდის დროს მოკლეს.“

 

კანონპროექტს 100-ზე მეტი სპონსორი ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლო ამ კანონს მხარს დაუჭერს.

 

ორგანიზაცია Planned Parenthood Southeast (ოჯახის დაგეგმვა) პრეზიდენტი სტასი ფოქსი კი კანონს სასიკვდილო განაჩენს უთანაბრებს და აცხადებს:

 

„ეს აკრძალვები მკაფიოდ არაკონსტიტუციურია და კანონმდებლებმა ეს ძალიან კარგად იციან, თუმცა არ აღელვებთ. ალაბამას შტატი უბრალოდ პაიკია ამ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ლეგალურ აბორტზე წვდომის შეზღუდვას ემსახურება.“

 

მსგავსი კანონპროექტები შეიძლება მიიღონ ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატში. კენტუკისა და მისისიპის შტატებში კი უკვე დამტკიცდა კანონი, რომლის თანახმადაც აბორტის გაკეთება იკრძალება ორსულობის იმ მომენტიდან, როდესაც ნაყოფის გულისცემა ფიქსირდება.

 

 

წყარო: itar.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი